07/06/2023 GIP

KAS-ისა & GIP-ის საუბრები საგარეო პოლიტიკაზე: საქართველო და შავი ზღვა-კასპიის სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირი

2 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KAS) თბილისის რეგიონული ოფისის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე „საქართველო და შავი ზღვა-კასპიის სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირი“. დებატები დოქტ. მამუკა წერეთლის მიერ წარდგენილი პოლიტიკის დოკუმენტის პროექტს ეფუძნებოდა. ღონისძიება KAS-GIP საგარეო პოლიტიკის მოლაპარაკებების სერიის ფარგლებში გაიმართა.

კავშირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხმელეთით ჩაკეტილი ეკონომიკის მქონე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და, ასევე, ცენტრალური აზიის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. მათ ძირითადი საექსპორტო საქონლისა და პროდუქციის რეალიზებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე უკეთესი წვდომა სჭირდებათ. უკრაინის ომმა კიდევ უფრო შეცვალა რეგიონში არსებული მაკავშირებელი პროექტების კონტექსტი. საკითხმა ევროპული და გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამ ვითარებაში საქართველოს შეუძლია გამოიყენოს თავისი, როგორც სატრანზიტო სახელმწიფოს პოტენციალი. ამ გზით ქვეყანა გაზრდის თავის როლს რეგიონულ განვითარებაში და გააძლიერებს კავშირებს დასავლელ პარტნიორებთან, რაც ოფიციალური თბილისისთვის ევროატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერებულ მხარდაჭერას ნიშნავს.

დისკუსია ფოკუსირებული იყო შემდეგ კითხვებზე:

➤ რა ზეგავლენა იქონია ბოლო ომებმა შავი ზღვის რეგიონში კავშირის განვითარებაზე?

➤ როგორია საქართველოს პოზიცია კასპიასა და შავ ზღვას შორის სატრანზიტო მარშრუტებში?

➤ როგორ შეუძლია საქართველოს გააძლიეროს თავისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი? რა გამოწვევებმა შეიძლება შეზღუდოს ქვეყნის პოტენციალი?

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სტეფან მალერიუსმა, კონრად-ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში და რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ. დისკუსია გახსნა ევრაზიისა და ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოსა და ცენტრალური აზიის კავკასიის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, დოქტორმა მამუკა წერეთელმა. შემდეგი მომხსენებლები კი GFSIS-ის უფროსი თანამშრომელი გიორგი ბადრიძე და PMC კვლევის ცენტრის მკვლევარი, ნიკა კაპანაძე იყვნენ.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია კომპანია Deloitte-ს წარმომადგენელმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პოლიტიკის მრჩეველმა, რატი დევაძემ. დისკუსიაში მონაწილეობა ორმოცდაათზე მეტი ექსპერტი, ჟურნალისტი, აკადემიური წრეების, საჯარო მოხელეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი.

 

, , , , , , , , , ,