08-08-2013
თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელია პოლიტიკური პარტიების არსებობა. ხშირად სახელმწიფოში დემოკრატიის ხარისხის განსაზღვრისას აფასებენ პოლიტიკური პარტიების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის ხარისხს და მის მდგრადობას. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეფასებების გაკეთება შეიძლება იმ ქვეყნების პარტიული სისტემების კვლევისას, რომელთაც დემოკრატიული ნორმების დამკვიდრების მცირე გამოცდილება აქვთ. სულ ორი ათეული წლის გამოცდილების მქონე საქართველოს პოლიტიკური პარტიების სისტემა კვლავაც საკმაოდ ახალგაზრდა და ჩამოუყალიბებელია და შესაბამისად, არსებული რეალობა გავლენას ახდენს მისი დემოკრატიის ხარისხზეც. წლების მანძილზე საქართველოს პარტიულ პოლიტიკური სისტემა ხასიათდებოდა ერთი პოლიტიკური პარტიის დომინირებით, რომლის დროსაც მოქალაქეები, ოპოზიციურ პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება გარიყულად გრძნობდა თავს და ნაკლები შესაძლებლობები ჰქონდა ჩართულიყო პოლიტიკურ ცხოვრებაში. წარმოდგენილი ნაშრომი იკვლევს იმ ჰიპოთეზის მართებულობას, რომლის მიხედვითაც შეფასდება, მისცა თუ არა საშუალება ინტერნეტის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა პოლიტიკურ პარტიებს შეექმნათ სრულყოფილი პლატფორმა და უფრო ეფექტიანად წარმოედგინათ საკუთარი თავი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სოციალური მედიის ქსელის გავლენა საქართველოს პოლიტიკური პარტიების პოლიტიკაზე, შეფასდა ის გარემო, რომლის დახმარებითაც პოლიტიკურ პარტიებს მიეცათ შესაძლებლობა უზრუნველეყოთ საზოგადოების მეტი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.
კვლევა წარმოადგენს მცდელობას, აჩვენოს მკითხველს, რომ სოციალური ქსელების და თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტენსიურმა გამოყენებამ შეიძლება გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტიის წარმატებაზე. კვლევა აღწერს ტექნოლოგიებსა და პოლიტიკას შორის ურთიერთ დამოკიდებულებას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში, პოლიტიკური პარტიების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების მიმდინარე პრაქტიკას და მის გავლენას საარჩევნო კამპანიაზე. კვლევის ფარგლებში შეფასდა ტექნოლოგიური საშუალებების გავლენა პოლიტიკურ სისტემაზე. კვლევის შედეგების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების სისტემის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, არ იქნება მართებული ითქვას, რომ ტექნოლოგიებს განმსაზღვრელი როლი ენიჭებათ. კვლევის დროს შესწავლილი იყო საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და მათი პოლიტიკა 2012 წ. საპარალამენტო არჩევნებამდე და საარჩევნო კამპანიის დროს. შედეგების მიხედვით ჩანს, რომ მართალია, ინტერნეტ ტექნოლოგიები ინტენსიურად შემოდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სოციალური ქსელების გამოყენების გავლენა საარჩევნო პროცესებზე ჯერ კიდევ არ არის გადამწყვეტი და პოლიტიკური პარტიებისათვის სოციალური ქსელების უფრო აქტიურად გამოყენების თემა დებატების საგანს წარმოადგენს.