09/02/2018 magda

GIP ინტერვიუ ლუკ კოფისთან ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
09-02-2018

ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად – ბატონი ლუკ კოფი, საგარეო პოლიტიკის შესახებ დუგლას და სარა ალისონების ცენტრის დირექტორი, კეთრინ და შელბი ქალომის დევისის ინსტიტუტი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰერითეჯ ფაუნდეიშენი. სულ ახლახან, ბატონმა კოფიმ გამოსცა ანგარიში “ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპულ ინტერესებში”, რომელმაც დიდი ინტერესი გამოწვია ქართულ აუდიტორიაში. ბატონი კოფი, რომელიც 8 თებერვალს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრებოდა, დაგვთანხმდა მოკლე ინტერვიუზე ნატო-სქართველოს ურთიერთობების შესახებ. ინტერვიუერი – ლევან კახიშვილი, GIP-ის ანალიტიკოსი.


*ვიდეო ინტერვიუს აქვს ქართული სუბტიტრები 

 

ინტერვიუს ტრანსკრიპტი

GIP: ბატონო კოფი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ამ ინტერვიუსთვის.

ლ.კ.: პირიქით, სასიამოვნოა ჩემთვის.

GIP: მინდა გთხოვოთ, ძალიან მოკლედ შეაფასოთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები.

ლ.კ.: ვფიქრობ, რომ მთლიანობაში, ყველაფრის გათვალისწინებით, ნატოსა და საქართველოს, აშშ-სა და საქართველოს, საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვთ. დღეს საქართველო ნატოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ნატოს ნებისნიერი სხვა არაწევრი ქვეყანა. ნატოს სხვა ასპირანტ ქვეყნებთან შედარებით, მაგალითად, ბოსნია ან მაკედონია, საქართველო გაცილებით უფრო წინაა წასული.

GIP: ბოლო დროს საქართველოში იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ნატოში წევრობის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარ დგას. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში?

ლ.კ.: მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს იმის კეთება, რასაც აკეთებს და აჩვენოს, რომ მთლიანობაში მას შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და რომ შეუძლია იყოს ნატოსა და აშშ-ის კარგი პარტნიორი.

GIP: თქვენს ანგარიშში წერთ, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება შეიძლება მოხდეს, 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში დროებითი შესწორების შეტანის მეშვეობით. როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღებია ეს წინადადება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის მიმართ?

ლ.კ.: პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი შემოთავაზება არანაირად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩემი წინადადების მიხედვით, სრულიად საქართველო, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით ხდება ნატოს წევრი, მაგრამ საქართველოს მხოლოდ ის ნაწილი ხვდება მე-5 მუხლის ქვეშ, რომელიც რუსეთის მიერ არ არის ოკუპირებული. სწორედ აქ უნდა ჩასწორდეს მეექვსე მუხლი, რადგან მეექვსე მუხლი იმას განსაზღვრავს, თუ რა ტერიტორიას ფარავს მეხუთე მუხლი. მე-6 მუხლი წარსულშიც ჩასწორებულა და ამის პრეცედენტი არსებობს. ჩემი წინადადების მიზანია, შემოგვთავაზოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალისტურ და პრაგმატულ გზა, რაც გარკვეულწილად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პოზიციასთან ძალის არგამოყენების შესახებ.

GIP: როგორ ფიქრობთ, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია ან საფრანგეთი, დათანხმდებიან მე-6 მუხლის ამგვარ შესწორებას?

ლ.კ.: ეს შემოთავაზება ნამდვილად ხელს უწყობს განხილვასა და დებატებს. თუ გაესაუბრებით ოფიციალურ პირებს ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში და ასევე აშშ-შიც, ხშირად გაიგონებთ ერთსა და იმავე იდეას, რომ თუ საქართველო გაწევრიანდება ნატოში, ეს ავტომატურად ნიშნავს ომს რუსეთთან. არავის სურს რუსეთთან ომი, არავის! მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს არ იქნება რუსეთთან ომი, რადგან რუსული ოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონები მე-5 მუხლს მიღმა იქნება.

GIP: თქვენ ასევე რეკომენდაციას უწევთ აშშ-ის მთავრობას, რომ განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და რომ განაგრძოს აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა, რათა მან დაასრულოს არალეგალური ოკუპაცია საქართველოში. რამდენად სავარაუდოა, რომ აშშ-ის ასეთი ზეწოლა რუსეთზე რამე ხელშესახებ შედეგს მოიტანს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში?

ლ.კ.: მოკლევადიან პერსპექტივაში, სიმართლე, რომ გითხრათ, არც თუ ისე სავარაუდოა. ჯერჯერობით რეალობა ასეთია. მაგრამ რის გამოც ვაკეთებ ამ რეკომენდაციებს ჩემს ანგარიშში, არის ის, რომ მნიშნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან ხელშეკრულებას. მნიშნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ახდენს სუვერენული სახელმწიფოს 20%-ის არალეგალურ ოკუპაციას.

GIP: და ბოლოს,  რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ თქვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გახდეს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი?

ლ.კ.: ეს მიზანი აქვს ყველას, ვინც მუშაობს ანალიტიკურ-კვლევით ორგანიზაციაში, რომ საკუთარი იდეები და რეკომენდაციები პოლიტიკად აქციოს. ამ ანგარიშში მე 20 რეკომენდაციას ვთავაზობ აშშ-ის ხელისუფლებას და ზოგიერთი მათგანი უნიკალურია, რომელიც აქამდე არ გაჟღერებულა, სხვები კი იმეორებენ იმ იდეებს, რომლებიც წარსულშიც მითქვამს მეც და სხვებსაც, მაგრამ მნიშნელოვანია მათი კიდევ ერთხელ გამეორება.

GIP: თქვენ რეკომენდაციების ნამდვილად გრძელი სია გაქვთ, მაგრამ, როგორც ავტორი, რომელ მათგანს გამოყოფდით, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშნელოვანი რეკომენდაციები?

ლ.კ.: რა თქმა უნდა, მე-6 მუხლის ჩასწორება ყველაზე გამორჩეულია და ყველაზე წინააღმდეგობრივიც. თუმცა მგონია, რომ ამ რეკომენდაციის გარშემო ატეხილ ხმაურში ყველა სხვა რეკომენდაცია, რომლებიც პრაქტიკულ ზომებს აღწერენ, თითქოს,  უგუნებელყოფილია. მაგალითად, ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა, აშშ-ის მეტი ფოკუსირება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე; ნატოს მიერ საქართველოში წარჩინების ცენტრის დაარსება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში; ან თუნდაც ის, რომ აშშ-მა მიიწვიოს საქართველო რომ საქართველომ ქვეითთა დანაყოფი გაგზავნოს პოლონეთში ამერიკულ ბატალიონში, რომელიც იქ ნატოს გაძლიერებული მზადყოფნის ფარგლებში იმყოფება. ან კიდევ რეკომენდაცია, რომ ნატოს სამიტებზე ნატო-საქართველოს კომისია უნდა შეხვდეს მთავრობის ან სახელმწიფო მეთაურების დონეზე და არა მხოლოდ საგარეო მინისტრების დონეზე. ვფიქრობ, რომ ეს სწორ სიგნალს გაგზავნიდა.

GIP: ვიმედოვნებთ, რომ ეს რეკომენდაციები ნამდვილად გახდება ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა.

ლ.კ.: დიდი მადლობა.

, , , , ,