24 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) რიგით მე-8 დემოკრატიის კონფერენცია ჩაატარა. GEODEM 2023 ქალ პოლიტიკოსებსა და ქალ ამომრჩევლებს მიეძღვნად, სახელწოდებით “ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები.”
ტრადიციულად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა კონფერენციის მთავარ თემად ქართული დემოკრატიისთვის ერთერთი ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი შეარჩია. #GEODEM2023 მოიცავდა სამ თემატურ პანელს:
- I პანელი: ქალი ამომრჩეველი საქართველოში და მათი საჭიროებები პარტიების დღის წესრიგში
- II პანელი: ქალი პოლიტიკოსები და შიდაპარტიული დემოკრატია
- III პანელი: ქალი ამომრჩევლის პოლიტიკური ჩართულობა და წახალისების გზები
კონფერენციის ფარგლებში აუდიტორიამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე და ამომრჩეველი ქალებისთვის აქტუალურ საკითხებზე, მოუსმინა გამოცდილ მომხსენებლებს და გაეცნო შესაბამისი კვლევის შედეგებს. საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით, GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსებმა ერთობლივად იმუშავეს თემატურ კომპედიუმზე და #GEODEM2023-ის აუდიტორიას წარუდგინეს.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯიუტე კერესელიძემ და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ჰეიდი გრაუმ. თავის სიტყვაში რენატა სკარჯიუტე კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა ქალი ამომრჩევლების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ისინი უფრო კრიტიკულად აფასებენ ქვეყნის განვითარებას და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს, ამგვარად პოლიტიკური პარტიების მხრიდან მათი ხედვების გათვალისწინება აუცილებელია, რის მისაღწევადაც პარტიებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო. Როგორც შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ჰეიდი გრაუმ აღნიშნა, ქალთა ინკლუზია და მათი პოლიტიკაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატიის განმარტება სწორედაც რომ წარმომადგენლობა და ინკლუზიაა. მისი აზრით, არ არსებობს ნამდვილი დემოკრატია ქალების და ქალთა სრული და აზრიანი მონაწილეობის გარეშე.
I პანელი
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიხსნა პირველი პანელური დისკუსია თემაზე “ქალი ამომრჩეველი საქართველოში და მათი საჭიროებები პარტიების დღის წესრიგში,” რასაც მოდერატორობა გაუწია პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). აღნიშნული პანელური დისკუსიის მიზანი იყო ქალი ამომრჩევლების საჭიროებების განხილვა კვლევებსა და გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით. ხოლო თემაზე მომხსენებლები იყვნენ თეონა ყუფუნია, (ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), თამარ საბედაშვილი (გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)), ნინო დოლიძე, (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)), თამთა მიქელაძე, (სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)).
პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, კონკრეტულად ქალ ამომრჩეველთან მიმართებით, ამ თვალსაზრისით, სიტუაცია არაადეკვატურია. პარტიათა საკომუნიკაციო მესიჯები და სტრატეგია არ მოიცავს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ გზავნილებს ქალების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად ქალებშიც სხვადასხვა ქვეჯგუფები არსებობს – ურბანული, შშმ, მარტოხელა დედები, სასოფლო და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ქართული პოლიტიკური სცენა ძალიან ღარიბია და არადივერსიფიცირებული.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, თეონა ყუფუნიას მთავარი აქცენტები შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ ქალი ელექტორატი არ არის ნაკვლევი საკმარისად. ისინი დანახული არიან, როგორც ერთგვაროვანი ჯგუფი, შესაბამისად პარტიები არ იცნობენ ქალ ელექტორატს. მიუხედავად იმისა, რომ ერთეული პარტიები სხვადასხვა ნიშებზე მუშაობენ, მეინსტრიმულად ისინი არ კონცენტრირდებიან ქალებზე. თეონა ყუფუნია თვლის, რომ ბევრი საინტერესო მასალა არსებობს იმისთვის, რომ პარტიებმა მოახდინონ ამ საკითხების იდენტიფიცირება და დაიწყონ მუშაობა.
