24/02/2020 magda

ELS-ი თბილისსა და რუსთავშიც გაიხსნა

მომავალ ლიდერთა სკოლა (#ELS2020ამჯერად თბილისსა და რუსთავში გაიხსნა! ინიციატივა #GIP–ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, USAID/Georgia -ის ფინანსური მხარდაჭერითა და CRRC Georgia -თან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

თბილისში, ELS-ის გახსნას დაესწრნენ: USAID-ის დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელი ადამ შმიტი, GIP-ის დირექტორი კორნელი კაკაჩია, GIP-ის გამგეობის წევრი ლევან ნატროშვილი და ტრენერი კონსტანტინე სულამანიძე, რომელმაც გახსნის ცერემონიის დასრულებისთანავე ELS-ის მონაწილეებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. რაც შეეხება რუსთავს, ღონისძიებას აქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ტრენერი დავით აფრასიძე და GIP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რუსთავში პირველი ტრენინგის თემა კი იყო –  სამოქალაქო საზოგადოება: არსი და საჭიროება.

მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) სხვადასხვა გამოცდილების მქონე 18-35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს აერთიანებს თბილისსა და საქართველოს სამი რეგიონიდან – ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა. მათ საშუალება ექნებათ ცნობიერება აიმაღლონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, თავიანთი ხედვები გაუზიარონ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ლიდერებს ღია ტიპის დისკუსიებსა და დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობით.

პირველ ეტაპზე, მომავალ ლიდერთა სკოლა 6 თვეს გაგრძელდება და ისეთ თემებს შეეხება, როგორებიცაა საჯარო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობების გამოწვევები, პოლიტიკური და სოციალური კამპანია, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, აქტივიზმი და სხვა. თბილისისა და რუსთავის გარდა, ELS-ი უკვე გაიხსნა ბათუმსა და ზუგდიდში.

, , , ,