მამაცი უკრაინელების რუსეთის აგრესიასთან ყოველდღიურად გადახდილი მძიმე ფასის შედეგად ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს გაეხსნათ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა. ამ შესაძლებლობამ გააჩინა შანსი, რომ ამ ქვეყნებმა თავი დააღწიონ ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებულ ბუნდოვანებას და წინ წაიწიონ ევროინტეგრაციის გზაზე. სამწუხაროდ, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, საქართველომ, ამ ეტაპზე, ვერ შეძლო ამ შესაძლებლობის ფანჯრის სრულად გამოყენება. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპულმა საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაციები და კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს მის მისაღებად დამატებითი პირობები წაუყენა. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მწვანე შუქი აუნთო მის მომავალ წევრობას. მიუხედავად ამისა, ევროპული საბჭოს ეს გადაწყვეტილება საქართველოში პროევროპული საზოგადოების მიერ აღქმულ იქნა, როგორც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ამ განცდის საფუძველია ის, რომ საქართველო ყოველთვის მიიჩნეოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ლიდერად, თუმცა ახლა ის ერთი ნაბიჯით ჩამორჩება ასოცირებული ტრიოს დანარჩენ წევრებს. საქართველოს ქმედებები, მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე, დიდწილად განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებას, რათა კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ ნარკვევში შემოთავაზებულია ოთხი შესაძლო სცენარი, თუ როგორ შეიძლება ამ გადამწყვეტ მომენტში განვითარდეს სიტუაცია საქართველოში. ის განიხილავს ამ სცენარების შესაძლო გავლენას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე და იძლევა რეკომენდაციებს, როგორ დაჩქარდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაეწიოს ასოცირებული ტრიოს დანარჩენ წევრებს.
პირველი სცენარი – პოლიტიკური ჩიხი გრძელდება – საქართველო უარესისკენ მიდის
ყველაზე ნაკლებად სასურველ სცენარში ვერც საერთაშორისო და ვერც შიდა ზეწოლა ვერ უბიძგებს მმართველ პარტიას ძირეული რეფორმებისკენ. ასეთ სცენარში, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რჩება თავდაცვით პოზიციაში და არ ავლენს კეთილ ნებას საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე კომპრომისისთვის. ამან შედეგად, შეიძლება, მოიტანოს პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება და მოვლენების რადიკალიზაცია, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული ნაბიჯები. უფრო კონკრეტულად, თუ მმართველი პარტია არ იმუშავებს ახლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოხდეს ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვა, დიდი ალბათობით, დროთა განმავლობაში, საგრძნობლად გაიზრდება საპროტესტო მუხტი და წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდან. ამას კი შედეგად შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და კიდევ უფრო ავტორიტარული მთავრობა. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მმართველი პარტია არადემოკრატიული მეთოდებით პროტესტის ჩახშობის და ოპოზიციის დევნის შედეგად შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას მოკლევადიან პერიოდში.
თუმცა, შედეგად, ქვეყანა მიდის მისი დასავლელი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან იზოლაციისკენ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი რუსეთთან დაახლოება. საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, მმართველი კლასი შეიძლება, აღმოჩნდეს ალტერნატიული გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის ძიების პროცესში. შედეგად, საქართველო კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი გახდება რეგიონული არალიბერალური ძალების მიმართ, რაც ბოლო ათწლეულების დემოკრატიზაციის გზაზე განცდილი პროგრესის უკუსვლის გათვალისწინებით, საბოოლოოდ დაასამარებს ამ მონაპოვარს. თუ ეს ასე მოხდა, რეგიონში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საქართველო, შესაძლოა, აღმოჩნდეს ახალი რკინის ფარდის მეორე მხარეს და მომავალ ათწლეულებში იქცეს პოსტსაბჭოთა სივრცის მორიგ არშემდგარ სახელმწიფოდ.
