Authors

21/03/2018 ელენე ფანჩულიძე

GIP კომენტარი: დიდი ბრიტანეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე

Author

მარიამ გრიგალაშვილი

მარიამ გრიგალაშვილი
ელენე ფანჩულიძე

4 მარტს, რუსი,  ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს. შემთხვევა ქალაქ სოლსბერიში მოხდა. მოსაწამლად გამოყენებული საშუალება “новичок”-ი იმდენად დამანგრეველი ზეგავლენისაა, რომ იგი საშიშია, არა მხოლოდ მოწამლვის ობიექტისთვის, არამედ გარშემო მყოფთათვისაც, ამის დასტურია იმ პოლიციელის კრიტიკული მდგომარეობა, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია უგონო მდგომარეობაში მყოფ მამა-შვილს. გამოძიების დაწყებისთანავე, არსებობდა ეჭვი, ყოფილი დაზვერვის ოფიცრის მკვლელობის მცდელობაში, რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. ამ ვარაუდს ამყარებდა რუსეთის მიერ 2005 წლიდან დღემდე ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშების საეჭვო ვითარებაში დაღუპვის 14 ფაქტი. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 2006 წელს მოხდა ლონდონში, როდესაც რუსეთის ყოფილი დაზვერვის აგენტი ალექსანდრე ლიტვინენკო მოკლულ იქნა რადიოაქტიური საწამლავის გამოყენებით. 

კარიკატურის ავტორი: სერგეი ელკინ

სკრიპალის შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლონდონში. დიდმა ბრიტანეთმა, არა მხოლოდ რიტორიკის გამკაცრებით გამოხატა თავისი დამოკიდებულება რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ, არამედ ბოლო წლებში უპრეცენდენტო დიპლომატიური გაძევება მოითხოვა. მიუხედავად იმ მოვლენებისა, რაც დღეს რუსეთ-დიდ ბრიტანეთს შორის ხდება, ზოგი ანალიტიკოსი ბრიტანეთის მხრიდან მსგავს რეაქციას შემაშფოთებელად არ აფასებს და თვლის, რომ ყოფილი ჯაშუშების მკვლელობა არ გასცდება უკვე გატარებულ ზომებს და რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ადრე თუ გვიან აღადგენენ თავიანთ მუშაობას ლონდონში. შესაძლოა, აღნიშნული ვარაუდი, სიმართლესთან ახლოს იდგეს თუმცა, რუსეთის მიერ წინა წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოხმაურებას მსგავსი მასშტაბები აქამდე არ ჰქონია, რაც უდავოდ მიანიშნებს განსხვავებულ მოცემულობაზე.  საინტერესოა, უფრო ფართო ასპექტში განისაზღვროს დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის მისამართით გადადგმული ნაბიჯები და ყურადღება გამახვილდეს მათი შესაძლო გავლენაზე საქართველოზე.

ბრიტანეთის პასუხი რუსეთს

14 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დააანონსა, რომ მოწამვლის ფაქტის საპასუხოდ ქვეყანას 23 რუსი დიპლომატი დატოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. სიტვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ასევე, ისაუბრა ამ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც დიდი ბრიტანეთი დიპლომატების გაძევებასთან ერთად განახორციელებს. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა დამატებითი ძალისსხმევის მნიშვნელობა, ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის სადაზვერვო ქსელის შესასუსტებლად. განცხადებამდე, ტერეზა მეიმ შეხვედრა გამართა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან, რამაც ცხადყო, რომ არ არსებობდა ალტერნატიული დასკვნა რუსეთის ბრალეულობის გარდა.

დიდი ბრიტანეთის საპასუხო ქმედებები:

  • 23 დიპლომატის გაძევება ქვეყნიდან
  • კერძო ფრენების, საბაჟო და სატვირთო გადაზიდვებზე კონტროლის ზრდა
  • რუსეთის სახელმწიფო აქტივების გაყინვა, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ის საფრთხეს უქმნის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების სიცოცხლის ან ქონების უფლებას
  • ყველა დაგეგმილი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების გადადება დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის
  • მინისტრებისა და სამეფო ოჯახის წევრების ბოიკოტი მსოფლიო თასის ჩემპიონატს რუსეთში
  • ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა, იმისათვის, რომ გაიზარდოს ბრიტანეტის თავდაცვისუნარიანობა მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ქმედებების წინააღმდეგ.

