24 სექტემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა და ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრმა (CEPS) უმასპინძლა REUNIR- ის ვებინარს „გადამწყვეტი არჩევნები: საქართველოს ბრძოლა დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.“
რაც უფრო უახლოვდება საქართველო 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, დაძაბულობა უფრო მეტად იზრდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. არჩევნები განიხილება, როგორც გადამწყვეტი მომენტი, რომელსაც თან სდევს მნიშვნელოვანი შედეგები ქვეყნის სამომავლო ტრაექტორიაზე. არჩევნების შედეგები დაგვანახებს ერის შემდგომ გზას: წინსვლას ევროინტეგრაციისკენ, ან უკან დახევას რუსეთის ბატონობისკენ, რაც მოახდენს გრძელვადიან გავლენას ქვეყნის მომავალზე.
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო დაძაბულობა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოცდას დემოკრატიისთვის ევროკავშირის სამეზობლოში. როგორც ევროპული ღირებულებების დაცვის, ასევე გარე ზეწოლის პირობებში ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
პანელზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა CEPS-ის უფროსი მკვლევარი სტივენ ბლოკმანსი, წარმოდგენილნი იყვნენ ექსპერტები, რომლებიც დიდი ხანია აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს: დოქტორი დავით აფრასიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), დოქტორი ლორ დელკური (სორბონ ნუველი), დოქტორი ლიცინია სიმაო (კოიმბრას უნივერსიტეტი) და რიჩარდ იანგსი (კარნეგი ევროპა).
შეხვედრის ფარგლებში პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:
- რას ნიშნავს მზარდი პოლარიზაცია და ქართული ოცნების მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მცდელობები საქართველოს სტაბილურობისთვის?
- რა პოსტსაარჩევნო სცენარები შეიძლება იყოს მოსალოდნელი და როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ურთიერთობებზე ევროკავშირთან?
- როგორ ემთხვევა საქართველოს „მრავალვექტორული“ საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის CFSP-ს? რა რისკებს შეიცავს ქვეყნის კურსი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისთვის?
ღონისძიება REUNIR პროექტის ფარგლებში განხორციელდა. REUNIR პროექტმა მიიღო დაფინანსება ევროკავშირის ჰორიზონტ ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამიდან საგრანტო ხელშეკრულების № 101132446 ფარგლებში.