26/07/2022 GIP

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ – დაეწევა ქვეყანა დაძრულ მატარებელს?!

ავტორი

ვანო ჩხიკვაძე

ვანო ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი

შესავალი

ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23-24 ივნისს აღმოსავლეთით გაფართოების მიმართულებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მაშინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და პოტენციური კანდიდატის სტატუსი ერგო. ამ ყველაფერს თან ახლავს საქართველოსთვის წაყენებული თორმეტი პრიორიტეტიც, რომელთა შესრულებაზე მუშაობა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა.

მოცემულ ეტაპზე, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებამ აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით აღმოცენებული სამი ქვეყნის არაფორმალურ ერთობაში, ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს -საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის სხვადასხვაობა გააჩინა. ამასთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებულმა დაძაბულმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა შეიძლება, საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში ტრიოს ფორმატიდან საქართველოს კიდევ უფრო მეტად ჩამოშორება გამოიწვიოს. აღსანიშნავია რომ ევროპის პარლამენტს და საქართველოს ხელისუფლებას ამ ფორმატის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის და დიდი დიპლომატიური ძალისხმევა აქვს გაღებული. წარმოდგენილი ფორმატი 2021 წლის ზაფხულში მიღებულმა ‘პეტრას ციხის’ დეკლარაციამ უფრო მეტად განამტკიცა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის გაფართოება, როგორც წესი, რეგიონული პრინციპით ხდება, ხოლო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, საქართველოს გარდა, ევროკავშირის წევრობის სურვილი, ამ დრომდე, არცერთ სახელმწიფოს გამოუთქვამს, ტრიოს ფორმატის შესაძლო დაშლა ან დასუსტება საქართველოსთვის უაღრესად ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება. მის შესანარჩუნებლად საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 რეკომენდაცია უმოკლეს დროში შეასრულოს და, ამის პარალელურად, კიევთან არსებული დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგებაზე იზრუნოს, თუ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო 2022 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. თუმცა საჭიროა, ამგვარ მოქმედებას ერთჯერადი სახე არ ჰქონდეს და მსგავსი ნაბიჯები აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდანაც გადაიდგას.

ამასთან, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სირთულეს წარმოადგენს მისი ზოგადი ხასიათი და ამით გამოწვეული ფართო ინტერპრეტაციის პრობლემა. მაგალითად, პოლიტიკურ ძალებს შორის საქართველოში დღემდე მიმდინარეობს დისკუსია, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და კონკრეტულად ვის უნდა შეეხოს იგი, ან რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებელია იმის განსაზღვრაც, თუ რა კრიტერიუმების გამოყენებით შეაფასებს ევროკავშირი წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულების ხარისხს – მაგალითად, საკმარისი იქნება მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, თუ მნიშვნელოვანია მათი აღსრულების თვალსაზრისით გარკვეული შედეგების ჩვენებაც. ბუნდოვანებაა შესრულების ვადებთან დაკავშირებითაც. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა 2022 წლის ბოლომდე მისცა. თუმცა 2022 წლის 13 ივლისს ევროპის პარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატების დროს ევროკომისიის წარმომადგენელმა 12 პირობის შესრულების ახალ ვადად 2023 წელი (სავარაუდოდ, შემოდგომა) დაასახელა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება მოკლე დროში უპასუხოს კითხვებს შეფასების კრიტერიუმებისა და რეკომენდაციების შესრულების დროსთან დაკავშირებით, რათა პოლიტიკურ კლასს ბრიუსელის პირობებთან დაკავშირებით ინტერპრეტაციის მინიმალური საშუალება ჰქონდეს.

ევროკავშირის გადაწყვეტილებანაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა?

ევროკავშირის გაფართოების ისტორია (განსაკუთრებით 2004 წლის გაფართოება) ნათელი მაგალითია იმისა, რომ წევრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ფანჯარა იშვიათად იხსნება. სწორ დროს სწორად და სწრაფად მოქმედება იმ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რაც მოცემულ მომენტში საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზაზე უდგას. 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს აღმოსავლეთით გაფართოების წინ წაწევის ძირითადი მიზეზი არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, კონკრეტულად კი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი იყო.