მომხსენებლის თქმით, გარდა იმისა, რომ ქალები ელექტორატის ნახევარზე მეტია, ისინი ასევე გავლენის აგენტები შეიძლება იყვნენ, რადგან სპეციფიკური სოციალური კავშირები გააჩნიათ. ბოლოს, მომხსენებელმა საერთაშორისო გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ სხვა ქვეყნებში ქალებმა დიდი პოლიტიკური გარდატეხები მოახდინეს.
მომდევნო მომხსენებლის, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილის, სალომე საბედაშვილის აზრით, ქალებისთვის, როგორც საერთო ჯგუფისთვის საჯარო აქტივობა არ არის ბუნებრივი, მოწონებული და წახალისებული.
“არსებობს გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი შეხედულებები ქალთა საჯარო აქტივობის შესახებ, რომლებიც, ვიდრე ცნობიერში ამოვა, უკვე კრიტიკულია, ქალს მეტი ფილტრი აქვს საჯარო სივრცეში, ვიდრე კაცს. ამიტომ, ამ სფეროს შეცვლისთვის საჭიროა, ქალები იყვნენ 30% და მეტი ნებისმიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ის კულტურა რაც ამ უწყებებშია, შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ უმცირესობის რანგში ქალთა ჯგუფი ბევრს შეცვლის”
პანელი გააგრძელა მესამე მომხსენებელმა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ. მისი თქმით, პარტიები, როგორც წესი იქმნებიან სხვადასხვა სეგმენტური ჯგუფების ირგვლივ, საქართველოში კი ისინი ყალიბდება პერსონების გარშემო და ყველა ელექტორალურ ჯგუფზე ცდილობენ გასვლას. საქართველოში პარტიებს მოკლე სიცოცხლისუნარიანობა აქვთ და პარტიული განვითარების ისტორია აჩვენებს რომ თუ პარტია დიდი ხნის არაა, ნაკლებად მუშაობს შიდაპარტიულ სტრუქტურებზე. ამასთან, ზოგადად გენდერული საკითხი არ არის მეინსტრიმული. ნინო დოლიძემ, საკუთარი გამოცდილების მიხედვით, ახსენა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებს სჭირდებოდათ ძალისხმევა, რომ პარტიების რიგებში მეტი ქალი ენახათ მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს ქალები ჰყავდათ, თუმცა ლიდერები არ თმობდნენ ადგილებს.
ნინო დოლიძემ გაუსვა ხაზი, არის ქალების არჩევნებში მონაწილეობის საკითხები და არის თუ არა მათზე გავლენები განსხვავებული, მაგალითად, დამკვირვებლების და კოორდინატორების ჭრილში. ქალები გაცილებით მოწყვლადები არიან ზეწოლის მიმართ ოჯახის წევრების სამუშაო ადგილების შესახებ, შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და სხვა. ასეთ დროს, არაპირდაპირი ზეწოლით მათზე მოქმედება უფრო ადვილად შეიძლება.
მომხსენებელმა ცალკე კატეგორიად გამოყო ქალი პედაგოგები, რომლებსაც ცალკე საფრთხეები აქვთ, ცალკე საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, მათი ინსტრუმენტალიზება ადვილად ხდება. ასეთი სეგმენტირებული არ არის არცერთი პარტიის დღის წესრიგში.
პანელის ბოლო მომხსენებელი იყო სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე. მისი თქმით, სახეზეა ავტორიტარიზმისა და პოლარიზების მზარდი ნიშნები, რომლებიც პოლიტიკურ ველს ხდის აგრესიულს და ანტაგონისტურს, აფექტურს. შესაბამისად, პოლიტიკური გარემო ღირებულებებზე და საჭიროებებზე საერთოდ არაა მორგებული, და ქალები ამ გარემოში საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ. აგრესია და მტრობა წალეკავს პოლიტიკურ ველს და სოციალურად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნა ძალიან რთული ხდება. მიქელაძე აღნიშნავს, რომ, სხვადასხვა პარტიებიდან ქალები ახერხებენ სოლიდარობის შენარჩუნებას, რაც ნაკლებია მამაკაცებში, მაგრამ, ამავდროულად, ავტორიტარული ტენდენციები პირდაპირ ახდენს გავლენას ქალების გარიყვაზე.
