2025-02-12 13:31:16
საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მიჩნეული იყო რეფერენდუმად, რომელსაც უნდა ეჩვენებინა ქართული საზოგადოების ეგზიტენციური არჩევანი ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროინტეგრაციის შესახებ, რაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის მესამე ვადის განმავლობაში აჩქარებული დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. არჩევნებში, ცესკოს მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალური 54%-იანი გამარჯვება დააფიქსია. ხოლო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, ოცნების პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ გამოაცხადა პარტიის გადაწყვეტილების შესახებ, მოხსნას დღის წესრიგიდან გაწევრების მოლაპარაკებებზე მუშაობა. საზოგადოება მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე მკვეთრ რეაქციას აფიქსირებს: არჩევნებამდე ერთ-ერთი საყურადღებო ნიშნული იყო პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობრივი კანონის მიღება მასობრივი სახალხო პროტესტის ფონზე. საპროტესტო ტალღებმა „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული სვლა ვერ შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში უკვე რამდენიმე კვირაა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, ქართული ოცნება მიზანმიმართულად ცდილობს, გააძლიეროს ძალაუფლება ნებისმიერ ფასად.
მართალია, ამ თვალსაზრისით საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო (Zurabishvili 2024a) და იმის გათვალისწინებით, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა საზოგადოების ერთ-ერთ დაკვეთას შორისაა, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინოს. ამ დროს, ცალსახად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების მიმართ, რაც შეიძლება, ფართო ნდობის შექმნა საზოგადოების საყოველთაო კონსოლიდაციისთვის. მიიჩნევა, რომ ტრადიციულად საქართველოში პოლიტიკა, ძირითადად, ცენტრში კეთდება, თუმცა მოსახლეობის 70%-ზე მეტი რეგიონებში რეგისტრირებული მოქალაქეები არიან, რომლებმაც ხმა თბილისს მიღმა უნდა მისცენ. ამიტომ, პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტიანი მუშაობის ჩატარება რეგიონებში ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის გადარჩენისთვის. შესაბამისად, წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევი, დემოგრაფიული და ანალიტიკური მასალის დამუშავებისა და ექსპერტული ინტერვიუების მიგნებებზე დაფუძნებით, პირველ ნაწილში რეგიონებში პოლიტიკური ქცევის ძირითად მახასიათებლებს ეხება, შემდგომ, გამოკვეთს სამ საკვანძო მიმართულებას რეგიონული მუშაობისთვის, რაც გაანალიზებულია ფორმულის „როგორ, ვინ და რის შესახებ“ სახით. ნარკვევის ბოლოს, წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისთვის.
საკვანძო სიტყვები: პარტიები რეგიონებში; არჩევნები რეგიონებში; პოლიტიკა რეგიონებში; 2024 წლის არჩევნები; 2025 წლის არჩევნები
პოლიტიკის ნარკვევი #62 | იანვარი 2025 (განახლებული)