26/07/2022 GIP

არ არსებობს დემოკრატია პროტესტის გარეშე

ავტორი

სტივენ ფ. ჯონსი

პროფ. სტივენ ფ. ჯონსი, ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, რუსეთის და ევრაზიის კვლევების დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

2021 წლის მაისში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა LGBTQ უფლებების დასაცავად დაგეგმილი დემონსტრაცია (ღირსების მარში) მიზანშეუწონლად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის “სამოქალაქო დაპირისპირების” საფრთხეს შეიცავდა. საქართველოს მსგავს მყიფე დემოკრატიებში პროტესტის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ეთანხმება არაერთი დასავლელი დემოკრატიის თეორეტიკოსი. მათი აზრით, მასობრივი პროტესტი ინსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს, ხაზს უსვამენ რა ინსტიტუციურ მოუმწიფებლობას და დემოკრატიის სისუსტეს. მეორე მხრივ კი,  კონსოლიდირებული დემოკრატია მასების დემობილიზაციით ხასიათდება. ქუჩის დემონსტრაციების ნაცვლად, რომელიც რეჟიმის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, პარტიები და ინსტიტუციები სოციალური მოძრაობების მოთხოვნებს ლეგიტიმური პოლიტიკური კონკურენციის ჩარჩოებში აქცევენ. სწორედ ეს იყო გილერმო ო’დონოლისა და ფილიპე შმიტერის არგუმენტი მათ ადრეულ ნაშრომში პოლიტიკური ტრანზიციების შესახებ. მათი თქმით, დემოკრატიების მომწიფებასთან ერთად, სოციალური უთანხმოებები ინსტიტუციურ და პარტიულ ჩარჩოებში ექცევა. ამას კი საბოლოოდ ნორმალიზებულ (კონსოლიდირებულ) დემოკრატიულ პოლიტიკამდე მივყავართ.

თუმცა, ეს როგორც აღმოჩნდა, დემოკრატიული განვითარების შედარებით გამარტივებული ვერსიაა და იმის საპირისპიროა, რასაც საქართველოში ვხედავთ. საქართველოში ნორმალიზებული პოლიტიკა არ არის დემოკრატიული ან ინტეგრაციული/გამაერთიანებელი. ინსტიტუციონალიზაციის მცდელობებმა საქართველოში  საზოგადოების გარიყვამდე მიგვიყვანა, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. შედარებით უფრო განვითარებულ დემოკრატიებშიც კი, სადაც დემოკრატიული “კონსოლიდაცია” მიღწეულია, ო’დონოლისა და შმიტერის მოდელი აღარ მუშაობს. მაგალითად აშშ-სა და იაპონიაში არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ინსტიტუციონალიზაციამ გაზარდა მოქალაქეების წვდომა ძალაუფლებაზე. აშშ-ს შემთხვევაში კი, პოლიტიკურმა რუტინამ ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის მსგავსი პოპულისტების გაძლიერებას. ბოლო ათწლეულში ვიქტორ ორბანისა და ჟაირ ბოლსონაროს მსგავსი ლიდერების გამოცდილებამ, რომლებმაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიიტაცეს,  ხაზი გაუსვა არსებული ჩარჩოების მიღმა პროტესტის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული სიჯანსაღისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთგზის გაჟღერებული არგუმენტი, რომ მარშებისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების უკან უკმაყოფილო რადიკალები დგანან, ერთ-ერთი ყველაზე ძველი პოლიტიკური ინსტრუმენტია მოწინააღმდეგეების დელეგიტიმაციისთვის. საქართველოს “კონსოლიდირებული პოპულიზმის” კონტექსტში, როდესაც მოკავშირე პარტიებმა ვერ შეძლეს საჯარო ინტერესის გამოხატვა, პროტესტი აქტიური მოქალაქეობის ძირითად კომპონენტად დარჩა. თუკი პროტესტი არაძალადობრივი იქნება, ის გააღრმავებს დემოკრატიულ წვდომას და გააუმჯობესებს მისი გადარჩენის შანსებს. სამოქალაქო ჯგუფების დონეზე დემოკრატიული წინსვლის პროცესი შეიძლება შეჩერდეს ან შედეგის მიღებას ერთი თაობა დასჭირდეს, თუმცა, ყველა დემოკრატიის მიღმა პროტესტის გარკვეული ისტორია დგას. ამის მაგალითია აშშ-ში სამოქალაქო უფლებების მოძრაობა 1960-იან წლებში; ჩრდილოეთ ირლანდია 1967-1972 წლებში; “ხალხის ძალა” ფილიპინებში 1983-1986 წლებში, 1989 წლის რევოლუციები; სამხრეთ აფრიკა 1983 წლიდან 1994 წლამდე.

