05/06/2024 GIP

მედია-პოლარიზაციის ტურბულენტობა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში: როგორ დავძლიოთ პოლარიზაცია?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-06-05 13:00:40

ანგარიში მიმოიხილავს პოლიტიკური პოლარიზაციის შიდა და გარე მიზეზებს საქართველოსა და ვიშეგრადის ოთხეულში (V4): უნგრეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში. იგი ასევე აანალიზებს მედიის პოლარიზაციის მასტიმულირებელ ძირითად ფაქტორებს, ასევე პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგებსა და მის გავლენას დემოკრატიაზე. ანგარიშში ასევე შემოთავაზებულია გადაწყვეტილებები მედიის პოლარიზაციის შესამცირებლად და ამომრჩევლის მიერ კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.

ანგარიშის მომზადებისას გამოყენებულ იქნა მონაცემთა შეგროვების რამდენიმე მეთოდი. უპირველეს ყოვლისა, გამოვიკვლიეთ არსებულ ლიტერატურა და ანგარიშები, მათ შორის მედიის თავისუფლების, დემოკრატიისა და პოლარიზაციის მაჩვენებლები, ასევე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები. ამასთან, გამოიკითხნენ მედია ექსპერტები და რედაქტორები, ბოლოს კი გამოიკითხნენ ექსპერტები და ჟურნალისტები საქართველოსა და V4-ს ქვეყნებში.

კვლევის შედეგები მიუთითებს პოლარიზაციის დონისა და პოლარიზაციის ფესვების საერთო ტენდენციებზე საქართველოში, უნგრეთსა და პოლონეთში. ოდნავ განსხვავებული ტენდენციები დაფიქსირდა სლოვაკეთის შემთხვევაში და, განსაკუთრებით, ჩეხეთში. კერძოდ, მაშინ, როცა მედიის პოლარიზაცია საქართველოში, უნგრეთსა და პოლონეთში ძირითადად გამოწვეულია პოლიტიკური პარტიების მიერ მედიასაშუალებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციით და სახელმწიფოს მიერ მედიის ხელში ჩაგდებით, სლოვაკეთში ყველაზე მწვავე პრობლემებად სახელდება „საზოგადოების ფრაგმენტაცია“ და „მყიფე პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში“. ჩეხეთის შემთხვევაში, მთავარი გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდა „სარედაქციო პოლიტიკა“ და „ჟურნალისტების არაკომპეტენტურობა“. თუმცა, ხუთივე ქვეყნის შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საგარეო პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობა იქცა როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის, ისე მედიის პოლარიზაციის მთავარ ფაქტორად. ეს აისახება როგორც პოლიტიკოსების რიტორიკაში, ისე რუსეთის მძლავრ პროპაგანდაში ამ ქვეყნებში, რამაც საგრძნობლად გაზარდა პოლარიზაციისა და საზოგადოების დაძაბულობის დონე.

პოლიტიკურ პოლარიზაციაში მედიის საკვანძო როლის გათვალისწინებით, ამ ანგარიშისთვის ჩატარებული ექსპერტული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ დასავლელმა დონორებმა პრიორიტეტად უნდა დაისახონ მედია ლანდშაფტის დამოუკიდებლობის წახალისება, რათა მედიასაშუალებები გათავისუფლდნენ პოლიტიკურ დაფინანსებაზე დამოკიდებულებისგან. ექსპერტები თვლიან, რომ თუ საზოგადოება დაინახავს, ​​რომ მედია არ არის დაკავებული პოლიტიკური პროპაგანდით, მედია უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს, – რაც დღეს არ აქვთ, – და ობიექტური გაშუქების საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას შეძლებენ.

საკვანძო სიტყვები: პოლარიზაცია, მედია, საქართველო და ვიშეგრადის ქვეყნები, დემოკრატიული უკუსვლა, მედიის თავისუფლება, დეზინფორმაცია

რეპორტი | ივნისი, 2024

სალომე კანდელაკი, ისტვან ჰეგედუსი, ერიკ უშკიევიჩი, იან ცინგელი, პეტრა ბოშკოვა, მილოშ გრეგორი, კატაჟინა ჩიმიაკი, ანგარიში – „მედია-პოლარიზაციის ტურბულენტობა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში: როგორ დავძლიოთ პოლარიზაცია?“, რეპორტი, ივნისი, 2024.

ანგარიში მომზადდა პროექტის, „მედიის პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა საქართველოსა და V4 ქვეყნებში“, ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტების მეშვეობით. ის ასევე თანადაფინანსებულია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების განვითარება.

, , , , , , , , , , , , , , , ,