27/10/2022 GIP

#YouthforAction – ELS კურსდამთავრებულთა მცირე გრანტის გამარჯვებულები

მომავალ ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა მათთვის განკუთვნილი გრანტების პროგრამის, #YouthforAction-ის ფარგლებში, მცირე პროექტების განხორციელება დაიწყეს. 

აღნიშნული გრანტების მეშვეობით საქართველოს სამ რეგიონში, კონკურსში გამარჯვებულ საინიციატივო ჯგუფებს საშუალება აქვთ განახორციელონ მოკლევადიანი პროექტები და იმუშაონ ისეთ აქტუალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა:

პროექტი #1 

იმერეთი “ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია და დასაქმების ხელშეწყობა” (ბექა ძოწენიძე და მათე ჩაფიჩაძე);

იმერეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონის)  ექვს საჯარო სკოლაში, დამამთავრებელი კლასის ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციის შესახებ ვორკშოფები ჩატარდება, რომლებსაც სფეროს სპეციალისტები გაუძღვებიან. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია არსებული შრომის ბაზრის, მისი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების, ასევე, მათი კარიერული პერსპექტივების შესახებ.  

პროექტი #2

გურია “ახალგაზრდები მომავალი ცვლილებებისთვის” (ქეთევან კუჭუხიძე);

გურიაში, კერძოდ ოზურგეთში, შეიქმნება ახალგაზრდული საბჭო, რომელიც იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების წარმომადგენლობითი ორგანო და მათი ინტერესების ადვოკატირება მუნიციპალური პოლიტიკისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. ასევე, ამავე პროექტის საშუალებით შეიქმნება სექტორთაშორისი თანამშრომლობის პლატფორმა – ერთგვარი სივრცე, სადაც კონკრეტული საკითხის გარშემო შეიკრიბებიან ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

პროექტი #3

ქვემო ქართლი“ჩაერთე” (გოგა ჯმუხაძე და გივი შანიძე)

ქალაქ რუსთავში, შშმ პირთა დღის ცენტრსა და მასთან მოწყობილ ადაპტირებულ ეზოში, ახალგაზრდა მოხალისეები გამართავენ სპეციალურ აქტივობებს ცენტრის ბენეფიციართათვის: ხატვის მასტერკლასები, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ნერგების დარგვა. პროექტის შემდეგ ეტაპზე, ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნახატებისა და ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. არტ თერაპია და სხვა სახალისო, ასევე, განმავითარებელი აქტივობები ხელს შეუწყობს ცენტრის ბენეფიციართა რეაბილიტაციასა და  ახალგაზრდებთან ერთად მათი სოციალური აქტიურობის გაზრდას. 

მცირე საგრანტო პროექტები ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ერთ-ერთი კომპონენტის, მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) კურსდამთავრებულების მცირე გრანტების #YouthforAction ფარგლებში, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორი

, , , , , , , , , , , , ,