06/07/2017 magda

სამზადისი ბრიუსელის სამისტისთვის: პოლიტიკური დიფერენციაციის მოლოდინი

ელენე ფანჩულიძე*

გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე სახელმწიფოების შესახებ

2017 წლის 28 ივნისს გერმანიის ბუნდესტაგმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი მასში მონაწილე სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) მოდერნიზაციისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. რეზოლუცია, დიფერენცირებული თანამშრომლობისა და ურთიერთობათა გაღრმავების მოლოდინით, განსაკუთრებულ აქცენტს – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტზე აკეთებს.

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული გამოწვევების შესაბამისად, რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. დოკუმენტის თანახმად, ბოლო წლებმა ნათლად გამოავლინა რუსეთის  ინტერესი, შეაფერხოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების პროცესი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების თავისი გავლენის სფეროში მოქცევის მცდელობებით.

გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ ინიცირებული რეზოლუციის მიხედვით, დაუშვებელია სახელმწიფოთა ლეგიტიმურ გადაწყვეტილებებსა და სუვერენულ უფლებებში მოხდეს ჩარევა. პარლამენტარები რუსეთისგან მომავალი საფრთხის პირობებში, ხაზს უსვამენ პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

ბუნდესტაგის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

მას შემდეგ, რაც საქართველო სამეზობლო პოლიტიკის (ENP) 16 სახელმწიფოს შორის რეგიონულ ლიდერად იქნა მოხსენიებული ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში, გერმანელმა პარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეული „მნიშვნელოვანი პროგრესი“ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ ევროკავშირთან რეგულარულ დიალოგში არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ აღიარებას.

 „აღმოსავლეთ პარტნიორობით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო არის გამორჩეული ლიდერი და იმსახურებს განსაკუთრებულ აღიარებას”  აღნიშნულია რეზოლუციაში.

მმართველი კოალიციის – ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, ქრისტიანულ-სოციალური კავშირი და სოციალ-დემოკრატიული პარტია- მიერ ინიცირებული რეზოლუცია წარმოდგენს მსგავსი შინაარსის პირველ დოკუმენტს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მხარდასაჭერად იქნა მიღებული, რაც ხაზს უსვამს EaP-ის ფორმატის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის, ასევე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისთვის.

ევროკავშირი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბერლინის გავლენის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მიმართ მოლოდინი. მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით, სამიტის ძირითადი მიზანი პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გაძლიერება იქნება, რაც საბოლოოდ ასახვას დიფერენცირებულ პოლიტიკასა და გამორჩეული პარტნიორების უფრო ახლო თანამშრომლობით დაჯილდოებაში პოვებს.

ლუქსემბურგის აღმოსავლეთ პარტნიორობის  მინისტერიალი

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მხარდამჭერ რეზოლუციამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი კოლეგები EaP-ის მონაწილე სახელმწიფოებიდან 19 ივნისს ლუქსემბურგში, რიგით მერვე საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შეიკრიბნენ.

შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი თავმჯდომარეობდა. მინისტერიალს სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ესწრებოდა.

მინისტერიალი როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან შეხვედრა ბრიუსელის სამიტის მოსამზადებელ პროცესსა და შესაძლო შედეგებს უკავშირდებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა  რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ არსებული მიღწევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურთიერთობათა გაღრმავების შესაძლებლობებს, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივებს. პროგრამის ძირითად ამოცანად, კი კვლავ რჩება პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა.

რიგიდან – ბრიუსელამდე: აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები

მინისტერიალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მიერ მომზადებულ (EEAS) დოკუმენტს „აღმოსავლეთ პარტნიორობა – ძირითადი პრიორიტეტები და შედეგები“, რომელიც EaP-ის პროგრამის შემდეგი ეტაპისთვის ერთგვარ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. დოკუმენტი მოიცავს, როგორც სპეციალურ ინიციატივებს, ასევე კონკრეტულ შედეგებს, რომლებიც 2020 წლამდე უნდა იქნეს მიღწეული.

ლუქსემბურგის მინისტერიალის ფარგლებში მონაწილე სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბრიუსელის სამიტმა უნდა შეასრულოს გზამკვლევის როლი, ევროკავშირის წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება ჩართულობის იმ ოთხ პრიორიტეტულ სფეროს ეთმობა, რომლებზეც შეთანხმება  2015 წლის რიგის სამიტზე იქნა მიღწეული:

  • ძლიერი მმართველობა: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა;
  • ძლიერი საზოგადოება: მობილობა და ხალხთაშორისი კონტაქტები;
  • ძლიერი ეკონომიკა: ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ბაზრის შესაძლებლობების ათვისება კეთილდღეობის გაზრდის მიზნით;
  • ძლიერი კავშირები: ურთიერთკავშირების გაღრმავება, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი და საქართველოს მეგობართა ჯგუფი

ლუქსემბურგის მინისტერიალის ფარგლებში, ლატვიისა და სლოვაკეთის ორგანიზებით გამართულ საქართველოს მეგობართა ჯგუფის არაფორმალურ შეხვედრაზე, თანამშრომლობის შემდგომი მიმართულებები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მეგობართა ჯგუფის წევრი სახელმწიფოები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს, მათ შორის იმ ფორმატებში, რომლებშიც ქვეყანა ოფიციალურად არ არის წარმოდგენილი.

მინისტერიალი კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო საქართველოსთვის თავისი პარტნიორებისთვის ეჩვენებინა ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. შეეფასებინა არსებულ ვითარება და მიმოეხილა სამომავლო გეგმები ევროინტეგრაციის აქტიური  დღის წესრიგის შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ევროპულ ინტეგრაციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის მნიშვნელობას ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ინტეგრაციის სასურველი დონის მიღწევის მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ევროკავშირთან ამბიციური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ამოქმედებისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ასოცირების პროცესის ხელშესახები სიკეთეებით  ისარგებლონ.

რას შეიძლება ელოდეს საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტისგან?

2017 წლის 12 აპრილს ვიშეგრადის ჯგუფის (V4) საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადებით ოფიციალურად დაუჭირეს მხარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების „ევროპულ პერსპექტივას“. განცხადების თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ბრიუსელის სამიტის დეკლარაციამ, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები უნდა ასახოს და წევრობის ინტერესის მქონე სახელმწიფოებს შესთავაზოს „ევროპული პერსპექტივა“.

ვიშეგრადის ჯგუფის ერთობლივი განცხადების შემდეგ, 2017 წლის მაისში საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ბრიუსელის 2017 წლის სამიტის მოლოდინების განსახილველად. იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზნები სრულ თანხვედრაშია აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტებთან.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, ევროკომისარ ჰანის განცხადებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით:

„ევროკავშირი აფასებს საქართველოს ამბიციებს, როგორც განსაკუთრებულს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ის ჩვენს რეფორმებს შთამბეჭდავ პროგრესს უწოდებს და აცხადებს, რომ რასაც საქართველო ახორციელებს არის წარმატების მაგალითი და  ევროპული პერსპექტივის მატარებელი

 

დასკვნა

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბრიუსელის სამიტის განსახილველ თემებს შორის პოლიტიკური დიფერენცირების საკითხი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. თუ სამიტის დეკლარაცია მონაწილე სახელმწიფოთა დიფერენციაციას მოახდენს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნები ევროინტეგრაციის პროცესს განსხვავებული გზით გააგრძელებენ. დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად, რეფორმების კუთხით ლიდერმა საქართველომ შესაძლებელია ევროკავშირთან თანამშრომლობის უფრო ამბიციური დღის წესრიგი აამოქმედოს. იმ შემთხვევაში, თუ სამიტი საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების პრეცედენტით დასრულდა, ქვეყანა ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსით ისარგებლებს.


*ელენე ფანჩულიძე  – საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი

**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.

, , , , , , , , , , , , , ,