ავტორი
ქეთევან ბოლქვაძე
ქეთევან ბოლქვაძე, ლუნდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული უფროსი ლექტორი
2022 წლის 17 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გადაედოთ ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს განაცხადზე თანხმობის მიცემა პოლიტიკური რეფორმების განხორციელებამდე. გამოიყენეს რა პირობითობის ერთგვარი ფორმა, ევროკომისიამ წარმოადგინა სარეფორმო პრიორიტეტის 12-პუნქტიანი სია, რომელთაგან ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას „დეოლიგარქიზაცია“ წარმოადგენს. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა დემოკრატიის მდგომარეობის არსებული უკუსვლა იმ ქვეყანაში, რომელიც, ერთ დროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის სანიმუშო მაგალითად მოჰყავდათ. ამ ნაშრომში წარმოდგენილია მოსაზრება, თუ რატომ არის ეს გადამწყვეტი მომენტი საქართველოს ევროპული გზისთვის და როგორ მოაქვს სამართლებრივ სახელმწიფოს სარგებელი ყველასათვის, მათ შორის იმ პარტიებისთვისაც კი, რომლებიც ოლიგარქიული ფესვებიდანაა აღმოცენებული.
თუმცა, ჯერ განვმარტოთ, რას ნიშნავს „ოლიგარქიზაცია“ და რატომ აყენებს ის ზიანს ისეთ ახალგაზრდა დემოკრატიებს, როგორიც საქართველოა. ოლიგარქიზაცია ნიშნავს სახელმწიფოს მიტაცებას ერთი ან რამდენიმე მდიდარი ინდივიდის მიერ, რომლებიც არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ამას შედეგად მოაქვს სახელმწიფოს ავტონომიის დაკარგვა რამდენიმე მდიდარი ადამიანის წინაშე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არა მარტო საკუთარი ქონების დაცვით, არამედ დამატებითი რესურსების მოპოვებითა და სახელმწიფოს ექსპლოატაციით. არავინ დავობს, რომ არსებობს ბევრი ჩამოყალიბებული დემოკრატია, სადაც დიდი სიმდიდრის მფლობელები პოლიტიკაში მონაწილეობენ. თუმცა, ამ დემოკრატიებში არის მიუკერძოებელი ინსტიტუტები და დამოუკიდებელი ბიუროკრატია, რომლებიც თოკავენ იმ გავლენას, რაც შეუძლიათ ფულიან ინდივიდებს მოახდინონ პოლიტიკის შემუშავებაზე. ამის საპირისპიროდ, ბევრ პოსტსაბჭოთა ახალგაზრდა დემოკრატიაში მყიფე ინსტიტუტებმა შესაძლებლობა მისცა ოლიგარქებს არა მარტო ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში, ხშირად ფორმალური პოლიტიკური თანამდებობის დაკავების გარეშე, არამედ პოლიტიკა ექციათ ერთგვარ გარიგებად, სადაც პირად მოგებას იღებენ საჯარო ინტერესების ხარჯზე. პოლიტიკური პარტიებისა და მედია აქტივების არაფორმალური ფლობა, თუ ზეგავლენის მოხდენა მოსამართლეებსა და სამართალდამცავებზე – კარგად ცნობილი ინსტრუმენტებია, რომლებსაც ოლიგარქები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ.
საქართველო ამის უშუალო მოწმეა, რადგან ბოლო წლებში მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყნის ერთადერთი უმდიდრესი ადამიანის სამსახურში იქნა ჩაყენებული. შედეგად, კანონის უზენაესობამ ეროზია განიცადა, ისევე როგორც პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობამ და ანგარიშვალდებულებამ, რამაც დემოკრატიული ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი ფასადად აქცია. ეს აშკარა წინააღმდეგობაში მოდის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან, ანუ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ. ამრიგად, ევროკავშირის ყოყმანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე არ ყოფილა მოულოდნელობა, რადგან კოპენჰაგენის კრიტერიუმები მკაფიოდ განსაზღვრავს დემოკრატიას კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიებით. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ელიტებს ახლა 6 თვე მისცა, რომ ოლიგარქიული სახელმწიფოს მიტაცებისგან გათავისუფლდნენ და შეუდგნენ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლებით, სამართლიანი საარჩევნო სისტემითა და კომპრომისის კულტურით.
თუმცა, აქ ისმის ფუნდამენტური კითხვა: რატომ უნდა შეიკრან საკუთარი ხელ–ფეხი რაციონალურმა პოლიტიკურმა აქტორებმა და ჩაატარონ კანონის უზენაესობის ისეთ რეფორმები, რომლებიც მათ შეზღუდავს? რატომ უნდა ანაღვლებდეთ დომინანტ პარტიებს სამართლიანი სისტემის შექმნა, როდესაც ისინი სარგებელს იღებენ უსამართლო პოლიტიკური სათამაშო მოედნის არსებობით? ეს, ერთი შეხედვით, თვითგადარჩენის ლოგიკას ეწინააღმდეგება. თუმცა, არსებობს ახალი დემოკრატიების მაგალითები, სადაც პარტიულ პოლიტიკას, ანალოგიურად, „დიდი კაცები“ და „ოლიგარქები“ წარმართავდნენ, მაგრამ რომლებმაც მოახერხეს კანონის უზენაესობის დამყარება. მათი გამოცდილება ფასეულ გაკვეთილებს გვთავაზობს.
