საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი #GEOYOUTH2021 – ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ფორმირებასა და მხარდაჭერას. ასევე, მათი საჭიროებების გამოკვეთასა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას.
პროექტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, 15 აპრილს, გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მათ პროექტის კოორდინატორებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტისა და მასში მონაწილეობის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრა გახსნეს GIP-ის დირექტორმა დოქტ. კორნელი კაკაჩიამ, პროექტის გუნდის წევრმა ფრაუკე ზიბასმა POLIS180-დან და საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი საქართველოში მცხოვრები (18-35 წლის) ახალგაზრდებისთვისაა, რომლებსაც საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებში ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობა, პროექტის მართვა, ბიუჯეტის შედგენა და სხვა.
პროექტის დასასრულს (2021 წლის შემოდგომაზე), გრანტის მიმღები ჯგუფების თითო წარმომადგენელი გაემგზავრება სასწავლო ვიზიტით გერმანიაში (ბერლინში), სადაც ისინი შეხვდებიან პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ესტუმრებიან სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს.
[შენიშვნა: გერმანიაში ვიზიტი დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე].
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს #GEOYOUTH2020 – „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ პროექტის გაგრძელებას, რომელიც განხორციელდა 2020 წელს და თავი მოუყარა 150-ზე მეტ ახალგაზრდას საქართველოს 8 რეგიონიდან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს. მონაწილეებმა რეგიონული სამიტის ფარგლებში, იმსჯელეს ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ და წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული თითოეული პრობლემის გადაჭრის გზები. შემუშავებული მანიფესტი (https://bit.ly/2QhfDHm) უცვლელად ასახავს ახალგაზრდების მსჯელობის შედეგებს და პრობლემათა მოგვარების მათეულ ხედვას.
საინფორმაციო შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის ნახვა >>