II პანელი
მეორე პანელური დისკუსია დაეთმო თემას “ქალი პოლიტიკოსები და შიდაპარტიული დემოკრატია,” რისი მოდერატორიც იყო პროფესორი დავით აფრასიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). პანელური დისკუსიის მიზანი იყო შიდა პარტიული დემოკრატიის განხილვა ქალთა ჩართულობის და წარმომადგენლობის ხელშეწყობის კუთხით.
პანელი დაიწყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი პოლიტიკის ანალიტიკოსის, სალომე კანდელაკის პოლიტიკის დოკუმენტის შედეგების პრეზენტაციით, რომელიც შეეხებოდა შიდაპარტიულ სტრუქტურებში ქალთა ჩართულობის მექანიზმებს, ასევე იმას, თუ როგორ იყენებენ პარტიები გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ გარანტიებს. ხოლო პრეზენტაციის შემდეგ მოხსენებებით გამოვიდნენ ქალი პარლამენტის დეპუტატები, კერძოდ ხატია დეკანოიძე (დამოუკიდებელი დეპუტატი), ანა ნაცვლიშვილი (პარტია ლელო საქართველოსთვის), ანა ბუჩუკური (პარტია გახარია საქართველოსთვის).
მეორე პანელის დასაწყისში მოდერატორმა, დავით აფრასიძემ აღნიშნა, რომ ქალი პოლიტიკოსები არიან პოლიტიკურ პარტიებსა და ქალი ამომრჩევლების მაკავშირებლები. იმისთვის, რომ ამ საკითხზე უფრო ფართოდ ემსჯელა აუდიტორიას, პირველ რიგში მოდერატორმა წარადგინა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, სალომე კანდელაკი, რომელმაც პოლიტიკოსებთან ერთად დისკუსიის დაწყებამდე თავისი პოლიტიკის ნარკვევის შედეგების პრეზენტაცია გააკეთა. მისი ნაშრომი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისების შიდაპარტიულ მექანიზმებსა და ამ მხრივ მათ არსებულ გამოწვევებს ეხება, ასევე, მოიცავს ქალების პოლიტიკაში ჩართვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებს. კვლევაზე მუშაობის ფარგლებში სალომე კანდელაკმა პოლიტიკური პარტიების ინდივიდუალური ტაქტიკებიც გამოიკვლია და რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოყო.
კვლევის მიგნებები:
- პარლამენტში საკითხების გარშემო ქალი პოლიტიკოსები უფრო მარტივად ერთიანდებიან;
- ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის დაგმობის კუთხით პარტიებს არაერთგვაროვანი რეაქციები აქვთ, შესაბამისად იკვეთება ტენდენციურობა;
- გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით დაბალია მგრძნობელობა და ცნობიერება რეგიონებში, შესაბამისად აუცილებელია რეგიონებში გენდერულ მეინსტრიმინგზე ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელება;
- პარტიებში არსებული ქალთა საბჭოების მიზანი უფრო მეტად ქალი ამომრჩევლების მოზიდვაა, ვიდრე მათი პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა;
- არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გენდერული კვოტირება დღესდღეობით ერთადერთი გზაა ქალების პოლიტიკურად გააქტიურების და პოლიტიკაში გენდერული ბალანსის მეტნაკლებად დასაცავად.
პანელის მეორე უკვე პოლიტიკოსი მომხსენებელი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე იყო. მან თავიდანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პარტიებში დღეს ქალები გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მისი თქმით, ისინი რა თქმა უნდა მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიიღება იმ მაგიდის გარშემო რის გარშემოც ქალები სხედან. მისი ახსნით, ამის მთავარი მიზეზი არის ის რომ პოლიტიკური პარტიების უმაღლესი პირები ძირითადად კაცები არიან და მეორე მიზეზად კი ფინანსური კაპიტალის კაცების ხელში ყოფნა დაასახელა. მან განაცხადა რომ მის ყოფილ პარტიაში ქალ პოლიტიკოსებს ფასადური როლი გააჩნდათ, რომლებიც კარგად ლაპარაკობდნენ და ნაკლებად კონფლიქტურობით გამოირჩეოდნენ.