ამ კითხვაზე მოკლე პასუხია ის, რასაც პოლიტიკის მეცნიერები დაზღვევის ლოგიკას უწოდებენ. ისეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაზე კონტროლის შენარჩუნების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია, არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეიზღუდეს საკუთარი თავი, რათა შეუზღუდონ მომავალში ხელისუფლებაში მოსულ პარტიებს შესაძლებლობა, გამოიყენონ სამართლებრივი ინსტიტუტები, როგორებიცაა სასამართლო ხელისუფლება, პოლიცია ან პროკურატურა, პოლიტიკურ იარაღად საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, არჩევნების დაკარგვის რისკები არის ის, რაც კარნახობს მმართველ ელიტას, მოახდინოს მართლმსაჯულების ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია „დღეს“ – როგორც ერთგვარი ფორმის დაზღვევა – რათა „ხვალ“, როდესაც ის ოპოზიციაში იქნება, არ აღმოჩნდეს პოლიტიზებული ინსტიტუტების წინაშე. სწორედ ამიტომ იყო, რომ, მაგალითად, მექსიკის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც თითქმის 67 წლის განმავლობაში ექვემდებარებოდა მმართველ პარტიას, იზოლირებული იქნა პოლიტიკური ზეწოლისგან და ის ჩამოყალიბდა მმართველი პარტიის ეფექტიან შემაკავებელ ინსტიტუტად. საარჩევნო ბუნდოვანებამ უბიძგა არსებულ ხელისუფლებას, უზრუნველეყო დამოუკიდებელი ინსტიტუტები როგორც მომდევნო ხელისუფლების მხრიდან დაშინებისგან დამცავი ზღუდე. და თუ რამეა ღრმად ფესვგადგმული ქართულ პოლიტიკაში, ეს დაშინების გამოყენებაა ახალი მმართველი პარტიის მიერ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, შესაძლოა, დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ უნარში, შეინარჩუნონ ხელისუფლება, სულ ცოტა, ახლო მომავალში მაინც, მაგრამ საზოგადოების გამოკითხვები და საპროტესტო აქციები უფრო სახიფათო პერსპექტივაზე მიუთითებს. 20 ივნისს სულ ცოტა 120,000 საქართველოს მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში, რათა საკუთარი უკმაყოფილება გამოეხატა მთავრობის უუნარობაზე, მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს ბოლო ათწლეულების უდიდესი დემონსტრაცია იყო. ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით მმართველი პარტიის მხარდაჭერა დაბალ ნიშნულზე დაეცა. რესპონდენტთა უმრავლესობა უკმაყოფილოა სიღარიბის დონით და ეკონომიკური დაღმასვლით და თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მიუთითებს მმართველი პარტიის მზარდ მოწყვლადობაზე (პოტენციურად) გაერთიანებული ოპოზიციისა და დიდი რაოდენობის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წინაშე.
ასეთი არამყარი მდგომარეობის გათვალისწინებით, ალბათ, დროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იფიქროს საკუთარ პოლიტიკურ დაზღვევაზე. მართული მოსამართლეები შესაძლოა მომგებიან სტრატეგიად ჩანდეს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ის გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანია, რადგან მოსამართლეთა იგივე ჯგუფი სიამოვნებით შევა გარიგებაში ახალ მმართველ ელიტასთან და ოპოზიციაში გადასულ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდება. შესაბამისად, მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვის რეფორმირების და მისი პოლიტიკური ჩარევებისგან გათავისუფლებისკენ ევროკავშირის მოწოდების განხორციელება არა მარტო ქვეყნის ევროპულ გზას წაადგება, არამედ თავად „ქართული ოცნების“ როგორც პოლიტიკური პარტიის გრძელვადიანად გადარჩენის პერსპექტივას. იგივე ითქმის საარჩევნო კანონმდებლობაზე. სრულად პროპორციული სისტემის დანერგვით უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ გამარჯვებული ვერ შეძლებს „ყველაფრის მიტაცებას“ და წაგებულების დაშინებას, და გზას გაუხსნის ძალაუფლების განაწილებას და კომპრომისის კულტურას.
ქართულ პოლიტიკაში მმართველი ელიტების მიერ ინსტიტუტების მუდმივად ბოროტად გამოყენებამ შექმნა და გაამყარა ორმხრივად საეჭვო ურთიერთობები, რომლებშიც პოლიტიკურ აქტორებს არ შეუძლიათ განჭვრიტონ მომავალი ურთიერთქმედებები. საარჩევნო ბუნდოვანება ნიშნავს არა მარტო იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არამედ იმასაც, თუ რა დაემართება პარტიას, თუ ის წააგებს. რადგან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მცირდება, ახლა პარტიას იშვიათი შესაძლებლობა ეძლევა, შეამციროს ძალაუფლების დაკარგვის რისკები და მანკიერი წრე აქციოს სასიკეთო წრედ და, ამასთანავე, იყოს პირველი, ვინც ამით ისარგებლებს. თუ „ქართული ოცნების“ პარტია სერიოზულად ფიქრობს პოლიტიკურ მოედანზე დარჩენას, მან უნდა გადააფასოს საკუთარი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამბიციები და ხელახლა აღმოაჩინოს დეპოლიტიზებული ინსტიტუტების სარგებელი, რომლებიც, ევროკავშირის გარანტიების ქვეშ, პირველ რიგში მათ დაიცავს.
ქეთევან ბოლქვაძე, ლუნდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული უფროსი ლექტორი
თვალსაზრისი მომზადდა ნორვეგიის კვლევითი საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის თანამშრომლობითი კომპეტენცია: ცოდნის გაძლიერება საქართველოს სტრატეგიულ გზაზე (GEOPATH) (პროექტის ნომერი 287815) ფარგლებში, რომელიც კოორდინირებულია ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ორგანიზაციების შეხედულებებს.