18/02/2020 magda

ზუგდიდსა და ბათუმში მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) გაიხსნა

15 თებერვალს, ზუგდიდსა და ბათუმში მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) გაიხსნა. ინიციატივა GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, USAID/Georgia -ის ფინანსური მხარდაჭერითა და CRRC Georgia-თან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

მომავალ ლიდერთა სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: ზუგდიდში –  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რომელმაც ქვეყნაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი; აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასევე კახაბერ ფარცვანიამ – ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, გია ხასიამ – ასოციაცია “ათინათის” ხელმძღვანელმა და კორნელი კაკაჩიამ – GIP-ის დირექტორმა, რომელმაც ორგანიზაციის საქმიანობა მიმოიხილა და ELS-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რაც შეეხება ბათუმს – ღონისძიებას აქ GIP-ის დირექტორის მოადგილე – რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, აჭარის ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის დირექტორი – დავით მიქელაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ირაკლი სირაძე დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიის დასრულებისთანავე, ELS-ში ტრენინგების სერია დაიწყო. პირველი სატრენინგო სესიის თემები იყო: თვითმმართველობის არსი და ისტორია, დეცენტრალიზაციის სფეროები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ტრენერი – დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი; სამოქალაქო პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი და ეთნო-კულტურული მრავალფეროვნება, ტრენერი – გია ნოდია, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) სხვადასხვა გამოცდილების მქონე 18-35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს აერთიანებს თბილისსა და საქართველოს სამი რეგიონიდან – ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა. მათ საშუალება ექნებათ ცნობიერება აიმაღლონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, თავიანთი ხედვები გაუზიარონ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ლიდერებს ღია ტიპის დისკუსიებსა და დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობით.

პირველ ეტაპზე, მომავალ ლიდერთა სკოლა 6 თვეს გაგრძელდება და ისეთ თემებს შეეხება, როგორებიცაა საჯარო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობების გამოწვევები, პოლიტიკური და სოციალური კამპანია, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, აქტივიზმი და სხვა. ბათუმისა და ზუგდიდის გარდა, მიმდინარე თვეში, ELS-ი რუსთავსა და თბილისშიც გაიხსნება.

, , , ,