პანელის შემდეგი მომხსენებელი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, ქალთა უფლებებზე საუბარი მისთვის მწვავე პოლიტიკური საკითხების ჩამონათვალშია. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ როცა საუბარია თემაზე „ქალები პოლიტიკაში“, მეტად საბაზისო პრობლემებს ვაწყდებით. პოლიტიკოსების უდიდეს ნაწილს უბრალოდ არ ესმის, რატომ გამოიყოფიან ხოლმე ქალი პოლიტიკოსები ცალკე და არ აღიარებენ რომ სხვა საჭიროებებისა და გამოწვევების მქონე პოლიტიკური ფიგურაა. შესაბამისად, ამ სტრუქტურული უთანასწორობის არდანახვა არის რეალობა, რომელშიც ქალ პოლიტიკოსებს უწევთ გზის გაკვალვა. კაც პოლიტიკოსთა ნაწილი ჩვენს პრობლემებს აღიქვამს როგორც პერსონალურს და არა სისტემურს. ისინი მიიჩნევენ რომ ქალები უნდა მოერგონ ამ სისტემას და არა პირიქით.
ანა ნაცვლიშვილმა თავის მოხსენებაში ქალებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო – დრო, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკოსი ქალებისთვის უდიდესი დაბრკოლებაა. აღნიშნული რეალობის უმთავრეს მიზეზად ნაცვლიშვილმა შინ შრომის უთანასწორო განაწილება დაასახელა. ასევე, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა და საჯარო უწყებები. ასევე, დროა უმთავრესი რესურსი როცა საქმე ეხება ქალი პოლიტიკოსის თვითგანვითარებასა და იმიჯის შექმნას, რომლის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია აღნიშნულ სფეროში მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა.
ანა ნაცვლიშვილმა ქალების წინაშე არსებული ფინანსური უთანასწორობის პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღემდე არ არსებობს სახალხო დაფინანსების მექანიზმები, რომელიც პოლიტიკოს ქალებს კარიერული გაძლიერების დამატებით საშუალებას მიცემდა. „ლელოს“ წარმომადგენლის თქმით, ქალი პოლიტიკოსისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კაპიტალი რეპუტაციაა, სადაც ქალებს კიდევ ერთი ბარიერი ხვდებათ, დროის დეფიციტის სახით.
პანელის ბოლო მომხსენებელი გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ანა ბუჩუკური. მისი თქმით, 2023 წლის მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა ქალი პოლიტიკოსების მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, კერძოდ ქალი პარლამენტარების როლი მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ცხოვრებაში. ბუჩუკურის დაკვირვებით, ქალი პოლიტიკოსები დღის წესრიგში ყველაზე ხშირად აყენებენ საზოგადოებაში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და გენდერულ საკითხებს, რადგან აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მეტად სენსიტიურები არიან, ვიდრე კაცები. პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა მოხსენების დასასრულს ახალგაზრდა ქალების პოლიტიკაში ჩართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, როცა ახალი თაობა პოლიტიკოსი ქალების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს უყურებს, ისინი პოლიტიკას აღარ უკავშირებენ თავიანთ მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებელი საჭიროება დგას.
III პანელი
მესამე პანელური დისკუსია დაეთმო თემას “ქალი ამომრჩევლის პოლიტიკური ჩართულობა და წახალისების გზები”, რომელსაც მოდერაცია გაუწია ლევან ცუცქირიძემ (აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)). აღნიშნული პანელ-დისკუსიის მიზანი იყო ქალი ამომრჩევლების პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების გზებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარება. ხოლო მომხსენებლები გახლდათ გენდერის კვლევაზე მომუშავე ექსპერტები, კერძოდ მარიამ კობალაძე (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC-საქართველო)), სონია შიფფერსი (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი), თამარ ბაგრატია (ექსპერტი გენდერის საკითხეში) და ელენე რუსეცკაია (ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)).
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) დირექტორის, ლევან ცუცქირიძის თქმით ჯეოდემის (GeoDem) კონფერენციები უკვე არის ქართული დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გრძელდებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას რომელსაც აინტერესებს საგნობრივი მსჯელობა მნიშვნელოვან თემებზე, ჰქონდეს ამის შესაძლებლობა.
ბოლო პანელის პირველი მომხსენებელი მარიამ კობალაძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი (CRRC – საქართველო) იყო. მან გააკეთა სხვადასხვა საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების პრეზენტაცია, სადაც გენდერული საკითხები იყო ნახსენები. ის მონაცემები რომლებიც მან წარადგინა, ძირითადად აღებული იყო კავკასიის კვლევის რესურს ცენტრის ბაზიდან (CRRC).
