Authors

26/07/2021 ბიძინა ლებანიძე

მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალიზაცია და საქართველოს ევროპული მომავალი

ბიძინა ლებანიძე[1] შოთა კაკაბაძე[2]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში ყოველთვის წარმოადგენდა სოციალური შემაკავშირებლისა და თანამედროვე ქართული იდენტობის მნიშვნელოვან მარკერს. თუმცა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიამ ზნეობრივი უპირატესობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ისტორიული მდგომარეობიდან უფრო მეტად რადიკალური პოზიციისაკენ გადაინაცვლა.

აღნიშნულ ტენდენციას ადასტურებს სამღვდელოების ნაწილის ანტი-LGBTQI ძალადობრივ პროტესტში მონაწილეობა და სამღვდელოების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან აქამდე არნახული მასშტაბის ანტი-ლიბერალური და ანტი-დასავლური რიტორიკაც. ეს მოვლენები მიანიშნებს ეკლესიის თანდათანობით რადიკალიზაციაზე, როგორც  შემაშფოთებელ ტენდენციზე, რამაც შესაძლოა ქართულ საზოგადოებაში იდენტობის კრიზისი გამოიწვიოს და მისი სოციალური ერთიანობა დაარღვიოს.

ცივი ომის დასრულების და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული იდენტობა ორ მთავარ იდეას დაეფუძნა: მართლმადიდებელ ქრისტიანობას და „ევროპულ ოჯახში დაბრუნებას“. კავკასიის ბარომეტრის მონაცემებიც გვიჩვენებს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს (ცხრილი 1), ხოლო ცხრილი 2 მოწმობს, რომ მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ევროკავშირში გაწვევრიანების მხარდაჭერაც მნიშვნელოვნად მაღალია. 

ცხრილი 1

ცხრილი 2

 

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ქართული ეროვნული იდენტობის ეს ორი საყრდენი მშვიდობიანად თანაარსებობდა, რაც ნაწილობრივ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოქნილი პოლიტიკის დამსახურებაცაა. ეკლესია ყოველთვის ახერხებდა ტრადიციულ ღირებულებებსა და საქართველოს ევროპულ ორიენტაციასა და დასავლური ინტეგრაციის მიმართულებას შორის ბალანსის დაცვას. ცალკეული გავლენიანი სასულიერო პირების ანტი-დასავლური დისკურსის საპირწონედ საქართველოს პატრიარქი ხშირად პირადადად გამოხატავდა ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერას.

რა დაემართა ეკლესიას? დამბალანსებლიდან „მჩაგვრელამდე“

მიუხედავად ეკლესიის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის ფორმალური მხარდაჭერისა, მისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებზე დღემდე სადაოდ რჩება, ვინაიდან უმაღლეს იერარქებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებზე. ეკლესიის უარყოფითი როლი ცალსახაა, იქნება ეს სკოლაში ახალი საგნების შემოღების წინააღმდეგ მათი წარმატებული პროტესტი თუ  უმცირესობათა დასაცავად ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების საწინააღმდეგო მცდელობები. რიგ შემთხვევებში, ეკლესიამ ასევე წაახალისა ჰომოფობიური ჯგუფები, რათა აღეკვეთათ LGBTQI მხარდამჭერი აქტივობები.

მიუხედავად ამისა,  ეკლესიას აქამდე არ გადაულახავს  სოციალური თუ პოლიტიკური წითელი ხაზები საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. ფორმალურად მაინც, საპატრიარქო  ყოველთვის უჭერდა მხარს ევროპულ ინტეგრაციას და სამღვდელოების მაღალი თანამდებობის პირების რიტორიკაც ევრო-ატლანტიკურ მომავლის მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. ეკლესიის მნიშვნელოვანი როლი თავად ევროკავშირმაც აღიარა და დაიწყო მისი ჩართვა პოლიტიკურ დიალოგში. 2019 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელშიც იმყოფებოდა.

თუმცა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიაში დრამატული ცვლილებები შეინიშნება. სამღვდელოების რადიკალურმა ნაწილმა, მათ შორის გავლენიანმა ეპოსკოპოსებმა, მასიურად დაიწყეს ანტი-ევროპული, ანტი-დასავლური და ანტი-ლიბერალური დისკურსის გავრცელება. მართალია, რომ ეკლესია ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა LGBTQI თემის საზოგადოებრივ ემანსიპაციას მათი უფლებებისა და თავისუფლებების ინსტიტუციონალიზაციის გზით. თუმცა, ამის ფონზეც, სამღვდელოების მხრიდან გავრცელებული სიძულვილის ენის მზარდი ტენდენცია ცალსახად შემაშფოთებელია.

გარე დამკვირვებლების თვალით როგორც ჩანს, ეკლესიის რადიკალურმა, ანტი-ევროპულმა ფრთამ მოახერხა ძალაუფლების კონსოლიდაცია და დაჩრდილა ზომიერი პოზიციები ეკლესიის შიგნით. რაც კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობით, ეკლესია დაშორდა ნეიტრალური არბიტრის პოზიციას და  მთავრობასა და ოპოზიციას და ასევე, მათ მხარდამჭერებს შორის რადიკალური პოლიტიკური პოლარიზაციის ნაწილად იქცა. თუმცა, ეკლესიის ქმედებები კონტრ-პროდუქტიულია: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ანტი – LGBTQI პოზიციისაა, აღნიშნული არ წარმოადგენს მოსახლეობის ინტერესის მთავარ საკითხს – მოსახლეობას  მეტად აწუხებს ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა. ამასთანავე, ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებში სამღვდელოების მონაწილეობით ეკლესიამ შესაძლოა დაკარგოს ის ზნეობრივი უპირატესობა, რითაც ის ბუნებრივად სარგებლობს ისეთ ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა.

ფართო გაგებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც შეიძლება წინაამღდეგობაში მოვიდეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ქართული ეროვნული იდენტობის კონკრეტულ კონსტრუქციასთან. ამას ექნება ხანგრძლივი უარყოფითი შედეგები ეკლესიისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის, თუმცა ასევე საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული მომავლისთვის. უშუალო ეფექტი უკვე სახეზეა – უცხოელი ტურისტების ნაწილმა გააუქმა საქართველოში დაგეგმილი მოგზაურობა.  თუმცა მხოლოდ დრო გვიჩვენებს, მოვლენათა ამგვარი უარყოფითი განვითარება მომავალში რამდენად მოახდენს გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

რადიკალიზაცია დააზარალებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, არსებობს რამდენიმე  მიზეზი, თუ რატომ არ შედის ანტი-დასავლური დისკურსი ეკლესიის გრძელვადიან ინტერესებში და სავადაუდოდ შეასუსტებს ეკლესიის გავლენას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი ეფუძნება არა მხოლოდ ღირებულებებსა და ტრადიციებს, არამედ უკავშირდება ევროკავშირის მხრიდან კონკრეტულ მატერიალურ დახმარებასა და ეკონომიკურ ინიციატივებს, რაც რიგითი მოქალაქის კეთლდღეობაზე პირდაპირ აისახება. ამდენად, გრძელვადიან პერსპექტივაში  ეკლესიის ანტი-დასავლურმა დისკურსმა, ბრიუსელთან ურთიერთობის გაუარესების ფასის გათვალისწინებით,  შესაძლოა შეასუსტოს ეკლესიის გავლენა.

ასევე, როდესაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი მმართველობის შეცვლის საკითხი დადგება, მოსალოდნელია  ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლა – რასაც ბოლოდროინდელი სავარაუდო დაგეგმილი მკვლელობის საქმის სკანდალიც ადასტურებს. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია პატრიარქ ილია მეორის პერსონის კულტი, როგორც  პიროვნების, “რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტად ენდობიან“ – რაც  ნიშნავს, რომ ეკლესიის პოპულარობა გარკვეულწილად მის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ეფუძნება.

ეკლესიის რადიკალიზაციამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ეკლესიის მრევლის განათლებული, ქალაქად მცხოვრები და შეძლებული ნაწილის ეკლესიიდან გამოსვლა. სხვადასხვა მონაცემები აჩვენებს რომ ქართველები რელიგიურები არიან არა თეოლოგიური გაგებით, არამედ ქრისტიანობას განიხილავენ როგორც სიმბოლურ, სამოქალაქო ცნებად – ქრისტიანობა განიხილება, როგორც ქართული ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედი.[3] თუმცა, თუ ევროპელობის იდეა და ეკლესიისადმი კუთვნილება ურთიერთგამომრიცხავი გახდება, და საპატრიარქოც, ნებსით თუ უნებლიედ განაგრძობს ანტი-დასავლურ რიტორიკას, ეს პროცესი გამოიწვევს ბევრი სოციალური კავშირების გაწყვეტას და მრევლის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისა და ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის, ეკლესიისგან გაუცხოვებას. თუ ეკლესია ამ გზით წავა, მას გაუჭირდება ქვეყნის ყველაზე პოპულარული და სანდო ინსტიტუტის პოზიციის შენარჩუნება.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის ანტი-ევროპული რადიკალიზაცია სარგებელს არ მოუტანს არც თავად ეკლესიას და არც ქვეყანას. ეკლესია არ არის ვალდებული და არც მოსალოდნელია, რომ მიესალმებოდეს LGBTQI მხარდამჭერ მარშს ან ნებისმიერ საკითხს, რაც მას მორალურად არასწორად მაჩნია. თუმცა, სამღვდელოებამ უნდა იპოვოს გზა, თუ როგორ მოახდენს თავისი პოზიციების კომუნიკაციას საზოგადოებასთან მშვიდობიანი, სამოქალაქო და არა-ძალადობრივი გზით. რაც უფრო მნიშვნელოვანია, საპატრიარქომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეკლესია, ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები და ორგანიზაციები არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის იდეას. რამდენადაც რადიკალიზაცია არამხოლოდ ქართულ ლიბერალურ-დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს დააზარალებს, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად ეკლესიის, როგორც ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ინსტიტუტის სტატუსს მიაყენებს ზიანს.


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უფროსი ანალიტიკოსი, პოსტდოქტორული მკვლევარი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და კავკასიის კვლევის ინსტიტუტში და საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
[2] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი
[3]  მაგალითად World Values Survey-ის მიხედვით, ქართველების 78.5% ეთანხმება რომ ეკლესიის „ძირითადი არსი არის სხვას სიკეთე გაუკეთო“ და მხოლოდ 18.6% ეთანხმება რომ მისი მნიშვნელობაა „მისდიო რელიგიურ ნორმებს და ცერემონიებს“. წყარო: World Values Survey. 2021. “WV6 Results Georgia 2014 v20180912“. ხელმისაწვდომია: https://www.worldvaluessurvey.org/WVSDocumentationWV6.jsp. ბოლოს ნანახია: 19 July 2021.
, , , , , , ,