14 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გამართა ონლაინ დისკუსია თემაზე: რადიკალი მემარჯვენეობის ზრდა: რა ასაზრდოებს ამ პროცესს? დისკუსია წარიმართა ამერიკელი კინორეჟისორის დანიელ რაგუსისის ფილმის “იმპერია“ გარშემო.
ფილმი “იმპერია” გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალგაზრდა თანამშრომლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩანერგილია თეთრ რასისტებთან.
თეთრკანიანთა მხარდამჭერი, რადიკალურად განწყობილი ტერორისტული დაჯგუფება ცნობილია, როგორც იმიგრანტების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობრივი ქცევებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით. ისინი ეწინააღმდეგებიან გლობალიზაციას და მიიჩნევენ, რომ “მრავალფეროვნება” არის კოდური სიტყვა, რომელიც ნიშნავს “თეთრკანიანთა გენოციდს”. იდეალისტი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი, ნეით ფოსტერი, საიდუმლო მისიით ცდილობს აღნიშნული რადიკალური დაჯგუფების დაშლას. პერსპექტიულ ანალიტიკოსს მოუწევს ახალი იდენტობის გათავისებასთან გამკლავება და ამავდროულად, თავისი პრინციპების შენარჩუნება, დანაშაულებრივ სამყაროში გზის გაკვლევის პარალელურად. ფილმს სააშკარაოზე გამოაქვს, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ულტრამემარჯვენე რადიკალიზმი და ნაციონალიზმი და რა გრძელვადიანი შედეგები შეიძლება ჰქონდეს რასობრივ სიძულვილს. ასევე, რასობრივი უპირატესობის მხარდამჭერი, ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობაში ჩართული ადამიანების ინდივიდუალურ ისტორიებზე აქცენტირებით, ფილმი ანტილიბერალური განწყობების გამომწვევ მთავარ მიზეზებს აჩვენებს.
დისკუსიის ძირითადი მომხსენებელი და მოდერატორი კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი გახლდათ, რომელმაც დისკუსიის დასაწყისში მიმოიხილა მხატვრული ფილმი „იმპერია“ და პარალელები გაავლო სხვა ფილმებთან, სადაც რადიკალური მემარჯვენე მოძრაობა ასევე რასისტულ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მოტივებზე იქმნება. როგორც მან აუდიტორიას განუმარტა, მიუხედავად იმისა, რომ რასიზმის თემა კინოში სიახლე არ არის, ბოლო წლებში, მათ შორის, ჰოლივუდში სულ უფრო ბევრი ფილმი ეხება ამ საკითხს. მისი თქმით, კრიტიკოსების დიდი ნაწილი ამას ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირებს. ამხრივ, ამერიკა არ არის გამონაკლისი, ევროპულ ქვეყნებშიც მზარდია ნაციონალისტურ-ფაშისტური თუ რასისტული რიტორიკა, თანაც უკვე არა მხოლოდ მარგინალურ დაჯგუფებებში, არამედ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიც არჩევნებშიც მონაწილეობენ და ხშირად გამარჯვებასთან ახლოს არიან. როგორც თეო ხატიაშვილმა თქვა, ავტორი წიგნისა, რომლის მიხედვითაც არის ფილმი “იმპერია” გადაღებული, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რასისტული ორგანიზაციების მოქმედება, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ხელისუფლებებისადმი.
მოხსენების ბოლოს, შეკითხვები, რომლებიც დისკუსიისას დაისვა ძირითადად მემარჯვენე ნაციონალიზმის ზრდის მიზეზებს შეეხებოდა, – რა კვებავს ამ პროცესს? არის თუ არა გარკვეულწილად ეს ლიბერალიზმისა და დემოკრატიის კრახი?. დისკუსიაში მონაწილეებმა პარალელები გაავლეს ფილმის სიუჟეტსა და საქართველოში რადიკალური მოძრაობების ქმედებებს შორის. ზოგიერთმა ყურადღება ზედმეტი შეზღუდვების ნეგატიურ შედეგებზე გაამახვილა, კერძოდ ფაშიზმზე გამარჯვების დღის არაღნიშვნასა და მასთან დაკავშირებულ სენტიმენტების არგათვალისწინებაზე, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომელსაც ახლობლები ომში დაეღუპათ. მონაწილეთა ნაწილმა ონლაინ აუდიტორიის ყურადღება ახალგაზრდებს შორის დიალოგის მნიშვნელობასა და მემარჯვენე ჯგუფებთან კომუნიკაციის აუცილებლობას მიაპყრო და აღნიშნა, რომ რადიკალიზმზე საპასუხო რადიკალური ქმედებები დაუშვებელია.
საბოლოო ჯამში, დისკუსია საინტერესოდ წარიმართა, მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა, რომ შემდგომ დისკუსიაში, რომელიც დოკუმენტური ფილმის შესახებ გაიმართება, მონაწილეობას კიდევ მიიღებენ და ფილმის შერჩევის პროცესშიც ჩაერთვებიან.
საჯარო დისკუსია ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით გაიმართა ქართულ ენაზე და მასში ოცდაათამდე დაინტერესებული ადამიანი ჩაერთო, რომელსაც წინასწარ ჰქონდა ფილმი ნანახი.
დისკუსია წარმოადგენდა რიგით მეორე ღონისძიებას დისკუსიების სერიიდან “ანტი-ლიბერალური ტენდენციების ანალიზი საქართველოში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF). ფილმის “იმპერია” შესახებ დისკუსია გაიმართა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP)-ის მიმდინარე პროექტთან “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” თანამშრომლობით, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.