25/06/2020 magda

ვებინარ-დისკუსია: “ნიშნავს თუ არა ნაციონალიზმი ევროსკეპტიციზმს?”

2020 წლის 24 ივნისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) Საჯარო დისკუსიების სერიის ანტილიბერალური ტენდენციების ანალიზი საქართველოში რიგით მეორე ვებინარ-დისკუსია გამართა თემაზე – “ნიშნავს თუ არა ნაციონალიზმი ევროსკეპტიციზმს?”. Საჯარო დისკუსიების სერია ღია საზოაგდოების ფონდის (OSGF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია, საქართველოში მემარჯვენე რადიკალიზაციის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა.

შეკითხვები, რომლის გარშემოც დისკუსია წარიმართა, შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შეიცავს თუ არა საქართველოში ულტრამემარჯვენე ნარატივები ანტი–ევროპულ ელემენტებს და რა კავშირია ევროსკეპტიციზმსა და ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური აქტორების პრორუსულ დამოკიდებულებებს შორის?

ღონისძიებას ორი მთავარი მომხსენებელი ჰყავდა: დოქტ. ფლორიან ბიბერი – გრაცის უნივერსიტეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და პოლიტიკის მიმართულების პროფესორი და ამავე უნივერსიტეტში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრის დირექტორი. ის “ბალკანეთი ევროპაში” პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის (BiEPAG) კოორდინატორია. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს ეთნოსთა შორის ურთიერთობებს, ეთნიკურ კონფლიქტებსა და ნაციონალიზმს და ფოკუსირდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე.

თავის მოხსენებაში, პროფ. ბიბერმა განიხილა, იწვევს თუ არა ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმი  ევროსკეპტიციზმს და ისაუბრა იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ნაციონალისტურ, პოპულისტურ და ულტრამემარჯვენე პარტიებს ევროკავშირის მიმართ, რა ძირითად ევროსკეპტიკურ თემებსა და მითებს უჭერენ ისინი მხარს.

პროფესორ ფლორიან ბიბერის თქმით, ევროპაში შეინიშნება ისეთი პარტიების მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებიც საზღვრების გამკაცრებული კონტროლისა და თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის მომხრენი არიან. ასეთი პარტიები ევროპარლამენტშიც არიან და მათ შეიძლება ევრო-ფაშისტური პარტიებიც ვუწოდოთ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური დეპუტატების რაოდენობა ევროპარლამენტში საგრძნობლად გაიზარდა. Თუმცა, Როგორც ფლორიან ბიბერმა აღნიშნა, ზოგადად, ეს მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიები არასტაბილურები არიან და, შესაბამისად, მათი პოზიციონირებაც მერყევია. შეკითხვაზე არიან თუ არა ეს პარტიები ანტი-ევროპულები, – პროფესორი ბიბერი პასუხობს, რომ მათ შეიძლება უფრო ევროსკეპტიკოსები დავარქვათ, თუმცა აქაც უნდა გაიმიჯნოს სკეპტიკურობა ევროპისადმი იგულისხმება, თუ ევროკავშირისადმი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ეს პარტიები ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერები გახდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ბრექსითის სცენარის გამეორების მომხრეები არ არიან. ამას ორი მიზეზი აქვს – ერთი ის, რომ ბრიტანეთისთვის ბრექსითის შედეგები არ იყო სახარბიელო და მეორე – ეს პარტიები ევროკავშირისგან ფინანსურ სარგებელს იღებენ. Ამ პარტიებს ევროკავშირის შესახებ განსხვავებული აღქმა აქვთ და, შესაბამისად, ისინი “სხვანაირი” ევროპისთვის იბრძვიან. ფლორიან ბიბერმა განმარტა, რომ ეს პარტიები ევროკავშირის წევრ მეზობელ სახელმწიფოებში მტრებს არ ხედავენ. საფრთხედ ისინი  მიგრანტებს, ისლამსა და  ევროკავშირის არა-წევრ სახელმწიფოებს განიხილავენ.

მეორე მთავარი მომხსენებელი გახლდათ დოქტ. ჯონ ჰოლი – მაკგილის უნივერსიტეტის (მონრეალი) შედარებითი ისტორიული სოციოლოგიის პროფესორი. ის 20-ზე მეტი წიგნის ავტორი და რედაქტორია. Მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: ერები, სახელმწიფოები და იმპერიები, ომი, ნაციონალიზმი.

