Authors

25/05/2023 თეონა ზურაბაშვილი

ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები

გაეცანით ნაშრომს

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2023-05-25 12:53:39

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პროცესები, ერთი შეხედვით, ჩიხში შევიდა. პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ, იდეოლოგიური და საგნობრივი კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, და ჯეროვნად უპასუხონ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის კონკრეტულ საჭიროებებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემატურია ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ელექტორალური ჯგუფის საკითხი, როგორიცაა ქალი ამომრჩეველი, რომელიც დღეს ელექტორატის 50%-ზე მეტს შეადგენს.[1] განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში. არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ამომრჩევლისთვის მყარი და საკითხზე ორიენტირებული დღის წესრიგის შესათავაზებლად და მათი მხარდაჭერის მობილიზებისთვის. იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესში ქალი ამომრჩევლის ინტერესები ჯეროვნად იყოს წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია რომ პროცესი ორმხრივად წარიმართოს: გაძლიერდეს ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ელიტაში და გადაწყვეტილების მიღებაში, და გააქტიურდეს ქალი ამომრჩევლის პოლიტიკური ჩართულობა, მათი სპეციფიკური საჭიროებების კვლევა და მათზე რეაგირების მექანიზმები.

დღესდღეობით, ამომრჩეველთა უმეტესობას არც ერთი პოლიტიკური პარტია საკუთარი ინტერესების წარმომადგენლად არ მიაჩნია და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. გახანგრძლივებული პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. ამიტომ, ამომრჩევლის სპეციფიკური საჭიროებების და ინტერესების კვლევა და მათზე დისკუსია პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი აქტიური საქმიანობა უნდა იყოს. საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევების მიხედვით, ქალები უფრო ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ქალები შედარებით კრიტიკულად უყურებენ მოსაზრებას, რომ საქართველო დღეს დემოკრატიული ქვეყანაა, და ქალები ყველაზე ნაკლები ნდობით არიან განმსჭვაალული პარტიების მიმართ.[2] შესაბამისად, კონკრეტულად ელექტორატის ამ ნაწილზე ფოკუსის გასწორება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ქალთა საჭიროებებს ჯეროვნად უპასუხოს, ქალი პოლიტიკოსების როლი და მათი პოლიტიკური აქტიურობა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია აქტიური დისკუსიები ქალი პოლიტიკოსების როლის გაძლიერებაზე, მათ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ამ კუთხით გადამწყვეტია, პოლიტიკური პარტიების შიდადემოკრატიული სტრუქტურების განვითარება, რათა საკუთრივ პარტიებში გააქტიურდეს ქალი პოლიტიკოსების ხედვები და პარტიულ პლატფორმებში აისახოს ისინი. ასევე საჭიროა ფართო დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად ახერხებენ ქართული პოლიტიკური პარტიები ქალ ამომრჩეველზე გასვლას, რამდენად ასახავენ ისინი ქალი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რაც დაეხმარება პარტიებს, სწორად დაგეგმონ საკუთარი ხანგრძლივი სტრატეგია არჩევნებამდე პერიოდში და კონკრეტულად წინასაარჩევნო კამპანია. 2023 წლის მარტში „აგენტების კანონის“ საპარლამენტო განხილვებმა აჩვენა, რომ ქალი პოლიტიკოსების აქტიურობას პოლიტიკურ პროცესებში არაერთი დადებითი ცვლილების შეტანა შეუძლია. ამიტომ, დისკუსია იმაზე, თუ როგორ გაძლიერდეს ქალი დეპუტატების როლი კანონშემოქმედებით პროცესში, ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს ქალი ამომრჩევლის საჭიროებების წინ წამოწევას.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მოხარულია წარმოგიდგინოთ 2023 წლის პოლიტიკის ნარკვევების კრებული, რომელიც ეხმიანება საქართველოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებს, გამოწვევებს და პერსპექტივებს, ვიმედოვნებთ, რომ პუბლიკაცია საინტერესო დისკუსიას გამოიწვევს. წარმოდგენილი დოკუმენტები და ნაშრომები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რესურსი პოლიტიკური პარტიების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, დარგობრივი ექსპერტების, აკადემიური საზოგადოების  და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

ეს კრებული, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, ვერ გამოქვეყნდებოდა საქართველოში მოქმედი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, მათ შორის, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ, ასევე, გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების და მედიის მიმართ ჩვენი სამუშაოს მუდმივი მხარდაჭერისათვის და მათი ძალისხმევისათვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განსავითარებლად. ასევე, მათი წვლილის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლის გაძლიერებისთვის, რაც დემოკრატიული პროცესების განვითარებაში გამოიხატება.

პოლიტიკის ნარკვევების კრებული | მაისი 2023

___________________________________________

[1] ცენტრალური საარჩევნო კომისია (2021). არჩევნები 2021. ხელმისაწვდომია: https://cesko.ge/ge/archevnebi/2021 ბოლოჯერ ნანახია: 25.04.2023.
[2] ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (2023). საზოგადოების განწყობა საქართველოში 2023 წლის მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები. ხელმისაწვდომია: file:///C:/Users/Nino/Downloads/NDI-Georgia_March-2023-telephone-poll_Geo_PUBLIC-VERSION_FINAL_03.05.pdf ბოლოჯერ ნანახია: 04.05.2023.
, , , , , , , ,