2024-07-29 06:30:27
ავტორი
ვიქტორია არაქელიანი
ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მუდმივად აწყდებიან სხვადასხვა დაბრკოლებას, რომელთა შორის ერთ-ერთს არჩევნებში ხმის მიცემისა და პოლიტიკური მოსაზრებების დაფიქსირების პრობლემა წარმოადგენს. წინამდებარე კვლევამ გამოავლინა ის ძირითადი პრობლემები, რის გამოც ეთნიკური უმცირესობები, კონკრეტულად კი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხები, სათანადოდ ვერ ერთვებიან საარჩევნო პროცესში. აღნიშნული საკითხის სიღრმისეული განხილვა და ქვეყანაში ყველა მოქალაქისთვის არჩევანის გასაკეთებლად თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ამის მისაღწევად, საჭიროა, საქართველოს მთავრობა, პოლიტიკური პარტიები და, ასევე, საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ჩაერთონ საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებში და წაახალისონ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების მონაწილეობა საარჩევნო ხმის მიცემის პროცესში.
ნაშრომში მოყვანილი არგუმენტები ერთი მხრივ, სხვადასხვა დოკუმენტებსა და ლიტერატურას, ხოლო მეორე მხრივ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენლებთან ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებს ეყრდნობა. გარდა ამისა, ერთ-ერთი არსებული მექანიზმის ეფექტიანობის დასადგენად ჩატარდა მოკლე ექსპერიმენტი ერთ-ერთ ეთნიკურად სომეხ რესპონდენტთან, რომელიც ქართულ ენას თითქმის არ ფლობს. ბოლო ნაწილში, ნაშრომი ასევე გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს ნაშრომში აღწერილი და გაანალიზებული პრობლემების გადასაჭრელად როგორც საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მიმართ.
საკვანძო სიტყვები: ეთნიკური უმცირესობები, ეთნიკური სომხები, არჩევნები, პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები, ჩართულობა, რეგიონები, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, დაბრკოლებები
პოლიტიკის ნარკვევი #65 | ივლისი 2024
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP). მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, და GIP-ის შეხედულებებს.
© Cover photo: Gip.ge