24/05/2025 ნინო სამხარაძე

სცილა და ქარიბდა: ქართული სამოქალაქო საზოგადოება ავტორიტარიზმსა და გეოპოლიტიკურ ცვლილებებს შორის

გაეცანით ნაშრომს

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და კრიტიკული მედია უპრეცედენტო წნეხს განიცდიან ავტორიტარიზმისკენ სწრაფი სვლით მიმავალი „ქართული ოცნების“ მხრიდან. როგორც წესი, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დემოკრატიზაციის ლოკომოტივად მიიჩნეოდნენ და ყოველთვის განსაკუთრებული ეფექტიანობით, სიძლიერითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. ამ ფონზე, დემოკრატიული საზოგადოების ეს აქტიური ნაწილი ერთპარტიული მმართველობისკენ მოძრავი პარტიის გეგმებისთვის განსაკუთრებით ხელის შემშლელი აღმოჩნდა და მასზე ხანგრძლივი და მრავალგანზომილებიანი შეტევა განახორციელა. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოებამ სერიოზული ზიანი განიცადა ვაშინგტონში მიღებული, გლობალურად შოკისმომგვრელი გადაწყვეტილების შემდეგ USAID-ის პროგრამების დახურვის შესახებ. ამგვარად, ახლა ქართული დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენისთვის ბრძოლის სახით, გადის ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებით საშიშ გზას სცილასა და ქარიბდას შორის, როცა მან, ერთი მხრივ, წარმატებით უნდა განაგრძოს საკუთარი ფუნქციის შესრულება სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, მეორე მხრივ კი, თავი უნდა გადაირჩინოს ავტორიტარული წნეხისგან.

დამოუკიდებელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება – სამოქალაქო ორგანიზაციები, მედია, აქტივიზმი – დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. შესაბამისად, ამ სექტორზე მიზანმიმართული პროპაგანდისტული, საკანონმდებლო და სტრატეგიული თავდასხმები, ნიშნავს საქართველოს დემოკრატიული პერსპექტივის მოსპობას. ეს სექტორი მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, ერთი მხრივ, შიდადემოკრატიული ფუნქციონირებისთვის და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სიკეთეების უზრუნველყოფისთვის, მეორე მხრივ კი – სახელმწიფოს სანდოობის თვალსაზრისით დასავლელი პარტნიორებისთვის, რომლებთან წარმატებული თანამშრომლობისთვის და მათ კლუბში გაწევრებისთვის დემოკრატიის ფუნქციონირება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. შედეგად, დასუსტებული სამოქალაქო საზოგადოების ფონზე, ქვეყნის ევრო და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა უპრეცედენტო საფრთხის წინაშე დგას.

ამგვარად, ქვეყნისთვის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ეგზისტენციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, წინამდებარე ნაშრომი ემსახურება ამ სექტორის წინაშე მდგარი საფრთხეების სხვადასხვა განზომილების გაანალიზებას, შეძლებისდაგვარად გაზომვას და სამომავლო პერსპექტივების არგუმენტირებულ განხილვას.

პოლიტიკის მემორანდუმი #89 | მაისი 2025

© ქავერზე განთავსებული ფოტო ეკუთვნის თეკლა მელაძეს
, , , ,