9 მარტს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია თემაზე: “შეუძლია თუ არა საქართველოს დაიცვას თავი? დისკუსია საქართველოს სამხედრო შესაძლებლობებზე მზარდი საფრთხეების ფონზე”.
მიუხედავად ბევრის მოლოდინისა, მათ შორის ა.შ.შ.-ს დაზვერვისა, რომ კიევი დაეცემოდა რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად, წინააღმდეგობა გაუწიეს და შეძლეს დედაქალაქის შენარჩუნება. იმ ქალაქებშიც კი, სადაც რუსულმა შენაერთებმა მოახერხეს შესვლა, ოკუპანტებს სამოქალაქო პირებისა და შეუიარაღებელი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საგრძნობი წინაღობა შეხვდა. მოვლენების ასეთი განვითარება კი მიანიშნებს იმაზე, რომ თუ კრემლი გააგრძელებს თავის სამხედრო კამპანიას, ის იქნება ხანგრძლივი და სისხლიანი.
ამის პარალელურად, როგორც აფხაზეთმა ასევე, ცხინვალის რეგიონმა საკუთარი სამხედრო შენაერთები უმაღლეს მზადყოფნაზე გადაიყვანეს, რამაც თბილისში ზოგიერთებს შორის გააჩინა შეშფოთება, ხომ არ არის ეს უკრაინის სცენარის საქართველოში განმეორების დასაწყისი.
მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს კრემლის ხელახალი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში საქართველოს მზადყოფნისა და შესაძლებლობების საკითხები: არის თუ არა საზოგადოება მზად გაუწიოს უკრაინელების მსგავსი წინააღმდეგობა? რაც მთავარია, არის თუ არა ქართული ჯარი მზად კიდევ ერთი რუსული ინტერვენციისთვის? რა არის ის დასკვნები რაც ოფიციალურმა თბილისმა გამოიტანა 2008 წლის ომის შემდეგ?
ამ დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებლებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და უპასუხეს კითხვებს:
- რა შეიცვალა 2008 წლის ომის შემდეგ? არის თუ არა დღეს საქართველო უფრო მეტად მედეგი?
- რა გაკვეთილები უნდა გამოიტანონ ქართველმა პოლიტიკოსებმა, სამხედროებმა და საზოგადოებამ რუსეთ-უკრაინის ომიდან?
- რა რისკები არსებობს საქართველოსთვის? მზად არის თუ არა დასავლეთი დადგეს საქართველოს გვერდით?
მრგვალი მაგიდის დისკუსიას მოდერატორობა გაუწია შორენა ლორთქიფანიძემ, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელმა.
ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ:
- გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი
- შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტი
- პროფ. დავით დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- პროფ. ჩარლზ ფეირბანკსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მომხსენებლებმა ისაუბრეს ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში საქართველოს არმიაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ესენია: ნატოს მხარდაჭერით გაუმჯობესებული არმიის ხელმძღვანელობის შესაძლებლობები და შემცირებული სამხედრო ხარჯები და ინსტიტუციური გამოწვევები. დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა თავდაცვის საკითხებზე პოლიტიკური პოლარიზაციისა და პარტიული მიკერძოების დაძლევის მნიშვნელობას. ასევე, ერთხმად აღინიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩართულობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.