20/04/2017 magda

მეტი საქართველო ევროკავშირში – საქართველოს „ევროპული პერსპექტივა

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
20-04-2017

2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ოფიციალურად ამოქმედდა. ეს კიდევ ერთი ისტორიული თარიღია საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების და საბოლოო ინტეგრაციის გზაზე. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის შედეგი იმ ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესის და რეფორმათა ჯაჭვისა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში იქნა ინიცირებული სავიზო დიალოგის ფორმატში.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მომზადება მოჰყვა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 2013 წლის 25 თებერვალს გადასცა. კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და დარგობრივი პოლიტიკის რეფორმათა ამ ჩარჩო დოკუმენტმა განსაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები და მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა  შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების უვიზოდ განხორციელების უფლება მიიღეს.

ვიზალიბერალიზაციის შესახებ ერთი შეხედვით ტექნიკურ გადაწყვეტილებას ცალსახად პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია და საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური მიზნის განხორციელების გზაზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.  საქართველოს მოქალაქეებისთვის დაუბრკოლებელი გადაადგილება თავისუფალ სამყაროში ნიშნავს, არა მხოლოდ მეტ კავშირებს და ევროპული ბაზრის ათვისების გაზრდილ შესაძლებლობას, არამედ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას, რაც თანამედროვე ურთიერთდამოკიდებულების სისტემაში საერთაშორისო პოლიტიკის განხორციელების განმსაზღვრელ  ელემენტს წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თავისუფალი მიმოსვლა ევროპის კონტინენტზე. ვიზალიბერალიზაციის ოფიციალურად ძალაში შესვლის შემდეგ ყველაზე აქტუალურ საკითხს ევროკავშირთან პარტნიორობის შემდეგი ეტაპი წარმოადგენს. როგორც შიდა აუდიტორიისთვის, ისე დასავლელი პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ საქართველო არ აპირებს ვიზალიბერალიზაციაზე გაჩერებას და ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის აგრძელებს მუშაობას. თუმცა,  ჯერ კიდევ მსჯელობის საგანს წარმოადგენს ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს სამოქმედო გეგმა წევრობის საბოლოო მიზნის მისაღწევად: პოლიტიკის წარმართვა უკვე არსებული თანამშრომლობის ფორმატების ფარგლებში, თუ ახალი ფორმატების შექმნაზე მუშაობა და მათი შემდგომი ინსტრუმენტალიზაცია გაწევრიანების მიზნებთან დასაახლოებლად.

, , , , , , , ,