ნინო სამხარაძე[1]
საქართველოს დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისი საკმაოდ ხშირად აიხსნება პოლარიზაციით. საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშებში 2018 წლის საპრეზიდენტო, 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ყველა მათგანი ხასიათდებოდა აგრესიული რიტორიკით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებებითა და ნეგატიური კამპანიის წარმოებით. არჩევნების შემდგომ წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისების შედეგად გამოიკვეთა, რომ დომინანტ ძალებს შორის დესტრუქციული მეტოქეობის ჩიხის გარღვევა საკმაოდ რთულია, რაც შედეგად პოლიტიკურ არასტაბილურობას იწვევს. ამგვარად, დროულია იმის განხილვა, თუ რა წარმართავს პოლარიზაციას საქართველოში და რა გზები არსებობს პოლარიზაციის ხაფანგისგან თავის დასაღწევად.
პოლარიზაცია: ხელშემწყობი ფაქტორები და სად ვიპოვოთ ისინი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) 2021 წლის ივლისის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარი იდეოლოგიური თვალსაზრისით თავს არ აიგივებს რომელიმე ქართულ პოლიტიკურ პარტიასთან. რაც შეეხება ბოლო არჩევნების შედეგებს, ხმები, ძირითადად, განაწილებულია ორ დომინანტ მოთამაშეს შორის, ესენია მმართველი ქართული ოცნება და ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ რაუნდში ამომრჩეველთა 77% ან ერთ პარტიას მიემხრო, ან მეორეს (ცხრილი 1).
ცხრილი 1: 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველ რაუნდში ხმების განაწილების ვიზუალიზაცია. მუქი ლურჯი (46,74%) აღნიშნავს მმართველი ქართული ოცნების, ხოლო წითელი (30,67%) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხმებს. წყარო: https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_45/dashboard
ზოგიერთი მონაცემის თანახმად, საქართველოში არსებული უკიდურესი პოლარიზაცია თვალშისაცემი არ არის, რადგან იშვიათად განიხილება ის საკითხი, თუ როგორ განსხვავდება ორი მოწინავე პარტია ერთმანეთისგან კონკრეტული პოლიტიკური საკითხების მიმართ მათი პოზიციების მიხედვით. თუმცა, ქართველი და უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლარიზაცია შეუძლებელია, გაგებული იქნას ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით: საზოგადოების ორ ჯგუფს შორის აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა იდეოლოგიური ნიშნით. საქართველოში არსებული პოლარიზაციის მახასიათებლებს კონკრეტული ფაქტორები გამოარჩევს.
რადიკალიზებული ქართული პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის შესამჩნევი ასპექტია. 2020 და 2021 წლის არჩევნებამდელ ადგილობრივ და საერთაშორისო ანგარიშებში საუბარია ნეგატიური რიტორიკის ესკალაციაზე, საარჩევნო ბანერებზე უკომპრომისო სიძულვილის დემონსტრირებასა და ორი დომინანტი პარტიის ლიდერებს შორის ფიზიკურ კონფლიქტზეც კი. პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ორიენტირებული დიალოგი გადაფარა რადიკალიზებულმა გარემომ, რამაც გამოიწვია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ჩიხში შესვლა.
პოლიტიკური პარტიების მიერ ქართული პოლიტიკის ნულოვანჯამურ თამაშად წარმოდგენა პოლარიზაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე „ყველაფერი გამარჯვებულს რჩება“, ან გამარჯვებულს შესწევს ყველაფრის მოპოვების უნარი. ხოლო მხარეებს არ აქვთ რაიმე გარანტია, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს მათი უფლებები დაცული იქნება და მათი წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო ან აღმასრულებელ პროცესში. გაცხარებულ ბრძოლას ყოფილი მმართველი პარტიის – ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, მისი ლიდერების დაკავებასთან ერთად, ჩიხში შეჰყავს ქართული პოლარიზაცია. მმართველი ქართული ოცნების ლიდერების სარკასტული რიტორიკა დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობდა, ნათლად წარმოაჩენს ქართული პოლიტიკის უკომპრომისო ხასიათს.
პოლიტიკური პოლარიზაციის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ორი დომინანტი პარტიის პერსონალიზებული პოლიტიკური სტრატეგიები, რომლებიც წარმატებულად ხორციელდება ამომრჩეველთა იმ სეგმენტის მობილიზების მიზნით, რომელსაც სჯერა, რომ საჭიროა ერთი „ძლიერი“ ლიდერი. დასავლელი აქტორები აკრიტიკებდნენ პოლიტიკური პროცესების ორი პოლიტიკური პოლუსის – ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაოფიციალურ ლიდერებად მიჩნეული ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის გარშემო თავმოყრას. ეს ფაქტორი განსაკუთრებით აშკარა გახდა სააკაშვილის დაკავების შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას „ბიძინაობა“ მიულოცა, რითაც მიუთითა ბიძინა ივანიშვილის „გმირულ“ ბრძოლაზე მისი პირადი მეტოქის წინააღმდეგ. სააკაშვილის მოვლენები, რამაც ოპოზიციის და მმართველი პარტიის აქციების ახალი ტალღა გამოიწვია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე რაუნდს დაემთხვა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, ცალკეული აქტორის მიერ საზოგადოების რადიკალიზებაზე ერთი ან მეორე პოლუსის გარშემო, განსაკუთრებით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, გავლენა იქონია სააკაშვილის ფაქტორმა.
განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე მედიები ხელს უწყობენ საზოგადოებაში რადიკალიზებული პოლარიზაციის გავრცელებას. მედიის მონიტორინგის შედეგების თანახმად, მედიის პოლარიზაცია 2020 და 2021 წლის არჩევნების წინ განსაკუთრებით გაიზარდა: რუსთავი 2 და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლებიც თავიანთ სარედაქციო პოლიტიკაში ნეიტრალობას ინარჩუნებდნენ, წინასაარჩევნოდ უფრო მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადაიხარნენ. ზოგიერთმა არხმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისინი საგანგებო რეჟიმში იმუშავებდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. მედია ფართოდ აშუქებდა მიკერძოებულ ნეგატიურ კონტექსტებს, საკითხზე ორიენტირებული დებატების, კერძოდ, ყველა პარტიის მონაწილეობით პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებში ქვეყნის ეფექტიანობის და მათი ხედვების განხილვის ნაცვლად.
დეპოლარიზაციის კუნძულები
ასეთ გარემოებებში, დეპოლარიზაციის პროცესში გარკვეული როლის შესრულება მინიმუმ სამი ტიპის აქტორს შეუძლია. ესენია: პრეზიდენტი, მცირე ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო საზოგადოება.
ბოლო პერიოდში, ქვეყნის პრეზიდენტი წარმოჩნდა, როგორც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის არსებული ნეიტრალური ძალა. სალომე ზურაბიშვილმა არაერთი დაბალანსებული განცხადება გააკეთა კონსენსუსის მნიშვნელობის, კოალიციის პერსპექტივის და პარტიებს შორის სტაბილური დიალოგის მხარდაჭერის შესახებ. 2018 წელს, პრეზიდენტად არჩევის დროს, მას ქართული ოცნება უჭერდა მხარს. თუმცა, უკანასკნელ ხანებში, მისი რიტორიკა არ არის ცალსახად მმართველი პარტიის მომხრე. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი არასოდეს შეიწყალებდა სააკაშვილს. თუმცა, მას მაინც შეუძლია თავისი წვლილის შეტანა მხარეებისთვის დეპოლარიზაციის ნარატივისა და მათთვის კონსენსუსზე დაფუძნებული დიალოგის პლატფორმის შეთავაზების გზით.
მცირე ოპოზიციურ პარტიებს ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მეტოქეობის გამო დანაწევრებული ქართული პოლიტიკური გარემოს დაბალანსებაში. ამ მხრივ, აღსანიშნავია ყოფილი პრემიერ მინისტრის და არჩევნებში მეორე წარმატებული ოპოზიციური პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ წამოყენებული სამმხრივი მოლაპარაკების შეთავაზება. ზოგიერთი მოსაზრებით, ცალკეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში სხვა პარტიისთვის მხარდაჭერისთვის თავის არიდება ასევე შეიძლება ჩაითვალოს პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად. მცირე პარტიებს შეუძლიათ შექმნან მეტწილად საკითხზე ორიენტირებული პლატფორმები და ამ გზით კარგი შესაძლებლობა მიეცემათ ქართულ პოლიტიკაში არსებული ორი სიმძიმის ცენტრის დასაბალანსებლად. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზაა ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციურმა ელემენტებმა გააძლიერონ თავიანთ ხედვების მხარდამჭერი კამპანია საკანონმდებლო ტრიბუნის მეშვეობით. ამასთანავე, ორ დომინანტ პარტიასთან მიტმასნების ნაცვლად, მცირე პარტიებს შეუძლიათ მუდმივად განიხილონ და აკრიტიკონ კიდეც მათი პოლიტიკის მიმართულებები და სტრატეგიები, რათა თავიდან აიცილონ წამყვანი ნარატივების მიერ მათი ხმის შთანთქმა.
მხარეთა რადიკალიზებული სტრატეგიების მისამართით კრიტიკული მოწოდებების სახით, დადებითი ზეგავლენის მოსახდენად საჭირო მნიშვნელოვანი ბერკეტი გააჩნია საერთაშორისო საზოგადოებას. ევროკავშირის მედიაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში კონსენსუსზე ორიენტირებული პარტიათშორისი დიალოგის პრეცედენტის შექმნის პროცესში. თუმცა, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გაუქმებამ აჩვენა, თუ რამდენად ღრმაა საქართველოში არსებული პოლარიზაციის ჩიხი. ვესტერნიზაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თამაშის წესები დამყარებულია პირობითობის პრინციპზე, რომლის მეშვეობითაც სასურველია, რომ საერთაშორისო აქტორები ქართულ პოლიტიკაში დეპოლარიზაციის ძლიერ ფაქტორებად იქცნენ. ეს პროცესი შეიძლება გაღრმავდეს დემოკრატიზაციის და საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის გზით.
დასკვნა
საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ხასიათი ემყარება არა კონკურენტუნარიან იდეოლოგიურ და პოლიტიკასთან დაკავშირებულ მიმართულებებს, არამედ რადიკალიზაციას, ნულოვანჯამური თამაშის პრინციპებსა და ცალკეულ პიროვნებებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, რომლებიც თანდათან მედიის დღის წესრიგშიც გადმოდის. ეს პოლარიზაციის უარყოფით გავლენას უფრო დემოკრატიული და კონსენსუსზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურისთვის კიდევ უფრო საშიშ საფრთხედ აქცევს.
საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხის შესამცირებლად, უნდა გაგრძელდეს გარე ზეწოლა წამყვან პარტიებზე, რაც, მათი პოლიტიკური დომინირების დაბალანსების მიზნით, სასურველია, საშინაო დონეზე არსებულ ალტერნატიულ გამოსავლებთან ერთად განხორციელდეს. საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, პრეზიდენტს და მცირე პარტიებს შეუძლიათ იკისრონ პოლარიზაციის განმმუხტავი აქტორების როლი.
[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.