პროფ. ჰოლმა მიმოიხილა სხვადასხვა სახელმწიფოების პრაქტიკა და განსაკუთრებული ყურადღება იმ მიზეზებზე გაამახვილა, რომლებიც საზოგადოებებს ევროსკეპტიციზმისკენ უბიძგებს. მან ასევე ისაუბრა ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმის ესკალაციისა და ძალადობრივ ქმედებებში გადაზრდის შესაძლებლობებზე.

როგორც დოქტ. ჯონ ჰოლმა განმარტა, ნაციონალიზმი არ ნიშნავს ევროსკეპტიციზმს. მაგალითისთვის მან დანიაში გამართული დებატები მოიყვანა, რომლის დროსაც ევროპის სავალუტო კავშირში ქვეყნის გაწევრიანება განიხილებოდა. დებატების ორივე მხარეს – სავალუტო კავშირში გაწევრიანების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს,  ნაციონალისტები წარმოადგენდნენ. მომხრეთა არგუმენტი იყო ის, რომ სავალუტო კავშირი ქვეყნის კეთილდღეობისთვის სარგებლიანი იქნებოდა. პროფ. ჰოლმა, ასევე, ისაუბრა ორმაგი იდენტობის საკითხზე და თქვა, რომ ბევრ ადამიანს დღეს, ევროპაში ორმაგი იდენტობა აქვს –  ერთი მხრივ, ევროპული და მეორე მხრივ –  ეროვნული.

დისკუსიის ქართველმა მომხსენებელმა გივი სილაგაძემ, GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსმა, თავისი პოლიტიკის ნარკვევი “არის თუ არა პოპულიზმი ევროსკეპტიკური საქართველოში?” წარადგინა. ნარკვევი ტაგარტისა და სერბიაკის (2004) მიერ შემოთავაზებულ ევროსკეპტიციზმის ტიპოლოგიას ქართულ კონტექსტს არგებს და მიზნად ისახავს პოპულიზმსა და ევროსკეპტიციზმს შორის თანაკვეთის განსაზღვრას თანამედროვე საქართველოში. მისი მიგნებების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ პოპულიზმი საქართველოში სრულად ევროსკეპტიკური არ არის. თუმცა, მემარჯვენე პოპულიზმი და ევროსკეპტიკური განწყობები, როგორც ჩანს, მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

გივი სილაგაძემ, თავის მოხსენებაში, ფოკუსი ნაციონალიზმიდან პოპულიზმზე გადაიტანა, რადგანაც თავისი კვლევის ამოსავალი წერტილი სწორედ პოპულიზმია. Როგორც მან აღნიშნა, ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში პოპულიზმის ცნება განსხვავებულად გამოიყენება და არ ემთხვევა მის აკადემიურ მნიშვნელობას. გივი სილაგაძემ ყურადღება ნაციონალისტურ და უფრო მეტად რადიკალურ ნატივისტურ პოპულიზმზეც გაამახვილა და ამ კუთხით საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი აქტორები მიმოიხილა. ამ აქტორებისთვის ხალხის ცნება ორი მნიშვნელობით გამოიყენება: ერთი, როგორც დაჩაგრული და უფლებაწართმეული, თუმცა მორალურად აღმატებული და მეორე – ხალხი, როგორც ეთნოკულტურული და რელიგიური ერთობა.

გივი სილაგაძემ, ასევე, ისაუბრა ხისტ და რბილ ევროსკეპტიციზმზე საქართველოს კონტექსტში. ხისტი ევროსკეპტიციზმი ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო რბილი – არ გამოხატავს წინააღმდეგობას, თუმცა კონკრეტულ ქმედებებსა და პოლიტიკას ეწინააღმდეგება ან მიიჩნევს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან კონფლიქტშია. დასკვნის სახით, გივი სილაგაძემ თქვა, რომ საქართველოში პოპულიზმი ავტომატურად არ გულისხმობს ევროსკეპტიციზმს და პირიქით. თუმცა, როდესაც საუბარია ნატივისტურ პოპულიზმზე, მას საქართველოში ევროსკეპტიციზმი და ანტილიბერალიზმი ახასიათებს.

ღონისძიების ბოლო მომხსენებელი გახლდათ ქეთი სართანია – დამოუკიდებელი მკვლევარი, რომლის პრეზენტაცია შეეხებოდა ალექსანდრე ცურკავასთან მისივე თანაავტორობით შექმნილ კვლევით დოკუმენტს “ონლაინ ჯგუფების ულტრანაციონალისტური ნარატივები საქართველოში”.

