2022-03-15 15:01:35
ლევან კახიშვილი
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების განკარგულება გასცა და უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო, რამაც დასავლეთის ქვეყნები გამოაფხიზლა. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ბნელ საათებში“ (European Union External Action 2022), დასავლეთმა ერთიანი პოზიცია დაიკავა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ იყო (The White House 2022). ამდენად, პუტინის ომის მანქანის დაფინანსების შესაძლებლობის მოსასპობად დასავლეთმა „რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა” (Euronews 2022) განიზრახა და უკრაინას ფინანსური რესურსი და სამხედრო აღჭურვილობა გამოუყო მედგარი წინააღმდეგობის მხარდასაჭერად. რუსეთის ისეთი ტრადიციული პარტნიორებიც კი, როგორიცაა ჩინეთი, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ შეფასებებში და ღიად გამოხატავენ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერას (Martina 2022). ამასთან, ყაზახეთმა უარი განაცხადა უკრაინაში საკუთარი ჯარის გაგზავნაზე (Alexander 2022), რაც მოსკოვს საშუალებას მისცემდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ლეგიტიმაცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ქოლგის ქვეშ მოეხდინა. თუმცა, ახლა რუსეთს დანარჩენ მსოფლიოსთან ძირითადად მარტო მოუწევს გამკლავება, სავარაუდოდ, ბელარუსის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის და სირიის მხარდაჭერით.
ამ ფონზე, საქართველოს მთავრობამ საჯაროდ განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით (Civil Georgia 2022b), საქართველო არ შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ (Civil Georgia 2022b). პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არავის შეუძლია უკრაინაში ომის შეჩერება და რომ სანქციები არაეფექტურია(Civil Georgia 2022g). ომის დაწყებამდე კი, პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ტექსტში რუსული აგრესიის ხსენების გარეშე (Civil Georgia 2022d). კრიტიკის საპასუხოდ, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ „რეზოლუციის ტექსტი ზუსტად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“ (Civil Georgia 2022f). ამასთან, ქართული ოცნება იყენებდა პრაგმატიზმს და საქართველოს „უსაფრთოხების, ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკის“ დაცვას უკრაინის შესახებ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების ჩაშლის საბაბად (Civil Georgia 2022c).
წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევი საქართველოს მთავრობის პოზიციას აანალიზებს უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით და ფართო სურათში ახდენს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის კონტექსტუალიზაციას, რომელიც პარტიის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გავლენის ქვეშაა. ამ უკანასკნელმა საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს ყველაზე რთულ მომენტში ჩამოაცილა და ქვეყნის რუსეთთან ასოცირების რისკი გააჩინა, რომელიც მსოფლიოს ატომური ომით ემუქრება (Tsvetkova 2022).
ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში:
- რა გავლენას ახდენს ქართული ოცნების პარტიული ინტერესები საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობაზე?
- ცდილობს თუ არა ქართული ოცნება მიზანმიმართულად გაემიჯნოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო პოლიტიკას?
- კეისარს კეისრისა: საქართველოს მთავრობის მოქმედებები – სტრატეგია თუ ტაქტიკა?
- საქართველოს მთავრობის პასუხის ლოგიკური და აღქმითი პრობლემები.