2022 წლის მარტის შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, მათ შორის გერმანიაშიც, შეიცვალა კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენა ევროინტეგრაციის ისტორიული შანსი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შედეგად წარმოიქმნა. ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოსთან – გერმანიასთან ისტორიულად მჭიდრო კავშირების გააქტიურების და ბერლინთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიზანმიმართულად დააზიანა ორმხრივი ურთიერთობები.
„ქართული ოცნების“ მიერ გერმანიასთან ურთიერთობის მიზანმიმართული გაუარესება პარტიის მიერ გატარებული პარადოქსული პოლიტიკის კარგ მაგალითს წარმოადგენს. აღნიშნული პოლიტიკა პირველ რიგში განსაკუთრებით თვალსაჩინოა პარტიის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლას გულისხმობს ისტორიული შესაძლებლობის გამოყენების ნაცვლად.
გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობის გაუარესება ფართო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა: ავტორიტარული კონტროლის გამყარებას ქვეყნის შიგნით და საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ქართულმა ოცნებამ სცადა საკუთარი კურსის კორექციის გასამართლებლად შეექმნა მტრის ხატი ევროპული სახელმწიფოების თუ შეთქმულებების თეორიების სახით. გერმანიის გამორჩეულმა და პროაქტიურმა მხარდაჭერამ საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესში, სწორედ გერმანია აქცია ქართული ოცნების „სასურველ“ სამიზნედ.
გერმანიის მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის მეშვეობით, „ქართულმა ოცნებამ“ არამხოლოდ ანტიევროპული რიტორიკა აქცია ამომრჩეველზე ზეგავლენის ინსტრუმენტად, არამედ მოახდინა პოლიტიკური ურთიერთობების დემონტაჟი ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სახელმწიფოსთან — და საკუთარ პროპაგანდაში გერმანია საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო შეთქმულების მონაწილედ წარმოაჩინა.
აღნიშნული პოლიტიკის მემორანდუმი აანალიზებს ქართული ოცნების მიზანმიმართული მცდელობის მოტივებსა და მექანიზმებს, რომლებიც გერმანიასთან ურთიერთობის დაზიანებას ისახავდა მიზნად, და ასახავს ამ პროცესის ფართო ზეგავლენას საქართველოს პოლიტიკურ მომავალსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებებზე.
პოლიტიკის მემორანდუმი #79 | აპრილი 2025