საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 16-17 ოქტომბერს გაიმართა მესამე და მეოთხე თემატურ სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრა თემებზე – ახალგაზრდების როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და ახალგაზრდების დასაქმება.
“მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) აქტიური კურსდამთავრებულებსაგან შემდგარი მესამე ჯგუფი განიხილავს ახალგაზრდების შესაძლებლობებს, ჰქონდეთ მეტი გავლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. ჯგუფის მენტორია ლევან ცუცქირიძე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი.
ELS-ის კურსდამთავრებულებსაგან შემდგარი მეოთხე ჯგუფი იმუშავებს ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მენტორ ლია კილაძის ხელმძღვანელობით, რომელიც არის ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
სამუშაო თემატური ჯგუფების შეხვედრები ხორციელდება პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. პროექტი არის “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) ინიციატივის მეორე კომპონენტი და მასში ჩართულები არიან ELS-ის კურსდამთავრებულები თბილისიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, ქვემო სვანეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.
2021 წელს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა განახორციელა პროექტი “მომავალ ლიდერთა სკოლა” (ELS) და მოამზადა 120 ახალგაზრდა აქტივისტი, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები. ELS-ის ტრენინგების შემდეგ შეიქმნა ოთხი სამუშაო თემატური ჯგუფი, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკის სფეროებზე, როგორებიცაა ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ ხელისუფლებაში, ახალგაზრდების დასაქმება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა და საგარეო პოლიტიკა.
სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიზნად ისახავს, აქტიურ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ ღრმა ცოდნა მათთვის რელევანტირი პოლიტიკის შესახებ, ჩამოაყალიბონ აზრი და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. პროგრამა უზრუნველყოფს, სამუშაო ჯგუფის წევრები უფრო მეტად ჩართულები იყვნენ არჩეულ პოლიტიკის სფეროებში, ისინი გაეცნონ მთავარ აქტორებს და მათ პოზიციებს, და შეძლონ გააღრმავონ პირადი და პროფესიული კავშირები დამოუკიდებლად.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი პროექტს “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ახორციელებს USAID Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.