საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოხარულია გაცნობოთ, რომ ჰორიზონტ ევროპის პროგრამის ფარგლებში პროექტი REUNIR დაიწყო. REUNIR არის ინიციატივა, რომელიც ევროპის მასშტაბით 12 პარტნიორ ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის უკრაინიდან, მოლდოვადან, საქართველოდან და სერბეთიდან. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, GIP, როგორც მე-9 სამუშაო პაკეტის ხელმძღვანელი, ხელს შეუწყობს REUNIR-ის ფარგლებში განხორციელებულ კვლევას, მის გავრცელებასა და ადვოკატირებას.
უკრაინაში რუსეთის გახანგრძლივებული ომისა და გლობალური უსაფრთხოების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე, პროექტი REUNIR მიზნად ისახავს იკვლიოს, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს გააძლიეროს თავისი საგარეო და უსაფრთხოების ინსტრუმენტები მისი წევრობის კანდიდატი ქვეყნების მედეგობისა და ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად. პრიორიტეტების ცვალებადობის, თავდაცვის ხარჯების განსხვავებებისა და საგარეო ჩარევის მუდამ არსებული საფრთხის ფონზე. Აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს შორსმჭვრეტელი მიდგომის შემუშავებას, განიხილავს ალტერნატიულ მომავალს და აფასებს საფრთხეებს სამხედრო, სოციალურ-ეკონომიკური და დემოკრატიული მედეგობისთვის.
22-23 თებერვალს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს REUNIR-ის გახსნით ღონისძიებაში, რომელსაც ევროპის პოლიტიკის კვლევების ცენტრი (CEPS) მასპინძლობდა, ქალაქ ბრიუსელში. შეხვედრაზე პარტნიორებმა განიხილეს პროექტის გეგმა, პროგნოზირების მეთოდოლოგია და კონცეპტუალური ჩარჩო. პროექტის საინაუგურაციო ღონისძიებაზე GIP-ის წარმომადგენლებმა REUNIR-ის კონსორციუმის წევრებს წარუდგინა პროექტის ოფიციალური ვებგვერდი www.reunir-horizon.eu, სოციალური მედიის არხებთან ერთად.
პროექტის პარტნიორებს შორის გამართულ სამუშაო დისკუსიას მოჰყვა ავსტრალიის ყოფილი პრემიერისა და ამჟამინდელი ელჩის აშშ-ში, კევინ რადის ონლაინ ლექცია. კევინ რადი ავტორია წიგნისა “აცილებადი ომი: კატასტროფული კონფლიქტის საფრთხე აშშ-სა და სი ძინპინის ჩინეთს შორის”. დისკუსიამ წარმოადგინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ გამოწვევებსა და მის გავლენაზე მთელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე.
პროექტის გახსნითი ღონისძიებების მეორე დღე REUNIR-ის პირველი საჯარო ღონისძიებით დაიწყო. კონფერენციაში სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოების კურსის შენარჩუნება არასტაბილურ სამეზობლოში“ მონაწილეობა მიიღეს გამორჩეულმა მომხსენებლებმა: დოქტ. მაიკლ ა. რუპი, „ასოცირებისა და გაფართოების პროცესების კოორდინაციის“ გუნდის ლიდერი, DG NEAR, ევროკომისია; ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; ნიკოლა დიმიტროვი, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი; კრისტოფ ჰილიონი, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი; ზოლტან მარტინუში, დირექტორი, RELEX.3 – აღმოსავლეთ ევროპა და აზია, ევროკავშირის საბჭო. დისკუსიას ხელმძღვანელობდა სტივენ ბლოკმანსი, CEPS-ისა და ICDS-ის უფროსი თანამშრომელი, ასევე REUNIR Horizon Europe პროექტის კოორდინატორი. დისკუსიის განმავლობაში იდენტიფიცირდა ხარვეზები, შეაფასდა კანდიდატ ქვეყნებში არსებული აღქმა ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ და განხილულ იქნა ევროკავშირის შიგნით არსებული პოლიტიკური პერსპექტივები სამეზობლო ურთიერთობების შესახებ.
პროექტი REUNIR შესაძლო პოლიტიკური მოვლენების სცენარების დასახვით, 2035 წლამდე შემოგვთავაზებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკის რეკომენდაციებს, ნეგატიური საგარეო ჩარევის შესამცირებლად და ევროკავშირის საგარეო ქმედებების გასაძლიერებლად.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ: https://reunir-horizon.eu/