მეორე სცენარი – „ქართული ოცნება“ ზედამხედველობს რეფორმებს
ამ სცენარში საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი შემადგენლობა დაჰყვება ქართული საზოგადოების წნეხს და პრიორიტეტს მიანიჭებს ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურ განხორციელებას. საქართველოს პრემიერმინისტრმა რეკომენდაციებზე კომენტარისას განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამის რეფორმებზე მუშაობა. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე წარმოადგინა სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს. ასეთი მზაობა და ენთუზიაზმი, გარკვეულწილად, არის პასუხი ქართული საზოგადოებისგან მომდინარე ზეწოლაზე. NDI-ის ერთ-ერთი ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 82% მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას (გრაფიკი 1)
გრაფიკი 1. NDI: საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში, მარტი 2022. ხელმისაწვდომია https://caucasusbarometer.org/en/nm2022ge/JOINEU/
თეორიულად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ მაღალმა მხარდაჭერამ, მასობრივ პროტესტებთან ერთად, შეიძლება ზეწოლა მოახდინოს მმართველ პარტიაზე, რომ შეამციროს რადიკალური რიტორიკა და არალიბერალური ნაბიჯები. თუმცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების ანულირება, მიუხედავად დასავლეთის კრიტიკისა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება, მეტყველებს იმაზე, რომ ეს სცენარი შედარებით არარეალისტურია. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას არ აქვს არც პოლიტიკური ნება და არც შესაძლებლობები, რომ განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომლებიც ქვეყანას საბოლოოდ მიიყვანს უფრო მეტად დემოკრატიულ გარემოსთან, რაც მოიცავს პოლიტიკურ ოპოზიციასთან ძალაუფლების გაზიარებაზე შეთანხმებებს. ასევე გამოწვევაა ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ ენდობა მმართველ პარტიას.
ამ სცენარს ნაკლებ სავარაუდოდ აქცევს ასევე ისიც რომ საქართველოს მმართველ ძალას და ევროკომისიას შორის არ არსებობს საერთო აზრი იმაზე თუ რა იგულისხმება ამ თორმეტი რეკომენდაციის ზოგიერთ მუხლში და ის რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ოპოზიციისგან თუ სამოქალაქო საზოგადოებისგან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობის განსხვავებული აღქმა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობა კიდევ უფრო მოტივირებულია ამ რეფორმებზე სამუშაოდ, მან ასევე ამ რეკომენდაციებს უსამართლო უწოდა, რამაც ეჭვები გააჩინა თუ რამდენად მზად არის ხელისუფლება მათ გასათვალისიწინებლად.
მესამე სცენარი – ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა
მესამე შესაძლო სცენარში მთავრობა ვერ მოახერხებს მომდევნო რამდენიმე კვირების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, რაც გამოიწვევს პროტესტისა და საზოგადოებრივი წნეხის კიდევ უფრო გაზრდას. სამოქალაქო მანიფესტაციების ორგანიზატორებმა უკვე გამოაცხადეს, რომ მოითხოვენ პრემიერმინისტრის გადადგომას და ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელმაც ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულების პროცესს.
ამ სცენარში, თანმიმდევრულმა და ფართომასშტაბიანმა პროტესტებმა შეიძლება მთავრობა აიძულოს, რომ გადადგეს. ამას მოჰყვება დროებითი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება, რომელიც, იდეის ავტორების მიხედვით, დროებით გააერთიანებს პოლიტიკის პროფესიონალებს, ტექნოკრატებსა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს. ამ დროებითი ტექნოკრატიული მთავრობის ფოკუსი უნდა იყოს, საერთაშორისო და შიდა მხარდაჭერით, ისეთი რეფორმების გატარება, რაც დაახლოებს საქართველოს კანდიდატის სტატუსთან. არ არის გამორიცხული ისიც, რომ დროებითი მთავრობის შექმნა გულისხმობდეს ქვეყნის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას.[1]
ამ სცენარის ალბათობა, დიდწილად, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების მზაობაზე, გვერდზე გადადონ საკუთარი ვიწროპარტიული ამბიციები და ქართულ საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან ითანამშრომლონ. ამ სცენარში, დროებითი მთავრობის წევრების არჩევა, როგორც ეს საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს წარმოუდგენიათ, მოხდება სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის კონსენსუსის საფუძველზე. სწორედ ამ მიმართულებით იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორების, პარლამენტში მმართველი პარტიის, პრეზიდენტისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა. ამ სცენარით, გარდამავალ პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა აუცილებელია, რათა პროცესი შეუფერხებლად და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში წარიმართოს.
მეოთხე სცენარი – სტრატეგია 2024 წელს არჩეული შემდეგი ხელისუფლებისთვის
მეოთხე შესაძლო სცენარი ეფუძნება იმას, თუ რამდენად მიღწევადია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება კონკრეტულ დროის მონაკვეთში, იქნება ეს თვეები თუ წლები. პრობლემები, რომლებიც ევროკომისიის მიერ იქნა იდენტიფიცირებული, მოიცავს ბევრად უფრო ღრმა სტრუქტურულ საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, ოფიციალურმა თბილისმა ვერ შეძლოს მომდევნო ექვს თვეში მათი განხორციელება, ხოლო ევროპული კომისიის რეკომენდაციები, შეიძლება, იქცეს სამოქმედო სტრატეგიად იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც 2024 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება.
