27 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით და ბერლინში ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტთან (IEP) თანამშრომლობით, ქართველი და გერმანელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელების მონაწილეობით, გაიმართა დისკუსია – „Quo Vadis, Georgia?” – საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
შეხვედრა ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენდა ქართველი და გერმანელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, პოლიტიკის ექსპერტებისა და ჟურნალისტებისთვის თავიანთი პერსპექტივების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად. დისკუსიაზე მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ამჟამიდნელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიულ პერსპექტივებზე და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გერმანიისა და ევროპის შეხედულებებზე.
დისკუსია ორი პანელური სესიისაგან შედგებოდა, რომელსაც მოდერაციას საქართველოს პოლიტიკის ისნტიტუტის დირექტორი, პროფ. კორნელი კაკაჩია უწევდა.
პირველ პანელზე, სახელწოდებით „დემოკრატიის გაუარესება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, დისკუსია რამდენიმე ძირითადი შეკითხვის გარშემო გაიმართა:
- საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების გათვალისწინებით, რა შეიძლება ითქვას საქართველოში დემოკრატიაზე? რა არის მთავარი გამოწვევები ამ მიმართულებით?
- რა გრძელვადიენი შედეგები შეიძლება ჰქონდეს დემოკრატიის უკუსვლის საქართველოში?
- დემოკრატიის უკუსვლისა და შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესის გათვალისწინებით, რა ფორმით შეუძლიათ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოსთან ეფექტური თანამშრომლობა?
დისკუსიის პირველ პანელზე წარმოდგენილი იყვნენ ექსპერტები – სანდრო ბარამიძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო), ნატა ქორიძე (Civil.ge), ვერონიკა ფაილშიფტერი (იენის უნივერისტეტი), ფრანცისკა სმოლნიკი (გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი).
მეორე პანელში, სახელწოდებით „საქართველო საერთაშორისო ცვლილებების კონტექსტში“, მონაწილეობდნენ პროფესორი ეკა აკობია (კავკასიის უნივერსიტეტი), პროფესორი ფიქრია ასანიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ფლორენს ერტელი (პასაუს უნივერსიტეტი) და ჯულიან პლოტკა (ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი). დისკუსია მიმდინარეობდა შემდეგ შეკითხვების გარშემო:
- რა რისკების წინაშე დგას საქართველო გრძელვადიან პერსპექტივაში იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიის უკუსვლა შეუქცევადი გახდება?
- როგორ იმოქმედებს საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კურსი რეგიონის გეოპოლიტიკურ დინამიკაზე?
- რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროპასა და დასავლეთში პოპულისტურ და ნაციონალისტურ მოძრაობებს საქართველოს დემოკრატიზაციაზე?
ღონისძიება ორგანიზებულია ბერლინში Institut für Europäische Politik (IEP)-თან თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის GEO4EU“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთისათვის, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით.