03/04/2025 GIP

სამშვიდობო პოლიტიკა მოკვდა, მშვიდობის გეშინოდეს საქართველო!

ავტორი

მედეა ტურაშვილი, მშვიდობის მკვლევარი

რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს ქართული ოცნების მიერ შექმნილი საპარლამენტო კომისიის სხდომებს, სადაც  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე სამხედრო და პოლიციის მაღალჩინოსნებს უსმენენ. დასმული შეკითხვებიდან გამოსჭვივის ინტერესი  – ბრალი დაედოს კონკრეტულ ადამიანს. ქართული ოცნების სიძულვილი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის და მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ არახალია და ქართული ოცნების საკომისიო მუშაობა პროპაგანდის მორიგ გამოვლინებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომ არა სწორედ ის მიზანი, რომელსაც ემსახურება ამ საგამოძიებო კომისიის მიერ 2008 წლის თემის ხელახალი გახსნა და ე.წ. „გამოძიება“. რა პასუხიც არ უნდა გასცენ კომისიაზე მისულმა პირებმა,  დასკვნა უკვე გამზადებულია და ის მამუკა მდინარაძემ უკვე გაახმოვანა 29 მარტს: „დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.“

რა მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას და როგორი მშვიდობის მიღწევა სურთ მათ საქართველოში? როგორია სამშვიდობო პოლიტიკა დღეს და შეუძლია თუ არა მას უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა?

2008 წლის შემდეგ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა სამ ძირითად ღერძს ეფუძნებოდა:

1) დეოკუპაცია-არ აღიარება: საქართველოს მიზანი იყო შეეკავებინა რუსეთის მიერ წახალისებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარება და უზრუნველყო რუსეთის ჯარების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამ კუთხით, დასავლელი პარტნიორების ჩართულობა და როლი უმნიშვნელოვანესი იყო. მაგალითად, 2018 წლიდან აშშ-ს სპეციალური რეგულაციებით, ამერიკული საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

2) კონფლიქტებით გახლეჩილი ქართულ-აფხაზური და ქართულ- სამხრეთ ოსური საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება: ოკუპაციის და სტატუს-კვოს პირობებში, საქართველო მიზნად ისახავდა კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის აღდგენას და ნდობის მშენებლობას, რათა დაძლეულიყო გაუცხოვება, წახალისებულიყო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები (პროფესიული, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, და აშ) და ამით, შემცირებულიყო ხელახალი დაპირისპირებისა და კონფლიქტების რისკები. ამ მიზნით შემუშავდა 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და მისი სამოქმედო გეგმა შეიქმნა სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამები და მექანიზმები, როგორიცაა ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, პირადობის და სამგზავრო ნეიტრალური დოკუმენტები, გამარტივდა ბიზნეს რეგისტრაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების მექანიზმები[1], შეიქმნა სამოქალაქო დიალოგის მრავალფეროვანი პლატფორმები, და აშ.  სამშვიდობო პოლიტიკის ამ კომპონენტს მხარს უჭერდა და პოლიტიკური, ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსის ინვესტირებას აკეთებდნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები.

3) ევროინტეგრაცია: საქართველო ევროპასთან დაახლოებისა და გაწევრიანების პროცესს ხედავდა კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთ გასაღებად, სადაც ერთიან ევროპულ საქართველოში ყველა მოქალაქის – განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, უფლებები, თავისუფლებები და კეთილდღეობა იქნებოდა დაცული.

ქართულმა ოცნებამ ეს სამივე ღერძი მოშალა.

სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შედეგად, არ არის გამორიცხული რომ  დაიწყოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ახალი ტალღა  რუსეთის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. საქართველომ დაკარგა ყველა ის მოკავშირე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და დე-ოკუპაციას მოითხოვდა.

სამაგიეროდ, ახლად გაჩენილი პარტნიორები, როგორიცაა მაგალითად ჩინეთი, ორაზროვან პოლიტიკას ატარებენ. მაგალითად, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2023 წლის შეთანხმებაში არ ჩანს ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, მაშინ როდესაც  შეთანხმების ტექსტში ვკითხულობთ, რომ „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“.[2] აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ გაეროს ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისგან ჩინეთი და გაერთიანებული არაბთა ემირატები ტრადიციულად თავს იკავებენ.

ამ ფონზე, ევრო-ინტეგრაციის პროცესიდან გადახვევამ და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლამ ძირი გამოუთხარა სამშვიდობო პოლიტიკას და მის ძირითად ამოცანებს. შემცირებულია პირდაპირი დიალოგის არხები ყველა დონეზე. ქართული ოცნების ხელისუფლებას წლებია ფორმალური თუ არაფორმალური კავშირები არ ჰქონია აფხაზ და ოს კოლეგებთან თუ საზოგადოებასთან. პირდაპირ დიალოგს ინარჩუნებდა მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, ისიც დასავლელი პარტნიორების დახმარებით.

სამოქალაქო საზოგადოებაზე უპრეცედენტო ზეწოლამ, მათთვის აგენტების იარლიყის მიწებებამ, საბოლოო შედეგად უკვე მოიტანა ის, რომ სრულად გაწყვეტილია კონტაქტი კონფლიქტები/უსაფრთხოების ანალიტიკოსებს, დიალოგში და მშვიდობის მშენებლობაში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის.

აღარ ხდება ინფორმაციებისა და მოსაზრებების გაზიარება და პოლიტიკის საკითხებზე დისკუსია. ასევე, შეჩერებულია მშვიდობის ფონდის საქმიანობა, რომელიც ევროპელი პარტნიორების დახმარებით ქართველი და აფხაზი მეწარმეების საერთო ეკონომიკურ საქმიანობას უწყობდა ხელს.[3] ეს იყო კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა და მიზნად ისახავდა გამყოფი ხაზის გასწვრივ ეკონომიკური კავშირების წახალისებას.

სერიოზული ჩავარდნაა სამშვიდობო პოლიტიკის კიდევ ერთ ამოცანის შესრულებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებას და ჩართულობას ისახავს მიზნად. დღეს დასავლელ პარტნიორებს შეწყვეტილი აქვთ ურთიერთობა საჯარო უწყებებთან, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. მაგალითისთვის, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ გვერდიდან აღებული ინფორმაციის თანახმად,  2024 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის მარტის ბოლომდე სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა შეხვედრა 4 შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორთან საიდანაც 3 საქართველოში გაეროს ოფისების წარმომადგენლებთან იყოს. მაშინ როდესაც,  2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდში მას 28 შეხვედრა ჰქონდა დიპლომატებთან, დასავლური ქვეყნების და ორგანიზაციების დელეგაციებთან. ეს ქართული ოცნების  იზოლაციის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც პირდაპირ აისახება უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე საქართველოში.

საქართველოს არასდროს არ ჰქონია სამშვიდობო პოლიტიკა დასავლელი პარტნიორების პოლიტიკური, ეკონომიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, საქართველომ არ  იცის რას ნიშნავს სამშვიდობო პოლიტიკა მათთან თანამშრომლობის გარეშე.

მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მოგვარების დასავლური ცოდნის, მიდგომების და მეთოდოლოგიის გარდა სხვა ცოდნა და მიდგომა საქართველოს არ გააჩნია.  სხვა არც ერთ ქვეყანას თუ რეგიონულ აქტორს არ აქვს უნარი და ინტერესი ითამაშოს ისეთივე როლი და იყოს რუსეთის დომინაციის საპირწონე.

მიუხედავად ამისა, ქართულმა ოცნებამ საგარეო კურსი შემოატრიალა  და საქართველოსადმი ინტერესის გასაღვივებლად ფსონს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე – შუა დერეფანზე დებს, რომლის მიხედვითაც საქართველო უნდა გახდეს ევროპისკენ მიმავალი ჩინური თუ ცენტრალური აზიის ტვირთების სატრანსპორტო არხი. ინტენსიური გახდა მაღალი დონის შეხვედრები და თანამშრომლობის მოწოდებები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ სამეფოსთან, ჩინეთთან, და აშ.  ამის გარდა, ქართული ოცნება არც 3+3 ფორმატის მონაწილეობას გამორიცხავს. ეს ფორმატი ირანს, თურქეთსა და რუსეთს,  აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს, რომლებიც მიზნად ისახავენ უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას. შესაბამისად, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს დაემატება ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი და კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს გააჩენს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის.

საგარეო კურსის ასეთ შემობრუნებას შემდეგი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სამშვიდობო პოლიტიკაზე:

პირველი, სამშვიდობო პოლიტიკაში დასავლური ჩართულობის ალტერნატივა ვერცერთი  პარტნიორი ვერ გახდება, თვით თურქეთიც კი. შესაბამისად, საერთაშორისო ჩართულობის ვაკუუმის ამოვსებას ისევ რუსეთი შეეცდება. ის კვლავ მოირგებს მედიატორის როლს აფხაზებსა და ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის როგორც ეს იყო 2008 წლამდე, ის შექმნის ყალბ პლატფორმებს, რომელშიც პრო-რუსი „საზოგადოებრივი მოღვაწეები“ ჩაერთვებიან და შექმნიან დიალოგის და თანამშრომლობის ილუზორულ პროცესებს, იმის დასამტკიცებლად, რომ კონფლიქტების მოგვარების გასაღები მოსკოვშია.

იმ პირობებში, რომ საქართველო კარგავს დასავლელ პარტნიორებს, ხოლო ამერიკა ამცირებს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მხარდაჭერას, რაც ევროპის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შენარჩუნებაც. რუსეთი დიდი ხანია ცდილობს დაასუსტოს ეს მექანიზმები და ამ მიზნის მიღწევაში დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებაც ეხმარება.