მანამდე კი, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ დაეხმარონ საქართველოს სამართლიანი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებაში, რომლის შედეგებსაც, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ის, ყველა აღიარებს. საქართველოს დასავლელი პარტნიორები, ასევე, მოწადინებულნი არიან ქვეყანაში ფუნდამენტური რეფორმები გატარდეს, ვინაიდან თუ ყველაფერი დარჩა ისე, როგორც არის (ერთპარტიული სისტემა, 5% ბარიერი, არაფორმალური მმართველობა და პოლარიზებული პარტიები და მედიაგარემო), დიდი ალბათობით, საქართველოში შენარჩუნდება არასტაბილური და უთანასწორო პოლიტიკური სივრცე. ამ სცენარში, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებამ შეიძლება ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისეთ კოალიციურ მთავრობამდე მიიყვანოს, რომელშიც პოლიტიკური ძალაუფლება უფრო თანაბრად იქნება გადანაწილებული.
ეს სცენარი ნაკლებად ოპტიმისტურია იმ თვალსაზრისით, რომ საეჭვოა, რამდენად შეძლებს ამჟამინდელი ხელისუფლება დეკემბრის ბოლოსთვის რეფორმების გატარებას. ეს სცენარი უფრო მოიაზრებს ქვეყნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, რათა იმ პერიოდისთვის პოლიტიკური სივრცე იყოს ნაკლებად პოლარიზებული და უფრო მეტად თანამშრომლობაზე დაფუძნებული. ამჟამინდელი მთავრობა, ასევე, რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთოს ნდობაზე (good-faith) დაფუძნებულ დიალოგში სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ბიზნესს წრეებთან.
დასკვნა
საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია კვლავ არასტაბილური და რთულად ამოსაცნობია. ქართული საზოგადოება, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა მზად უნდა იყოს მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის ან კიდევ უფრო გახანგრძლივებული პოლიტიკური კრიზისისთვის თუ ჩიხისთვის. ემოთ განხილული ოთხი სცენარიდან, სიტუაცია, შესაძლზოა, ნებისმიერი მიმართულებით წარიმართოს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, აუცილებელია, ქვეყანა დარჩეს ევროპული ინტეგრაციის მიმართ ერთგული და ფართო საზოგადოება ჩართული იყოს ამ პროცესში. კანდიდატის სტატუსის ვერმიღება იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, თუმცა ყველაფერი დაკარგული არ არის. დეპოლარიზაცია და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკა გადამწყვეტი იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების წარმატებით იმპლემენტაციისთვის.
მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება: ეროვნული თანხმობის ტექნოკრატიული მთავრობა ჩამოყალიბდება, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება თუ ახლანდელი მმართველი პარტია დარჩება ხელისუფლებაში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უარი თქვას რადიკალურ და მაქსიმალისტურ დისკურსზე და ნაბიჯი გადადგას კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკისკენ. ეს შეიძლება გულისხმობდეს სპეციალური სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელშიც შევლენ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის, ბიზნესის, მედიისა და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ რეფორმების გატარების პროცესს. ამ ეტაპზე კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია შიდა წნეხის გაზრდა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, რიგითი ამომრჩევლების მხრიდან მმართველ პარტიაზე, რათა ქვეყანამ არ გადაუხვიოს დემოკრატიზაციის გზიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ამ პროცესში. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე სამოქალაქო სექტორმა უკვე წარმოადგინა საკუთარი შეთავაზება ამ მიმართულებით. თუმცა, პოლიტიკური პოლარიზაციის არსებული დონისა და ანტაგონისტური დისკურსის, ასევე პოლიტიკურ აქტორებს შორის უნდობლობისა და საერთაშორისო პარტნიორების ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესისადმი შემცირებული დაინტერესების გათვალისწინებით, ბუნდოვანია, რამდენად შეძლებს ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისის შიდა რესურსებით მოგვარებას.
დასკვნისთვის, საქართველო კიდევ ერთხელ დგას გზაგასაყარზე. მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისა და დაუსრულებელი არასტაბილურობისკენ, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს წაადგება. სწორედ კრემლის ინტერესებშია საქართველოს გააუცხოების პროცესის დაწყება დასავლური სამყაროსთან. არსებული კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ქვეყანამ იმოქმედოს სწრაფად, რომ დააჩქაროს პოლიტიკური რეფორმები რათა მოახერხოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უწყვეტობის შენარჩუნება.