2023-10-10 07:18:02
ავტორი
ანასტასია მგალობლიშვილი
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შოკმა კიდევ ერთხელ გააღო ევროკავშირის კარი ახალი წევრებისათვის და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მისცა ისტორიული შესაძლებლობა, გახდნენ ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ზაფხულში მიანიჭა, საქართველოს კი „ევროპული პერსპექტივა“ 12 შესასრულებელი რეკომენდაციით განუსაზღვრა, რათა 2023 წლის ბოლოსთვის ხელახლა მოხდეს კანდიდატის სტატუსის საკითხის განხილვა. სამწუხაროდ, ამ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოში პროგრესი არ შეინიშნება. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (2023 წლის სექტემბერი) უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციიდან მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის სრულად მხოლოდ სამი შეასრულა. დანარჩენი რეკომენდაციები მწვავე პოლიტიკური დებატების საგნად იქცა, ხოლო „დეპოლარიზაციისა” და „დეოლიგარქიზაციის” რეკომენდაციები მთავრობამ პოლიტიკური მანიპულირების ინსტრუმენტებად და არა ნამდვილი რეფორმების გატარების საშუალებად გამოიყენა. მაგალითად, პარტია „ქართული ოცნება“ შეეცადა, მიეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ვენეციის კომისიის აზრით, შესაძლოა „თვითნებურად“ და „პოლიტიკური თვალსაზრისით ბოროტად იქნეს გამოყენებული“ (ვენეციის კომისია, 2023). ანალოგიურად, „ქართული ოცნება“ ზოგიერთ თავის არალიბერალურ პოლიტიკას – მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კრემლის ხელწერის უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას [და მასობრივი პროტესტის შემდეგ გაუქმებას] – იმით ამართლებს, რომ ეს ქართული საზოგადოების „დეპოლარიზაციას“ შეუწყობს ხელს (ნეტგაზეთი, 2023).
რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის თავზე საქართველოს მთავრობამ ისინი აშკარად საკუთარი არალიბერალური პოლიტიკისთვის და არა საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოიყენა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის არალიბერალური[1] ბუნების გათვალისწინებით, ევროკავშირის რეკომენდაციები ხელახლა შესაფასებელი და გადასახედია. საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პირობების გადახედვა ძალზე მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას (Jozwiak, 2023), ვინაიდან ევროკავშირის პოტენციური კანდიდატობისთვის, სავარაუდოდ, საქართველოსთვის უფრო მკაცრი პირობები დაწესდება. საქართველოზე ევროკავშირის ბერკეტების სრულად გამოუყენებლობა ქვეყანას უქმნის საფრთხეს, რომ ის ან დაკარგავს თავის ისტორიულ შესაძლებლობას – გახდეს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო, ან გახდეს კანდიდატი სახელმწიფო არალიბერალური მთავრობით, რომელზეც ევროკავშირს ექნება შეზღუდული გავლენა (მაგ. თურქეთი და სერბეთი). ორივე ვარიანტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უსაფრთხოებას და, საქართველოზე კრემლის გავლენის გათვალისწინებით, ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის სასარგებლოდ გადახრის. საქართველოში არალიბერალური მმართველობის გაგრძელება ასევე ძირს უთხრის ევროკავშირის ტრანსფორმაციულ ძალას, საქართველოს დემოკრატიზაციაში წლების განმავლობაში განხორციელებულ ინვესტიციებს.
წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტი მიმოიხილავს ევროკავშირის პირობებს და ყურადღებას ამახვილებს იმ მექანიზმებზეა, რომელთა მეშვეობითაც ევროკავშირს შეუძლია ცვლილებების მოხდენა. არსებობს როგორც „ზემოდან ქვემოთ“ სტრატეგია, რომელიც მიმართულია მთავრობებზე და ასევე „ქვემოდან ზემოთ“ სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და ფართო საზოგადოებაზე. ასევე გაანალიზებულია, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შეუსაბამობა აღნიშნულ სტრატეგიებთან. ერთი მხრივ, ეს რეკომენდაციები იმდენად ძირს უთხრის მთავრობის ძალაუფლებას, რომ წარმოუდგენელია მათი რეალური შესრულება. მეორე მხრივ, ბუნდოვანება და ამორფულობა საჯარო და სამოქალაქო საზოგადოებას ხელს უშლის ამ ცვლილებების სათავეში მოქცევას. წინამდებარე გამოკვლევა მიზნად ისახავს შეთავაზებას, როგორ შეცვალოს ევროკავშირმა რეკომენდაციებში აქცენტები და გაძლიეროს საქართველოს საზოგადოება 2024 წლის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე.
პოლიტიკის მემორანდუმი #70 | ოქტომბერი 2023
პუბლიკაცია მომზადდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.
_______________________________________