მარიამ კობალაძემ, ცესკოს სტატისტიკისა და CRRC-ის თემატური კვლევების მიმოხილვის გარდა, ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას – მაჟორიტარი ქალების მიმართ ფეისბუქში გამოვლენილ ონლაინ ძალადობასა და სოციალურ სივრცეში არსებული ტოქსიკურ გარემოს.
მკვლევარის თქმით, CRRC-ის კვლევაში გამოვლინდა ასევე ისიც, რომ ონლაინ ძალადობის ხასიათი ძალიან გენდერული იყო და ქალების მიმართ უფრო ხშირია პირადი თუ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული კომენტარები, შეურაცხყოფები, ასევე მითითებები რომ წავიდეს სახლში და ოჯახს მიხედოს და ა.შ. ასევე, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საინტერესო ფაქტზე, რომ როცა ქალ კანდიდატებს ლანძღავდნენ ეს იყო პირადად მათკენ მიმართული, ხოლო კაცი მაჟორიტარების შემთხვევაში ეს ეხებოდა მათ ცოლებს ან დედებს.
CRRC-ის კვლევამ აჩვენა, რომ ონლაინ ძალადობის საშუალო კოეფიციენტის მიხედვით, ქალებს დაახლოებით სამჯერ უფრო მეტად ესხმიან თავს, ვიდრე კაცებს. იგი მიიჩნევს, რომ ონლაინ ძალადობა არის მნიშვნელოვანი ბარიერი ქალების პოლიტიკაში მეტი ჩართულობის გზაზე.
კონფერენციის შემდეგი მომხსენებელი იყო ელენე რუსეცკაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) დამფუძვნებელი. მისი თქმით საკმაოდ დიდ ხანს ცესკოს საიტზე არ არსებობდა სტატისტიკური მონაცემები ამომრჩევლის გენდერული გადანაწილების შესახებ. ის აღნიშნავდა, რომ მათი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული ის, რომ ამის ხელით დათვლა აღარ ხდება. ის აღნიშნავს, რომ მათ მუშაობას ასევე მოჰყვა ისეთი შედეგები, როგორიც არის მაგალითად გენდერული კვოტების კანონმდებლობა, რომლის გატანის 6 მცდელობა ჰქონდათ სანამ შედეგი არ იქნა მიღწეული. საბოლოო ჯამში მან თქვა, რომ შედეგით კმაყოფილი არ არის, მაგრამ ციფრები გაიზარდა და გარკვეული წინსვლა მაინც არის.
მან სიამაყით დასძინა, რომ ყველას ძალისხმევის შედეგია, რომ რუსული კანონი არ გასულა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ძალა აქციებზე ქალები იყვნენ. მისი თქმით, ქალებში არის დიდი ძალა და მათ შეძლეს შედეგის მოტანა, თუმცა, ასევე მივიღეთ საპასუხოდ ანტიგენდერული მოძრაობა. ამიტომ ის თვლის, რომ დღეს საზოგადოებამ უნდა შევინარჩუნოთ მიღებული შედეგები და არ დაიკარგოს ისინი ამ ანტიგენდერული მოძრაობების ფონზე. იმაზე თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, მან თქვა “ჩვენ დავინახეთ რომ, განსხვავებით დიდი ქალაქებისგან, სოფლად ქალები არიან შეშინებულები და მათ ეშინიათ თუნდაც საკუთარი მოსაზრების დაწერის. ხოლო შიშში ცხოვრება არის ძალიან ცუდი.” ამიტომ, ის გამოსავლის გზად ხედავს ქალების პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით მუშაობის გაძლიერებას, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, თვითდაჯერებულობას, ფული და ეკონომიკური გაძლიერება და ძალაუფლება, რაც მოდის ამის შედეგად რომ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ პოლიტიკაში ჩართულობის.
მომხსენებლის თქმით მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკოსები და განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიმღები პირები, რამდენიმე დღით მაინც გადავიდნენ სოფლად საცხოვრებლად რათა უკეთ გაიგონ თუ რეალურად რა საჭიროებები უდგას ხალხს, რამდენად ესმით მათ ის ენა, რაზეც პოლიტიკოსები საუბრობენ და რამდენად შეესაბამება რეალობას პოლიტიკოსების წარმოდგენები.