ევროკავშირის გადაწყვეტილებამ საქართველოს შესახებ თბილისში სიხარულისა და სინანულის გრძნობა ერთად გააჩინა. სიხარულის მიზეზს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება წარმოადგენდა. ამით ევროკავშირმა პირდაპირ და დადებითად უპასუხა კითხვას, რომელსაც ის დიდი ხნის მანძილზე არიდებდა თავს, კერძოდ, თვლიდა თუ არა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის მომავალ წევრებად. თუმცა, მეორე მხრივ, ევროკავშირმა საქართველოში ბოლო წლების მანძილზე არსებული დემოკრატიული უკუსვლისა და ხელისუფლების მიმართ მკვეთრად შემცირებული ნდობის გათვალისწინებით, თავი შეიკავა, ქვეყნისთვის პირდაპირ მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი (განსხვავებით მოლდოვისა და უკრაინისგან) და მის წინაპირობად ხელისუფლებას 12 პრიორიტეტის შესრულება მოსთხოვა. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოში ბიძგი მისცა უკმაყოფილების ტალღას, რაც ქვეყნის დედაქალაქში გამართულ მრავალათასიან დემონსტრაციებში ტრანსფორმირდა. უკმაყოფილების ადრესატი სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნებაა“, რადგანაც ბოლო წლებმა ნათლად აჩვენა, რომ თუ ხელისუფლების წინაშე დგება არჩევანი ძალაუფლების კონსოლიდაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციას შორის, უპირატესობა პირველს ენიჭება. ამის ნათელი მაგალითები იყო მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის მედიაციით შექმნილი დოკუმენტიდან „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ (იგივე „შარლ მიშელის დოკუმენტი“) გასვლა და იქ გაწერილი რეფორმების შესრულებაზე უარის თქმა; იმავე შეთანხმების სულისკვეთების საპირისპიროდ, უზენაეს სასამართლოში ექვსი ახალი მოსამართლის დანიშვნა; 2021 წლის 5 ივლისს ანტიდასავლურ მოძალადე ჯგუფის მიერ  კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის დამკვეთი პირების დაუსჯელობა; დიპლომატიური წარმომადგენლების (მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის) ფარული მიყურადების შემთხვევების გამოუძიებლობა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმება და სხვა.

ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პრიორიტეტი ნათელს ხდის, რომ რთულია, გაერთიანების წევრობის მომდევნო ეტაპებზე გადასვლა მოხდეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მწყობრიდან არის გამოსული კონტროლისა და დაბალანსების სისტემა (Check and Balance), დღის წესრიგში დგას მიტაცებული სახელმწიფოს პრობლემა, ანულირებულია ან მხოლოდ ქაღალდზე არსებობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი, დარღვეულია ადამიანის უფლებები, გრძელდება თავდასხმები დამოუკიდებელ მედიაზე, არსებობს უპასუხო კითხვები დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით, მზარდია ელიტური კორუფცია, მინიმუმამდეა შემცირებული საერთაშორისო პარტნიორების ნდობა მოქმედი ხელისუფლების მიმართ და უაღრესად დაზარალებულია საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, იმიჯი.

შეიძლება ითქვას, რომ დეოლიგარქიზაციის გარდა, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების სიაში სიახლე არაფერია. დანარჩენ თერთმეტ პრიორიტეტში წარმოდგენილი პრობლემები დასავლელი პარტნიორების შეფასების ანგარიშებში აქამდეც არაერთხელ მოხვედრილა, თუმცა მათ მოსაგვარებლად ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გამოუმჟღავნებია. ქვეყნისთვის ისტორიულ ეტაპზე, მმართველმა ძალამ საქმით იმის საპირისპირო უნდა აჩვენოს, რასაც ბოლო წლებში აკეთებდა.  ახალ რეალობაში შეცვლილ მდგენელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს.  რამდენად შეიძლება, რომ ის გახდეს რეფორმების ძლიერი სტიმულატორი, ამას დრო გამოაჩენს.

ქვეყნის დასავლური კურსის შესანარჩუნებლად „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული რეფორმების გატარება მოუწევს. დემოკრატიული რეფორმების პარალელურად, აუცილებელია, მმართველი პარტია ღიად გაემიჯნოს ყველა იმ პოლიტიკურ აქტორს, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა და მასთან პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული. ხელისუფლება, მოცემულ მომენტში, გზაჯვარედინზე დგას – მას შეუძლია ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პრიორიტეტის შესრულებით გახდეს პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პერიოდშიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო,და ამ მონაპოვრით წარდგეს 2024 წლის არჩევნებზე. მეორე მხრივ კი, ის შეიძლება იქცეს პოლიტიკურ აქტორად, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში პირველად, პირდაპირ ან ირიბად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, და კონსტიტუციით გარანტირებულ იმ არჩევანის წინააღმდეგ წავიდა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის 80% უჭერს მხარს.

ამ პროცესში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამოქალაქო საზოგადოების, ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური წრეების ჩართულობა. მათ, ერთი მხრივ, უწევთ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნით გაზარდონ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და ხელი შეუწყონ რეფორმების განხორციელებას ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების მიხედვით. ამასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, რომ, გაძლიერებული ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა შენარჩუნდეს და მოქალაქეებმა ზუსტად გაიაზრონ, თუ რა სიკეთეს მოუტანს მათ  ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეფორმების სრულფასოვნად შესრულება.

იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პრიორიტეტის შესრულება არ გახდეს ერთგვარი მოძრავი სამიზნე (moving target), აუცილებელია, ნათლად და მკაფიოდ განისაზღვროს შესრულების კრიტერიუმები და მეტად დაკონკრეტდეს შესრულების საბოლოო ვადები. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით მუშაობაში.

ცხოვრება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ  

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოყენებული რეკომენდაციები და მზადყოფნა გამოთქვა მათ შესასრულებლად. შესრულების თვალსაზრისით, გრავიტაციის ცენტრი საქართველოს პარლამენტშია და სრული პასუხისმგებლობა მმართველ ძალაზე მოდის. პარლამენტშივე თითოეული პრიორიტეტის მიხედვით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. აღნიშნული, შეიძლება, შეფასდეს, როგორც ნაბიჯი სწორი მიმართულებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პროცესის ფორმალიზების გარდა მოხდეს მისი შინაარსით გაჯერება.

ევროინტეგრაციის პროცესი არ არის სპრინტი. იგი უფრო მარათონს წააგავს. ამის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიმართულებით ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა. პირველ რიგში, აუცილებელია, შემუშავდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია. ამ ჭრილში ცალსახად შეცდომად უნდა ჩაითვალოს 2017 წელს ხელისუფლების მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთება. საჭიროა, რომ ხელისუფლებაში არსებობდეს დამოუკიდებელი უწყება, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესისა და ამასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაცია დაევალება, როგორც ეს მოხდა ცენტრალური ევროპის იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც 2004 წლის გაფართოების ნაწილი იყვნენ. 2022 წლის სექტემბერში ბრიუსელში დაგეგმილი ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც ქართულ მხარეს შეუძლია ევროკავშირს წარუდგენს პრიორიტეტების შესრულების დეტალურ გეგმას (შესრულების შესაბამისი ინდიკატორებითა და ვადებით, რისთვისაც, შესაძლოა, კარგი მაგალითი იყოს ევროკავშირის მიერ 2013 წელს საქართველოსთვის გადმოცემული ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა). მნიშვნელოვანია, ამ გეგმის მაღალი ლეგიტიმაცია ქვეყანაში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერით იყოს გამყარებული.

ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ, რეფორმების განხორციელების პარალელურად, მოხდეს ადვოკატირება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. უაღრესად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროკავშირის მოქმედ პრეზიდენტ ჩეხეთის რესპუბლიკასა და მომდევნო პრეზიდენტ შვედეთის სამეფოსთან. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდეს ერთობლივი საპარლამენტო ვიზიტები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრობლემური იქნება, თუ 2024 წლისთვის სტატუსის მიღება ვერ მოესწრო. ამ დროისთვის ევროკავშირი მეტად კონცენტრირდება შიდა საკითხებზე გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს დაგეგმილია ევროპარლამენტის არჩევნები და მტკიცდება ევროკომისიის ახალი შემადგენლობა.

და ბოლოს, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მომენტუმის შექმნაში განსაკუთრებული როლი მამაცი უკრაინელების თავისუფლებისათვის ბრძოლას მიუძღვის და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა სრულად გამოიყენოს. დღეს ტრიოს ფორმატის არსებობას მასში მონაწილე ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ საქართველოსთვის აქვს და, შესაბამისად, მის ხელისუფლებას განსაკუთრებულად მოეთხოვება,იზრუნოს ამ ფორმატის შენარჩუნება-გაძლიერებაზე. ტრიოს ფორმატი მნიშვნელოვანი საშუალებაა საქართველოსთვის, ხელი შეუშალოს ევროკავშირში სხვადასხვა საზიანო განწყობების ჩამოყალიბებას, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ღიად გაჟღერებული მოსაზრება, რომლის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაში წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც „გეოგრაფიულად სხვაგან მდებარეობს“.  საქართველოს ხელისუფლებამ, უნდა გაითავისოს, რომ ახლა ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილი შესაძლებლობის ფანჯრის ვერგამოყენების შემთხვევაში, თბილისს, შესაძლოა, მანამ მოუწიოს ლოდინი, სანამ მისი მეზობელი სამხრეთკავკასიური ქვეყნები და თურქეთი ევროკავშირში გაწევრების გზას განუხრელად არ დაადგებიან. ეს პერსპექტივა კი, საქართველოსთვის ევროინტეგრაციულ პროცესს კიდევ უფრო მეტად ართულებს.

 

ვანო ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი

, , , , , , ,