პროტესტი ყოველთვის დემოკრატიის სასარგებლოდ არ მუშაობს. ამის მაგალითია საქართველოში ძალადობრივი დემონსტრაციები გეი უფლებების წინააღმდეგ. თუმცა, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს გამოცდილება, სააკაშვილისა და ქართული ოცნების სამწუხარო შედეგების მიუხედავად, ცხადყოფს, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი პროტესტსა და დემოკრატიზაციის პროცესს შორის. 2003 წლის ნოემბრის აქციები კორუმპირებული საპრეზიდენტო სისტემის წინააღმდეგ, 2007 წლის შემოდგომის დემონსტრაციები ავტორიტარული პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან უგულებელყოფილი სამოქალაქო უფლებების წინააღმდეგ, უწყვეტი კამპანიები მთავრობის გარემოს დაცვით პოლიტიკის წინააღმდეგ, იქნებოდა ეს კავკასიის რკინიგზა 1987 წელს, თუ ნამოხვანის ჰესი დასავლეთ საქართველოში 2020-2021 წლებში და ბოლო დროინდელი კამპანიები სექსუალური დისკრიმინაციის ფორმების წინააღმდეგ, აჩვენებს, რომ პროტესტს შეუძლია შეაფერხოს, ან რიგ შემთხვევებში შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა.

ძალიან ხშირად, პროტესტი უმცირესობებისთვის ერთადერთი გზაა სტივ ლევიტსკისა და ლუკან ვეის მიერ აღწერილი  გამრიყავი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ. ლიბერალურ დემოკრატიებთან ყველაზე თავსებადი პოლიტიკური ღირებულებების დახასიათებისას, რონალდ ინგელჰარტი მოქალაქეების რწმენას პროტესტის უფლებაზე დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის საფუძვლად მიიჩნევს (ის ამას “პოსტ-მატერიალისტურ” ღირებულებას უწოდებს). პროტესტი დემოკრატიული ცნობიერების საფუძველია, სწორედ ამიტომ, ავტორიტარული მთავრობები მათ შეკავებას, დაგმობას ან ჩახშობას ცდილობენ.

რა შეუძლიათ მოქალაქეებს გააკეთონ, იმისათვის რომ მათი ხმა გაიგონ, როდესაც საქართველოს მსგავსი დემოკრატიები რუტინული და ურეაქციო გახდა? უკვე დიდი ხანია აშკარაა, რომ არჩევნები საქართველოში ნახევრად დემოკრატიული პოლიტიკური ოლიგარქიის პოლიტიკურ კონსოლიდაციას გამოხატავს. არჩევნები მმართველი პარტიის ძალაუფლების რიტუალური გამოხატულება გახდა. 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ოფიციალური აქტივობა 56%-ზე ცოტა მეტი იყო, რაც მოქალაქეების ინდიფერენტულობის მაჩვენებელია იმ სისტემის მიმართ, რომელიც მათ არ წარმოადგენს ან არ პასუხობს მათ საჭიროებებს.