პანელური დისკუსიის მომდევნო მომხსენებელი გენდერის საკითხებში ექსპერტი, თამარ ბაგრატია იყო. მან აღნიშნა, რომ ამ მონაცემებს ვნახავთ მუნიციპალიტეტების ჭრილში, სიტუაცია კატასტროფულია. საქართველოს აქვს ზოგიერთი საარჩევნო ოლქი, სადაც ქალთა აქტივობა 20%-ითაც კი ჩამორჩება მამაკაცთა აქტივობას. ეს იმდენად დიდი სხვაობაა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში დამატებით სამუშაოს საჭიროებს. როგორც მან მონაცემებში ნახა, ყველაზე დიდი სხვაობები დაფიქსირდა მცხეთაში, გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, ახალქალაქში, ჩოხატაურში, ზუგდიდში, ქედაში, ქობულეთში, ხულოში, ხელვაჩაურში, საგარეჯოში, შუახევში. მან ახსნა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში ქალთა პასიურობა, მამაკაცებთან შედარებით 10%-ს აჭარბებდა. ამიტომ მან ახსნა, რომ სწორედ აქ უკვე გავდივართ რაღაც გეოგრაფიულ ლოგიკაზე, რომ ამ ოლქებში არიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები კომპაქტურად დასახლებულები. ამას დამატებით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასევე პრობლემაა მთის ქალების ნაკლები ინფორმირებულობა.
“ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, რომ ქალი მიდის არჩევნებზე, არამედ ისიც თუ რამდენად დამოუკიდებელ არჩევანს აკეთებს და რამდენად გამოხატავს მისი არჩევანი დამოუკიდებელ არჩევანს. ვინაიდან, განსაკუთრებით რეგიონებში, ქალების პოლიტიკურ ნებაზე გავლენას ახდენენ მეუღლეები, დამსაქმებლები, თვითმმართველობის წარმომადგენელი და ოჯახის არაფორმალური ლიდერი. ბაგრატიას მტკიცებით, სტატისტიკურად საშუალოდ მილიონი ქალი არ მიდის არჩევნებზე, რაც ნიშნავს იმას რომ ასეთი დიდი რაოდენობა ამომრჩევლის არ მონაწილეობს მაგალითად, პარლამენტის ლეგიტიმაციაში.”
პანელის ბოლო მომხსენებელი იყო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის კავკასიის ოფისის დირექტორი სონია შიფერსი. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა ყველა გავლენიანი ქალით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ და აღსანიშნავია მათი გაწეული სამუშაოც. Სონია შიფერსი ეუთოს ეგიდით აკვირდებოდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მისი თქმით, თითქმის ყველა საარჩევნო კომისიის წევრი იყო ქალი, რამაც პოზიტიური შთაბეჭდილებები დაუტოვა. თუმცა, შიფერსი აღნიშნავს, რომ აქტიურობის მიუხედავად ქალთა ძალა არ გადაზრდილა მათ პოლიტიკურ ძალაუფლებაში. მომხსენებლის აზრით, ქალთა წარმომადგენლობის ზრდისთვის რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია კვოტების შემოღება, თუმცა, თუ წარმომადგენლობა არსებითი მნიშვნელობის არ იქნება, ის აზრს კარგავს.
ყოველი პანელის შემდეგ კონფერენციის დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებლებისთვის კითხვები დაესვათ და დისკუსიაში ჩართულიყვნენ. შედეგად, აუდიტორიასა და სიტყვით გამომსვლელებს შორის ეფექტური და კონკრეტულ გამოწვევებზე ორიენტირებული დისკუსია შედგა.
კონფერენციის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ანგარიში ან უყურეთ კონფერენციის სრულ ვიდეო ჩანაწერს ჩვენს იუთუბ არხზე.
კომპედიუმი
კონფერენციის პროგრამა
მომხსენებლების შესახებ
კონფერენციის ფოტოგალერეა
კონფერენციის ანგარიში
2023 წლის დემოკრატიის კონფერენცია #GEODEM2023 საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებია და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.