30/03/2021 keta

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ახალი პროექტი დაიწყო

2021 წლის მარტიდან, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან ერთად დაიწყო პროექტი “სამხრეთ კავსასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი”. პროექტის მიზანია, შეაფასოს სამხრეთ კავკასიაში არსებული ცვალებადი გარემო გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კუთხით, ასევე, რეგიონული აქტორების – თურქეთის, რუსეთისა და ირანის როლი. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ ინფორმირებული პოლიტიკის განვითარებას და მის შედეგებს რეგიონში ევროკავშირის გავლენის თვალსაზრისით.

პროექტი ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოდან, სომხეთსა და აზერბაიჯანიდან, საშუალებას მისცემს, პროფესიონალ ექსპერტებთან ერთად, იმუშაონ კვლევაზე გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებ რეგიონში და ამ ცვლილებების შედეგებზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. პროექტის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი გამოაქვეყნებს 6 პოლიტიკის ნარკვევს, შერჩეული ახალგაზრდა მკვლევრების ავტორობით საქართველოდან, სომხეთსა და აზერბაიჯანიდან. ამით, პროექტის გუნდი ცდილობს გაზარდოს კვლევის ხარისხი და წაახალისოს დებატები გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ექსპერტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის.

გარდა ამისა, GIP – ის ანალიტიკოსები მოამზადებენ ოთხ პუბლიკაციას, რომელიც კონფლიქტებსა და უსაფრთხოებას, რეგიონულ პარტნიორობას, ეკონომიკურ პოლიტიკას, ენერგოეფექტურობას, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და სხვა აქტუალურ თემებს შეეხება. კვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები წარედგინებათ დაინტერესებულ პირებს – პოლიტიკის შემქმნელებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს და სხვ.

პროექტის ამოცანები:

  • სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ბოლოდროინდელი კონფლიქტებისა და რეგიონში ძალაუფლების მქონე აქტორების ინტერესების ფონზე.
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული დებატების წახალისება სამხრეთ კავკასიის მომავალზე, ასევე, ევროკავშირის შესაძლებლობაზე გავლენა იქონიოს თავის მიმართულებაზე, როგორც პოლიტიკის შემქმნელებს, ისე ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მკვლევრებს შორის. 

აქტივობები:

  • ორი ახალგაზრდა მკვლევრის შერჩევა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში (სულ 6 ახალგაზრდა მკვლევარი)
  • ონლაინ სემინარებისა და საზაფხულო აკადემიის ორგანიზება საქართველოში.
  • ახალგაზრდა მკვლევრების მიერ ექვსი პოლიტიკის ნარკვევის მომზადება რეკომენდაციების თანხლებით – თემებზე, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და მათ შედეგებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ევროკავშირისთვის.
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ოთხი პუბლიკაციის მომზადება.
  • ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტებთან ერთად ონლაინ პრეზენტაციების ორგანიზება, ასევე, ექსპერტებთან ერთად ევროკავშირიდან, თურქეთიდან, რუსეთსა და ირანიდან, რათა მოხდეს კროს-რეგიონული (cross-regional) დებატების წახალისება.
  • დახურული დისკუსიების ჩატარება – ბრიფინგები კვლევის შედეგების შესახებ ქართველ პოლიტიკის შემქნელებთან ერთად.

პროექტის განხორციელების პერიოდიმარტი 2021– მარტი 2022 (12 თვე)

დონორი ორგანიზაცია: ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი.

, , , , , , , , , , , , ,