2024-07-23 13:18:12
2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველოს ნატოში გაწევრების მიმართ ალიანსი და მისი წევრი სახელმწიფოები უცვლელ მიდგომას ინარჩუნებდნენ: „საქართველო გახდება ნატოს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა იქნება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი“. მას შემდეგ, საქართველო განიხილებოდა ერთ-ერთ მოწინავე ასპირანტ ქვეყნად, რომელიც სწრაფად უახლოვდებოდა ნატოს სტანდარტებს. დაიწყო თანამშრომლობის არაერთი ფორმატი ნატოს კრიტერიუმებთან დაახლოების გზაზე საქართველოსთვის ძლიერი და მტკიცე ევრო-ატლანტიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისევე როგორც დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების მიმართულებით.
2024 წლის ვაშინგტონის სამიტი საქართველოსთვის ისტორიული უკუსვლის ნიშნულია: პირველად 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 2024 წლის 11 ივლისს მიიღეს, აღარ არის ტრადიციული ჩანაწერი, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ექსპერტების თქმით, ნატოს დეკლარაციიდან ამ ფორმულირების გაქრობა საგანგაშო დინამიკაა. ამის საპირისპიროდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ქვეყანას ვაშინგტონის სამიტზე წარმოადგენდა, ირწმუნება, რომ დეკლარაციის ზომა არ იძლეოდა შესაძლებლობას დოკუმენტის ტექსტში საქართველოს პოტენციურ გაწევრებაზე წინადადება მოხვედრილიყო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს „პარტნიორებთან მუშაობას კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მისაღწევად“ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ექსპერტმა შემდეგ კითხვებზე გვიპასუხა:
- როგორია 2024 წლის ნატოს ვაშინგტონის სამიტის მთავარი შედეგები საქართველოსთვის და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის?
- როგორ შეუძლია საქართველოს თავიდან აიცილოს ნატოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება და როგორ შეიძლება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის რელსებზე დაბრუნება?