17/04/2020 magda

ვებინარი – ნაციონალიზმი და პოპულიზმი: არსებული ტენდენციების შეფასება

17 აპრილს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი ZOOM-ის საშუალებით – “ნაციონალიზმი და პოპულიზმი: არსებული ტენდენციების შეფასება”, რომელიც წარმოადგენდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული საჯარო დისკუსიების სერიის “ანტი-ლიბერალური ტენდენციების ანალიზი საქართველოში” გამხსნელ ღონისძიებას. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა აკადემიური სფეროს, ექსპერტთა ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა, როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. დისკუსიის მიზანი იყო ნაციონალიზმისა და პოპულიზმის ცნებების გაანალიზება ქართულ და ევროპულ კონტექსტში, ასევე ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და პოპულიზმის გააქტიურების თვალსაზრისით პარალელების გავლება. ღონისძიებას მოდერირებას უწევდა პროფ. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, ხოლო ვებინარის ტექნიკურ მხარდაჭერაზე პასუხისმგებელი იყო GIP-ის პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი – სალომე კანდელაკი. ქართული და უცხოენოვანი აუდიტორიის გათვალისწინებით, ვებინარზე უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმნაც.

დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო პროფ. ბენჟამენ დე კლინი – ბრიუსელის ვრეჯის უნივერსიტეტის (VUB) პროფესორი, კომუნიკაციების სწავლებების დეპარტამენტი. მან თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ნაციონალიზმისა და პოპულიზმის ცნებეზე, მათ შორის არსებულ გადაკვეთის წერტილებზე და მოიყვანა მაგალითები ბოლოდროინდელი ევროპული გამოცდილებიდან. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში პოპულიზმი და ნაციონალიზმი შესაძლოა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული, კონცეპტუალურ დონეზე აუცილებელია ამ ორი ცნების ერთმანეთისგან გამიჯვნა. როგორც პროფ. დე კლინმა აღნიშნა, პოპულიზმისა და ნაციონალიზმის ტანდემში, უკანასკნელი უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

მეორე მომხსენებელმა ნინო სამხარაძემ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP)  ანალიტიკოსმა ისაუბრა საქართველოში მოქმედი პოპულისტი აქტორების ძირითად ნარატივებზე და მათ შორის არსებულ ძირითად გადაკვეთის წერტილებსა და დაპირისპირებებზე. მისი კვლევის მიხედვით, ქართული პოპულიზმი ძირითადად მემარჯვენე ხასიათისაა, თუმცა მას აქვს გარკვეული გადაკვეთის წერტილები და განმასხვავებელი ნიშნები მემარცხენე პოპულიზმთან. ქართული პოპულიზმი ფოკუსირებულია ანტილიბერალურ ნარატივებზე, რომლებიც ეფუძნება ნატივიმზს, საერთო ფესვებსა და ეთნიკურ ასპექტებს, როგორც ხალხის გამაერთიანებელ ძირითად წერტილებს. მემარჯვენეები არიან იმიგრაციის მოწინააღმდეგები, განსაკუთრებით როდესაც ეს ეხება აზიის მოსახლეობას. აღნიშნული ტრენდი ასევე შეინიშნება მემარცხენე ნარატივებში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმდენად ფოკუსირებულები არ არიან ნატივისტურ საკითხებზე, მაინც რჩებიან იმიგრაციის ანტი-აღმოსავლური  ნარატივის ქვეშ.

პროფ. გია ნოდიამ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაციონალიზმისა და დემოკრატიზაციის ექსპერტი) ფართოდ ისაუბრა  ქართულ კონტექსტზე და კრიტიკულად შეაფასა ნინო სამხარაძის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მიგნებები. მან ასევე მიმოიხილა, ერთი მხრივ, კავშირი პოპულიზმსა და ნაციონალიზმს შორის, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის საკითხები. პროფესორმა გია ნოდიამ გაავლო პარალელები ქართულ და ევროპულ პოპულიზმს შორის და აღნიშნა, რომ ევროპელი თანამედროვეებისაგან განხვავებით, ქართველი ნაციონალისტი პოპულისტები ძირითად აქცენტს  არა რეალურ, არამედ ილუზორულ გამოწვევებზე აკეთებენ.

 

ბოლო პანელისტმა, ფელიქს ჰეტმა (ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი) შეაჯამა მომხსენებლების ძირითადი საკითხები და ისაუბრა ქართულ და ევროპულ გამოცდილებებს შორის არსებული მსგავსებებზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ნაციონალიზმთან მიმართებაში, საქართველოსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის უფრო მეტი მსგავსება არსებობს, ვიდრე განსხვავება. საქართველოს შემთხვევაში კი ნაციონალიზმს უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე პოპულიზმს, რადგან ქვეყანაში ნაციონალისტური დისკურსი უფრო ძლიერია. ფელიქს ჰეტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიტიკაში არსებობს ელიტიზმის ძლიერი ტრადიცია, რაც საქართველოს განმასხვავებელი ფაქტორია სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან. იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ყოველივე ეს დაკავშირებული იყოს პოპულისტურ დისკურსთან, – მან აღნიშნა, რომ ზოგჯერ ქართული ელიტები თავიანთ თავს მიჯნავენ, როგორც შრომისმოყვარე ელიტები და როგორც ზარმაცი ხალხი. ამის საპირისპიროდ, ფელიქს ჰეტმა მოიყვანა დონალდ ტრამპის მაგალითი, რომელიც ხშირად აქებს მშრომელთა კლასს.

მოხსენებების პარალელურად, ვებინარზე დამსწრეებს შეეძლოთ შეკითხვები დაესვათ პანელისტებისთვის. კითხვა-პასუხის პირველ სესიაზე, მოხსენებების დასრულების შემდეგ, პანელისტებმა მოისმინეს აუდიტორიის შეკითხვების შეჯამება. მეორე სესიაზე კი, რომელიც უფრო ინტერაქციული იყო, დამსწრეებს შეკითხვების პირდაპირ რეჟიმში დასმის საშუალება მიეცათ. შეკითხვების უმეტესობა შეეხებოდა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურ დისკურსსა და პოპულისტურ ჯგუფებს ქართულ კონტექსტში. კონცეპტუალური და თეორიული შეკითხვების უმეტესობა ღონისძიების მთავარი მომხსენებლის, ბენჟამენ დე კლინის მისამართით გაჟღერდა. ბოლოს, ფელიქს ჰეტმა, რომელიც თანაბრად იცნობს ევროპულ და ქართულ კონტექსტს, შეაჯამა დისკუსია, ვრცლად უპასუხა ულტრამემარჯვენე პოპულისტურ ჯგუფებთან დაკავშირებულ შეკითხვებს და კრიტიკულად შეაფასა მათი ნარატივები. საბოლოო ჯამში, კითხვა-პასუხის სესია იყო ინტერაქციული და სასარგებლო და ამასთან, შექმნა ახალი საკითხების განხილვის საფუძველი მომავალი საჯარო დისკუსიებისთვის.


ნახეთ ვებინარის ჩანაწერი აქ

 

 

, , ,