მეორე, რუსეთი კვლავ გააჩენს კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის და კონტრაბანდის შესაძლებლობებს ცხინვალის თუ აფხაზეთის გავლით. შესაძლებელია, მართლაც გაიზარდოს ვაჭრობა და ეკონომიკური საქმიანობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზზე, გამარტივდეს გადაადგილება და აშ. თუმცა ეს ყველაფერი მოხდება კონკრეტული კორუმპირებული, მმართველ წრეებთან დაახლოებული, პრივილეგირებული ადამიანებისთვის და არა რიგითი მოქალაქეებისათვის.  დღესაც კი გალის მოსახლეობა მუდმივად წუხს საყოფაცხოვრებო ტვირთების შეტანაზე აფხაზეთში, მაშინ როდესაც ყველასთვის თვალხილულია ტონობით სასოფლო სამეურნეო ტვირთის მოძრაობა ენგურის ხიდზე.[4]

მესამე, სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს გავლით და საქართველოსთან გახსნილი სავაჭრო ურთიერთობები, არა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, არამედ საოკუპაციო ხაზზეც, რუსეთის ინტერესის სფეროში ხვდება, მათ შორის ევროპული სანქციების ფონზეც. რუსეთმა უკვე აღადგინა სოხუმის აეროპორტი, აფართოებს ოჩამჩირის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურას, ენგურის ხიდზე უკვე მოაწყვეს საავტომობილო პარკირება, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით „ტრანზიტისთვის“ არის განკუთვნილი. გალის რაიონში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მალე აღდგება და გამარტივდება გადაადგილება ენგურის ხიდზე.[5] სავაჭრო და სატრანსპორტო მექანიზმების სრულფასოვანი ამოქმედებისთვის, რჩება რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გაუქმება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეა წულუკიანის კომისია: დაამტკიცოს სააკაშვილის ბრალი ომის დაწყებაში, ამით შეამსუბუქოს რუსეთის შემოჭრის სამართლებრივი თუ მორალური არგუმენტები და შექმნას საფუძველი რუსეთთან დიპლომატიური  და პირდაპირი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის.

ეს ორმხრივად მომგებიანი თამაშია, როგორც ივანიშვილისთვის ისე კრემლისათვის: სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნებისა და რუსეთთან ეკონომიკური დაახლოებით ივანიშვილი და მისი ანტურაჟი დააგროვებს მეტ ფულსა და კაპიტალს[6], კრემლი კი იხეირებს სანქციების გვერდის ავლით და დაიბრუნებს საქართველოზე ზეგავლენის მოხდენის ყველა ბერკეტს.

ასეთ „მშვიდობაში“ საქართველო და მისი მოქალაქეები მარცხდებიან: ქართული ოცნების შემოთავაზებული მშვიდობა ნიშნავს იგივე წყალში მეორედ შესვლას – საქართველოს დაბრუნებას 1997-2002 წლების მდგომარეობაში, ხოლო  კონფლიქტების მოგვარება დაბრუნდება რუსეთის ქოლგის ქვეშ, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის მიერ შენარჩუნდება.

საქართველოს კი შერჩება რუსეთს გადაბარებული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა და კორუფციული, ავტორიტარული რეჟიმი თავისი ჩრდილოვანი ეკონომიკით და ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტებით.

დასკვნით სახით, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სისტემატურად და მიზანმიმართულად ასუსტებდა ქართულ სამშვიდობო პოლიტიკას, ჩამოიშორა სამშვიდობო პოლიტიკის ყველა მხარდამჭერი – როგორც დასავლელი პარტნიორები ისე ქართული სამოქალაქო საზოგადოება. ეს სრულ თანხვედრაშია რეგიონში კრემლის ინტერესებთან. ივანიშვილის  პირადი და მისი უახლოესი გარემოცვის ეკონომიკურმა და ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესებმა საბოლოოდ გადაწონა საქართველოს ეროვნული ინტერესები – სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოება და მშვიდობა.

_______________________________________________

[1] პროგრამა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. https://smr.gov.ge/ge/page/40/nabiji-uketesi-momavlisken
[2] საინტერესოა, რომ მაგალითად კვიპროსთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაში, ჩინეთი მხარს უჭერს კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობას.
[3] ავტორის ინტერვიუები.
[4] ავტორის ინტერვიუები და დაკვირვებები.
[5] ავტორის ინტერვიუები.
[6] მაგალითად, ბრიტანული მედიის ცნობით ტვ იმედის მფლობელი და ივანიშვილთან დაახლოებული ირაკლი რუხაძის ბრიტანული კომპანია Hunnewell Partners ეხმარებოდა რუსეთის ერთერთ ყველაზე დიდ ტელეკომუნიკაციების კომპანიას და რუს ოლიგარქს, პუტინთან დაახლოებულ რომან აბრამოვიჩს უზბეკეთში კორუფციულ გარიგებებში. იხილეთ:https://bylinetimes.com/2025/03/31/moscows-ties-to-the-georgian-regime-ran-through-kensington-and-chelsea
© Cover Photo: Reuters 
, , , , , , , , ,