19-20 ნოემბერს ვილნიუსმა ავტორიტატიზმისგან თავდაცვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმმა შეკრიბა წამყვანი პოლიტიკოსები, ინტელექტუალები და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა აქტივისტები. მათი მიზანი მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა იყო. ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები და მიღებული დოკუმენტები ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო დემოკრატიის სამიტისთვის, რომელიც 2021 წლის 9-10 დეკემბერს გაიმართება.
დღეს მსოფლიოში დემოკრატია არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და დროთა განმავლობაში პრობლემები კიდევ უფრო რთულდება. ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნული საკითხები განიხილეს და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს რადიკალური პოლიტიკური ძალების გააქტიურების კუთხით დგას. პოლიტიკური რადიკალიზმის გაძლიერება ხომ ეჭვქვეშ აყენებს ლიბერალურ დემოკრატიას.
ღონისძიების სამუშაო ნაწილი გვიან ღამით, დამსწრეებისთვის გამართული მისასალმებელი ვახშმის შემდეგ დაიწყო. დისკუსიების შემდეგ ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა და მონაწილეებს სიტყვით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მიმართა. რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეა.
ფორუმი შედგებოდა სამი პანელისაგან: პირველი პანელი – „დემოკრატიული სივრცის განმტკიცება“ კონცენტრირებული იყო დემოკრატიის წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე; მეორე პანელი სათაურით “ავტორიტარიზმის გამაგრება“ ეხებოდა ავტორიტარიზმსა და მის ფესვებს; ხოლო, მესამე პანელი „გზა დემოკრატიული აღორძინებისკენ“ ფოკუსირებული იყო დემოკრატიაზე, თუ როგორ გავხადოთ ის კვლავ მიმზიდველი და რა რეალური გზები არსებობს მსოფლიოში უფრო პოზიტიური გავლენის მოსაპოვებლად.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, დოქტორმა კორნელი კაკაჩიამ. მან გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე ფორუმის მაღალი დონის მომხსენებლებსა და დამსწრეებთან ერთად იმსჯელა.
სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.futureofdemocracyforum.com/