2022-02-09 09:32:08
ახალი წიგნი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა სახელმწიფოსთვის“ (Georgia’s Foreign Policy in the 21st Century: Challenges for a Small State).
გამოიცა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის პროფ. კორნელი კაკაჩიას, პროფ. სტივენ ჯონსის (მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯი) და პროფ. ტრეისი ჯერმანის (ლონდონის კინგს კოლეჯი) რედაქტირებით ბრიტანული გამომცემლობის Bloomsbury Publishing-ის მიერ.
წიგნი აანალიზებს საქართველოს, როგორც რეგიონის საკვანძო მნიშვნელობის სახელმწიფოს, გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას და მის შედეგებს. წიგნში განხილულია, თუ რატომ არის „მულტივექტორული“ საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომლის წინაშეც დგას ისეთი გამოწვევები, როგორიცაა რუსეთი, საშინაო და საგარეო ნაციონალიზმები, ევროპული პროექტისა და ევროკავშირის მხარდაჭერის პოტენციური შესუსტება და აშშ-ის მიერ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის გარშემო წარმოქმნილი ბუნდოვანება.
წიგნში ასევე შესწავლილია საქართველოს ქცევა საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით, აქცენტით თბილისის ურთიერთობებზე მეზობლებთან და საკვანძო საერთაშორისო პარტნიორებთან. არსებული ლიტერატურის დიდი ნაწილი საქართველოს გეოპოლიტიკური და საგარეოპოლიტიკური ინტერესების შესახებ შექმნილია დასავლეთის ან რუსეთის პერსპექტივიდან, თუმცა ინგლისურენოვანი ნაშრომი საქართველოს პერსპექტივით არ არსებობს.
როგორც წესი, საქართველო განიხილება, როგორც დამოკიდებული ცვლადი, სახელმწიფო, რომელიც საკუთარი მიზნების, სტრატეგიის მქონე დამოუკიდებელ მოთამაშედ ნაკლებად მიიჩნევა. აღნიშნული სარედაქციო გამოცემა მიზნად ისახავს ხედვის ჩამოყალიბებას რუსულ-დასავლური ბინარული ნარატივის მიღმა, აანალიზებს საქართველოს ურთიერთობებს მოთამაშეთა შედარებით უფრო ფართო კონტექსტში და მკითხველს აწვდის საქართველოს საგარეო პოლიტიკის დროულ და საჭირო კვლევას საქართველოს პერსპექტივიდან. წიგნში წარმოდგენილია ორიგინალური, სამეცნიერო და პოლიტიკურად რელევანტური თავები სხვადასხვა ასპექტების შესახებ ექსპერტთა ფართო საზოგადოების ავტორობით. ნაშრომის უნიკალურობას განაპირობებს მისი მასშტაბი, ანალიტიკური სიღრმე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარდგენის ჰოლისტიკური და ფართოდ მისაწვდომი ფორმატი.
„საქართველოს დილემად რჩება დაპირისპირება იდენტობასა და უსაფრთხოებას შორის: როგორ უნდა იყოს გააზრებული დომინანტური დასავლური ორიენტაცია და ინტეგრირდეს ის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ისე, რომ ქვეყნის არასტაბილური უსაფრთხოების საკითხები მინიმალური რისკის ქვეშ დადგეს და არ გადაიზარდოს ახალ საბედისწერო დაპირისპირებაში რუსულ ძალასთან. ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შედგენილი ეს ზუსტი, ნიუანსური და კარგად სტრუქტურირებული კრებული იკვლევს აღნიშნულ პაზლს და სთავაზობს მკითხველს ფრთხილ ოპტიმიზმს. წარმოდგენილი წიგნი სიღრმისეულად ხსნის სამხრეთ კავკასიის საგარეოპოლიტიკურ დინებას. ის განკუთვნილია აკადემიის წარმომადგენლებისთვის და პრაქტიკოსებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია გააზრება, თუ როგორ არის დაკავშირებული საქართველოს მსგავსი პატარა სახელმწიფოების საგარეოპოლიტიკური ალტერნატივები მათ გეოგრაფიასთან.“- პროფ. როი ალისონი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
„იმ დროს, როცა საქართველო დგას გზაჯვარედინზე, წარმოდგენილი ნაშრომი აუდიტორიას სთავაზობს პირველ სიღრმისეულ ანალიზს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. წიგნში თავმოყრილია გამორჩეულ მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც ნათელს ჰფენენ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების კომპლექსურ ხასიათს. ტრეისი ჯერმანი, კორნელი კაკაჩია და სხვა ავტორები ოსტატურად ასაბუთებენ, რომ პატარა სახელმწიფოები არ არიან მხოლოდ დიდი მოთამაშეების დაპირისპირების არეალი, არამედ მათ საკუთარი მნიშვნელობები გააჩნიათ. წარმოდგენილი წიგნი მკითხველს აწვდის განახლებულ ინტერპრეტაციას პატარა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის და იდეების შესახებ მათ წინაშე არსებული ალტერნატივებისა და განლაგების მიხედვით. როგორც ასეთი, ეს იქნება მნიშვნელოვანი ორიენტირი სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის და პრაქტიკოსებისთვის.“- ლორ დელკური, ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროკავშირის კვლევებში, ახალი სორბონის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
„წიგნი სიღრმისეულად იკვლევს საქართველოს საგარეოპოლიტიკური არენის თითოეულ ასპექტს და დეტალს და სთავაზობს აუდიტორიას პატარა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის შესახებ მასტერკლასს. გამოცემის წაკითხვა მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს რეგიონული მისწრაფებების ღერძი, რომელიც სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის საფუძველს ქმნის. ტრეისი ჯერმანი, სტივენ ჯონსი და კორნელი კაკაჩია თავს უყრიან განსაკუთრებული შესაძლებლობების და ექსპერტიზის ავტორებს, რომლებიც კოლექტიურად სთავაზობენ მკითხველს საქართველოს მსოფლიო როლის და საზიანო თუ სასარგებლო გადაწყვეტების მრავალშრიან ანალიზს“- ჯული ა. ჯორჯი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის (CUNY) ქუინს კოლეჯისა და კვლევითი ცენტრის პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნიუ იორკი, აშშ
გამოცემა ხელმისაწვდომია: © Bloomsbury