სერგეი ლავროვმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის ბრალდებებს “სიგიჟე” უწოდა და ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობა უარყო. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობის მიდგომა ამ საკითხისადმი არის საფუძველს მოკლებული და შესაძლოა, ბრექსიტთან დაკავშირებული პრობლემებით იყოს განპირობებული.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შემდეგ, რუსეთის მიერ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა ქმედებებმა ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის გავლენის სფერო მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გასცდა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოთა სივრცეს. 15 მარტს, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელმაც დაგმო, რუსეთის მიერ მომწამლავი ქიმიური ნივთიერების გამოყენება ევროპის კონტინენტზე, რასაც პრეცედენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. განცხადებით, მსოფლიო ლიდერებმა გამოხატეს, არა მხოლოდ ფორმალური თანადგომა ბრიტანეთის ხელისუფლებისადმი, არამედ ერთიანობა რუსეთის მიმართ განხორციელებული პოლიტიკისადმი. საგულისხმოა, გამოვყოთ პროცესის გავლენა თვითონ აღნიშნული ქვეყნების შიგნით და შემდეგ საკუთვრივ საქართველოზე.  

(ა) დიპლომატიური სკანდალის გავლენა რუსეთზე

საერთაშორისო დონეზე, რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიული ქმედებები ხშირად მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ, რაც მმართველი ძალის რეიტინგის ზრდაში გამოიხატება.  ამის მაგალითია ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინის რეიტინგის სწრაფი გაუმჯობესება. სკრიპალის შემთხვევას და დასავლეთისთვის რუსეთის ძალის დემონსტრაციას 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მოუხდენია უარყოფითი გავლენა პირიქით, დადებითადაც კი აისახა პუტინის რეიტინგზე.

(ბ) მეის რეაქციის შესაძლო გავლენა მის რეიტინგზე 

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, რუსეთის მიერ სხვადასხვა დროს ბრიტანეთის მოქალაქეების (ეთნიკურად რუსი ორმაგი აგენტების) მკვლელობის ფაქტებს არ ჰქონია იმ დონის გამოხმაურება, რაც სკრიპალის მოწამლვის ფაქტს მოჰყვა. ტერეზა მეის  უპრეცენდენტოდ მკაცრი განცხადებები და ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ერთი მხრივ ბრიტანეთი აღარ აპირებს რუსეთის აგრესიის მოთმენას, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთისადმი მკაცრი რიტორიკით პრემიერ მინისტრი ცდილობს შიდაპარტიული რეიტინგი გაზარდოს.

რას ნიშნავს ეს შემთხვევა საქართველოსთვის (?)

ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში, რომელიც რუსეთის აგრესიული ქმედებებს ასახავდა, ყურადღება გამახვილებულია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე- „სრული უპატივცემულობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ და აღნიშნა, რომ დასავლეთი 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთთან მიმართებით აღარ იყენებს ტერმინს „აგრესორი“, რადგან საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ აგრესია საქართველოს ხელისუფლების იმჟამინდელი ლიდერისგან, სააკაშვილისგან მომდინარეობდა.  იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ არ მოხდეს საქართველოს საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ძალისხმევა საერთაშორისო დონეზე და ხაზგასმა, რომ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული უპატივცემულობით.

ამასთანავე, საგულისხმოა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის აღნიშვნა. ბრიტანეთში მიმდინარე პროცესი საქართველოსთვის დამაფიქრებელია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რაოდენ დაუცველი შეიძლება იყოს საქართველო რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ. მაშინ როდესაც, რუსული სპეცსამსახურების მუშაობა პრობლემას უქმნის, ისეთ სახელმწიფოს როგორიც დიდი ბრიტანეთია (და არა მხოლოდ მას), გარანტიები საქართველოსთვის სრულებით არ არსებობს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რუსული სპეც.სამსახურების მუშაობაზე აქცენტი საერთოდ არ კეთდება, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რუსეთმა საქართველო მიივიწყა, პირიქით, პოსტსაბჭოთა სივრცე კრემლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და საქართველოში რუსეთის აგენტურასთან ბრძოლა არა საკითხის უგულებელყოფით, არამედ აქტიური თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს მსგავსი პრობლემის მქონე პარტნიორ ქვეყნებთან.


*მარიამ გრიგალაშვილი და ელენე ფანჩულიძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსები

, , , , , , , ,