საქართველო და იაპონია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 7 სექტემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – საქართველოსა და იაპონიას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
საჯარო დისკუსიას მოდერაცია გაუწია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ. შეხვედრა იაპონიის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება, ბ-ნმა იმამურა აკირამ გახსნა. ასევე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იაპონიის საკითხებში მედეა თამაზაშვილმა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა იაპონიასა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლის მიმოხილვას, არსებული მიღწევების შეფასებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას. დისკუსია წარიმართა პოლიტიკური ნარკვევის გარშემო, რომელიც დოქტ. მარიამ ბიბილაშვილმა, ცუკუბას უნივერსიტეტის იაპონური და ევრაზიული სწავლებების სპეციალური პროგრამის აფილირებულმა მკვლევარმა მოამზადა (გაეცანით ნაშრომს). დოკუმენტის მიხედვით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მთავარი გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა იაპონია-საქართველოს შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის საჭირო ნიადაგის მომზადება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება. ასევე, იაპონია-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში საქართველოს პოზიციონირება და მის სანდო აქტორად ჩამოყალიბება.
შეხვედრის განმავლობაში სიტყვით გამოვიდნენ იაპონელი პროფესორები – დოქტ. ჰიგაშინო ატსუკო (პროფესორი, ბიზნეს მეცნიერებების სკოლა, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ცუკუბას უნივერსიტეტი); დოქტ. ჰიროტაკე მაედა, (პროფესორი, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი); და, ასევე, საქართველოს ყოფილი ელჩი იაპონიაში ბ-ნი ვანო მაჭავარიანი.
მომხსენებლებსა და დამსწრე აუდიტორიას შორის დისკუსია წარიმართა შემდეგი შეკითხვების გარშემო:
- რა არის იაპონია-საქართველოს შორის ურთიერთობების მთავარი მიღწევები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში?
- რა ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის რეგიონში მიმდინარე პროცესები აღნიშნული პარტნიორობისთვის?
- რა შეიძლება იყოს ახალი ინიციატივები და პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს?
2022 წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 30 წლისთავი აღინიშნება. უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა მჭიდრო პარტნიორობის ფორმა მიიღო. იაპონია მუდმივად ამტკიცებს, რომ ის საქართველოსთვის სანდო პარტნიორია, რომლის კონტრიბუციაც, ქვეყნის განვითარების პროცესში, დიდია. ასევე, იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.