ქეთი სართანიამ ისაუბრა ულტრანაციონალისტურ ნარატივებზე ქართულ სოციალურ მედიაში, კერძოდ Facebook-ში. კვლევის ფარგლებში, გაანალიზებულ იქნა 20,000-ზე მეტი ფეისბუქ პოსტი. მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ განსხვავებული ჯგუფები თემატურად მსგავს თემებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ასეთი თემა ზოგადად ევროპაა. ეს ჯგუფები ევროპის ორ განმარტებას იყენებენ – პირველი დაკავშირებულია ევროკავშირთან და საქართველოს პოლიტიკასთან ევროკავშირის მიმართ, უფრო კონკრეტულად კი შეეხება უმცირესობათა უფლებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, მიგრანტებსა და ლიბერალურ მედიას. მეორე განმარტება დაკავშირებულია ევროპასთან, როგორც ქრისტიანულ ცივილიზაციასთან. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული ჯგუფები ანტიისლამური ხასიათისაა. ქეთი სართანიამ აღნიშნა, რომ ულტრანაციონალისტური ჯგუფებისთვის ევროკავშირის სამი ქვეყანაა განსაკუთრებით საინტერესო – საფრანგეთი, იტალია და უნგრეთი. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ამ ჯგუფებისთვის ტრამპის პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის და რომ მათი ევროსკეპტიციზმის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება  ესეც  იყოს. Როგორც ქეთი სართანიამ თქვა, 2010 წლიდან ულტრანაციონალისტური ჯგუფების სივრცე კიდევ უფრო ფართოვდება და სოციალურ სივრცეში გადადის, რადგანაც ამ ჯგუფებმა ვერ იპოვეს თავისი ადგილი ქართულ ლიბერალურ მედიაში და ალტერნატიული სივრცე შექმნეს. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ 2008 წლის ომმა ახალი ტიპის ნაციონალიზმის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. Მოხსენებაში, ქეთი სართანიამ ასევე ისაუბრა ევროსკეპტიციზმის ფენომენზე ქართულ კონტექსტში – იმის  შესახებ, თუ რა განსხვავებაა ნაციონალისტურ და სამოქალაქო ევროსკეპტიციზმს შორის.

მოხსენებების დასრულების შემდეგ, ვებინარი კითხვა-პასუხის სესიით გაგრძელდა. დამსწრეების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა: ევროსკეპტიციზმსა და ანტილიბერალურ ტენდენციებს; საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში პარტიების სოციალურ საწყისებს; ტერმინის – ნაციონალიზმის განმარტებასა და ნაციონალისტური ნარატივების დინამიკას Covid-19-ის კონტექსტში.

შეკითხვების საპასუხოდ, პროფ. ბიბერმა განმარტა, რომ კავკასიისა და ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის ევროინტეგრაცია სუვერენიტეტის დაცვის საშუალებაა; Covid-19-ის გავრცელებამ ნათლად აჩვენა, თუ როგორი იქნებოდა ევროპა ევროკავშირის გარეშე და ივარაუდა, რომ ასეთი ევროპა ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები არ იქნებოდა. პროფ. ჰოლმა ყურადღება ტერმინის – ნაციონალიზმის განმარტებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ტერმინთან, ისევე როგორც არალიბერალურის ცნების გამოყენებასთან, სიფრთხილეა საჭირო. გიგი სილაგაძემ აღნიშნა, რომ ნატივისტური პოპულიზმის შემთხვევაში, ხალხის ცნების ფორმირება ეთნო-კულტურული იდენტობის საფუძველზე ხდება. რაც შეეხება ევროსკეპტიციზმს, რთულია ის კრიტიკისგან განასხვავო. ქეთი სართანიამ კი თქვა, რომ ნაციონალიზმი და ევროსკეპტიციზმი “პრობლემური” ტერმინებია და ქვეყანაში, რეგიონსა თუ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესები მუდმივად ცვლის მათს შინაარსს.

ღონისძიებას, რომელიც ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით გაიმართა, ჯამში 60-მდე ადამიანი დაესწრო. ვებინარი უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

 

ქართულ ენაზე ვებინარის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია აქ >>

ინგლისურ ენაზე ვებინარის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია აქ >>

, , , ,