საქართველოში მოქალაქეებს არჩევნების მიმართ დაბალი ნდობა აქვთ – დინამიკა, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება. პროტესტი შემოღობილი პარლამენტებიდან ღია მოედნებზე გადავიდა,  გვერდი აუარა პარტიებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დაუბალანსებელი/უსამართლო პოლიტიკური კონკურენციის ლეგიტიმურობა. საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არიან ანგარიშვალდებულები ამომრჩევლების მიმართ და მოწყვეტილნი არიან მათ საჭიროებებს. ასეთ სიტუაციაში გასაკვირი არაა, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის, როდესაც არჩევნები უშედეგოა ან სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული გაურკვეველი კომპანიები მათ ეკონომიკურ რესურსებზე წვდომას უქმნიან საფრთხეს. საქართველოში პოლიტიკურ ცვლილებას არჩევნების მაგივრად წარუმატებელი არჩევნების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის გამბედაობა განაპირობებს.

საქართველოში ისეთმა აქციებმა, როგორიც პრემიერ მინისტრმა 2021 წლის მაისში დაგმო, ან 2022 წლის ივნისის მასობრივმა აქციებმა, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობისთვის მთავრობის უმოქმედობის წინააღმდეგ გაიმართა, აპოლიტიკური და ანტი-ელიტური სახე მიიღო. ეს მოვლენები კვალდაკვალ მიჰყვება გლობალურ საპროტესტო მოძრაობებს, რომლებიც იდეოლოგიური ხედვებისა და მანიფესტების პოპულარიზაციის ნაცვლად, მეტ ჩართულობას, ანგარიშვალდებულებას და წარმომადგენლობას მოითხოვენ. 2022 წლის ივნისში სამოქალაქო საზოგადოებრივი მოძრაობის – სირცხვილიას მიერ ორგანიზებულ აქციებზე, რომელშიც ათასობით ქართველი იღებდა მონაწილეობას, უარი უთხრეს როგორც საპარლამენტო ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას. საქართველოს ელიტისტური და პარტიზანული პოლიტიკით იმედგაცრუებულმა შოთა დიღმელაშვილმა, მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა “თუკი აქამდე ხალხი მიდიოდა პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ აქციებზე, ახლა პოლიტიკოსები მოდიან ხალხის მიერ ორგანიზებულ აქციებზე”.

ეს შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტურად ჟღერდეს. ივნისის აქციების შედეგად არ მომხდარა ქართული დემოკრატიის გადატვირთვა. მასობრივი დემონსტრაციები ყველა კონტექსტში არ მუშაობს – ბევრია დამოკიდებული რეჟიმის ძალაზე, მიზეზებზე და იმაზე, თუ რა მოქმედებს საზოგადოებაზე. თუმცა, ივნისის აქციებმა შეაჯამა საქართველოში პოპულარული პროტესტის დიდი ხნის ისტორია; პროტესტის, რომელიც ხშირად აჩერებდა ქვეყნის სვლას ცენტრალიზებული და ზემოდან ქვემოთ მართული პოლიტიკური სისტემისკენ.

თუმცა, პროტესტი მხოლოდ წინააღმდეგობაზე არაა. გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობიანი პროტესტი ხელს უწყობს სოლიდარობის განცდის და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის ალიანსის გზით, სამოქალაქო ძალაუფლების გაჩენას. აქციები პოლიტიკოსებს ამომრჩევლის წუხილზე აწვდის ინფორმაციას. პროტესტი სწავლის პროცესია, რომელიც პასიურობას ებრძვის. ის ყურადღებას კოლექტიურ მოქმედებაზე და თითოეული მოქალაქის ფსიქოლოგიურ ევოლუციაზე ამახვილებს. ის საკუთარი თავის თავისუფლების მოპოვების საშუალებაა იმ სოციალური მარწუხებიდან, რომლებიც ზღუდავს ქალების, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობების მოქალაქეობრიობის გამოხატვის ლეგიტიმურობას. თუკი საქართველოს სურს იყოს ევროპის მსგავსი, მაშინ პროტესტი  დემოკრატიული პრაქტიკის ნაწილად უნდა იყოს მიღებული.

პროფ. სტივენ ფ. ჯონსი, ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, რუსეთის და ევრაზიის კვლევების დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

 

 

მომზადდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

 

Photo Credit: www.trtworld.com

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,