2025-03-13 08:49:39

ავტორი
გივი სილაგაძე
გლობალური მასშტაბით, კორუფცია მმართველობისა და დემოკრატიისთვის კრიტიკულ საკითხად რჩება. კორუფცია ძირს უთხრის საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რაც აზიანებს საჯარო სიკეთეს (Rose-Ackerman and Palifka 2016). კორუფციის შესახებ ბოლო ანგარიშები მიუთითებს, რომ კორუფციის მასშტაბი და კომპლექსურობა იზრდება, ქვეყნების ორი მესამედი კი საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით დადგენილი საშუალო ზღვრის დაბლა ხვდება (Transparency International 2025b).
კორუფციის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევით, საქართველო რეგიონული ლიდერია (World Bank 2012). 2000-იან წლებში, ქვეყანამ მოახერხა, რომ „არშემდგარი სახელმწიფოდან“ გადაქცეულიყო ქვეყნად კორუფციის დაბალი მაჩვენებლით (Kupatadze 2014). მიუხედავად ფავორიტიზმის და შეზღუდული საბაზრო კონკურენციისა, წვრილმანი კორუფცია ქვეყანაში მნიშვნელოვანწილად აღმოფხვრილი იყო (Kupatadze 2016). კორუფციის დონის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ რეგიონის ლიდერია. 2025 წელს, კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველოს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე იგივე მაჩვენებელი შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონის ნებისმიერ ქვეყანაში (Transparency International 2025a).
საქართველოს მმართველობის ინდექსის (GGI) თანახმად, საქართველოში ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელოვანი გაუარესება შეინიშნება, მათ შორის, ყველაზე მკვეთრი გაუარესება კორუფციასთან ბრძოლის კომპონენტშია აღნიშნული (Georgian Institute of Politics 2025). GGI ზომავს ეფექტიან მმართველობას რვა ინდიკატორის მეშვეობით, რომელთაგან ორი ფოკუსირდება ბიუროკრატიულ კორუფციასა და პოლიტიკურ კორუფციაზე. აღნიშნული ორი ინდიკატორი, 0-დან 100-მდე სკალაზე ათი ერთეულითაა გაუარესებული. აღნიშნული მიგნებები აჩვენებს საკმაოდ შემაშფოთებელ სურათს ქვეყანაში კორუფციისა და მმართველობის გაუარესების თვალსაზრისით.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, განავრცოს/შეავსოს ინდექსი (GGI) და გააანალიზოს საქართველოში კორუფციის ტენდენციები სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, მათ შორის, საერთაშორისო შეფასებებზე, ექსპერტთა შეფასებებსა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე დაყრდნობით. დოკუმენტის მთავარი მიზანია ქვეყანაში კორუფციის დინამიკის უფრო მკაფიო სურათის ჩვენება. კვლევის მიგნებები აჩვენებს კორუფციული ტენდენციების გაუარესების დინამიკას. მონაცემები, რომლებიც მიუთითებს კორუფციის ტენდენციების გაუარესებაზე, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის ცალსახა გაუარესებასთან ერთად, მომავალში ანტი-კორუფციული ძალისხმევის შესახებ საკმაოდ არასახარბიელო სურათს ხატავს.