18/06/2016 GIP

ისლამური სახელმწიფო: პოტენციური საფრთხეები საქართველოსთვის

Author

ნინო ზარანდია

ნინო ზარანდია
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა ანალიტიკოსთა ქსელის წევრი

ჩრდილოეთ კაკვასიის ვილაიეთი

წარმოადგენს თუ არა ისლამური სახელმწიფო პირდაპირ საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის? ამ შეკითხვამ განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც 2015 წლის 24 ივნისს კავკასიის ვილაიეთის შექმნის შესახებ გახდა ცნობილი. ჩრდილოეთ კავკასიის იატაკვეშა, ქსელური ტიპის ფუნდამენტალისტურმა ფორმირებებმა ერთგულება შეფიცეს ისლამურ სახელმწიფოს.2 პირველი მათგანი დაღესტნის სექტორის წარმომადგენელი აბუ მუჰამედ კადარი იყო, რომელიც წარსულში ჩეჩენი ტერორისტის დოკუ უმაროვის მარჯვენა ხელს წარმოადგენდა და დღეს ვილაიეთის მმართველის სტატუსს ინარჩუნებს. დაღესტნის მსგავსად ისლამურ სახელმწიფოს მიმდევრები ყაბარდო-ბალყარეთში, ინგუთშეთსა და ჩეჩნეთშიც გამოუჩნდნენ.

ყურადსაღებია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტული ფორმირებების გამრავლება როგორც წესი ე.წ „ზედნაშენების“ მეშვეობით ხდება. რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციათა რიცხვს მიკუთვნებულ იჩქერიასაც (ჩეჩნეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა, რომლის მეთაურადაც თავს კავკასიის „იმარატის“ ამირი, ტერორისტი დოკუ უმაროვი აცხადებდა) ევროპაში მრავალი წარმომადგენელი მცირე ფორმირება ჰყავდა, რომელთა ამოცნობაც მნიშვნელოვან სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამგვარად, ვილაიეთს დაქვემდებარებული სტრუქტურების ანონიმურობა ან ამ სტრუქტურების ჭეშმარიტი მიზნების განსაზღვრა საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის პოლიტიკურ სტაბილურობას, იმ შემთხვევაში, თუ ვილაიეთი ისლამური სახელმწიფოს ძლიერი მხარდაჭერით ისარგებლებს.

ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები იატაკქვეშა დაჯგუფებების გლობალურ ჯიჰადისტურ მოძრაობად ტრანსფორმირებაზე მიუთითებს – თუ ადრე ჩრდილო კავკასიელი მებრძოლები სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოტივით იბრძოდნენ, დღეს ისინი ხალიფატის მითიური იდეისთვის სიცოცხლის გასაწირად არიან მზად. ჩრდილო კავკასიელი ექსტრემისტების საბრძოლო სტრატეგია ძირეულად შეცვლილია, ვილაიეთი კავკასიის „იმარატის“ მსგავსად არ წარმოადგენს ნაციონალისტურ ორიენტირებზე დაფუძნებულ სეპარატისტულ პროექტს, აღნიშნული ფორმირება ზერეგიონალურ პროექტად გადაიქცა, რომელიც ისლამური სახელმწიფოსთვის კავკასიაში ესქპანსიის პლატფორმას ამზადებს.

რა საფრთხეებს შეიცავს ჩრდილოეთ  კავკასიის ვილაიეთი საქართველოსთვის?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიული სიახლოვე ვილაიეთის ვირტუალურ საზღვრებთან მრავალ პრობლემურ საკითხს ბადებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რამაც შესაძლოა ტერორიზმთან ბრძოლით დაინტერესებული (ან ამ საშუალებით საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის გააქტიურებული) რუსეთის ჩართვა გამოიწვიოს მიმდინარე პროცესებში. რუსეთი უკანასკნელ ხანებში საკუთარ თავს საერთაშორისო უსაფრთხოების დამყარებისთვის მებრძოლად პოზიციონირებს, რაც სირიის კონფლიქტში მისი ჩართვით დასტურდება. ამ მხრივ, არსებობს რუსეთის ფედერაციის ინტერვენციის საფრთხე, რასაც ის მოსალოდნელია, რომ რეგიონალური უსაფრთხოების პრიორიტეტულობთ გაამართლებს.

საქართველოს ტერიტორიაზე პანკისის ხეობა, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონები განსაკუთრებით პრობლემურ ზონებს წარმოადგენენ მუსულმანური თემის მოწყვლადობის კუთხით. მძიმე სოციალური და ეკონომიკური გარემოს და ასევე რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით, ამ თემებზე იდეოლოგიური ზეწოლა ისლამური სახელმწიფოსთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ახალგაზრდების რადიკალიზაციას და შემდგომ მათ გადინებას სირიაში ადგილობრივ დონეზე პერსპექტივების უქონლობით, უმუშევრობით, განათლების დაბალი დონით და მძიმე სოციალური გარემოთი ხსნიან, რა დროსაც მაგალითისთვის ვაჰაბიტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ამ პირობებში სავსებით რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ მოწყვლად ზონებს ჩრდილოეთ კავკასიის ვილაიეთის წარმომადგენლები დასაყრდენ პუნქტებად გამოიყენებენ, რაც გაამარტივებს ამ რეგიონებში ტერორისტული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების რეკრუტირებას და სტიმულს შესძენს მათ გადინებას ტერორისტთა რიგებში შეერთების მიზნით.

ისლამური სახელმწიფოს სამოქმედო გეგმა შესაძლოა ითვალისწინებდეს ფორმირებების გამოყენებას ადგილობრივ დონეზე. მათი ლიდერები ხაზს უსვამენ ბრძოლის მნიშვნელობას ადგილობრივ დონეზე, სავსებით დასაშვებია, რომ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ვილაიეთიც, რომელმაც ერთგულება შეჰფიცა ისლამურ სახელმწიფოს და მხარს უჭერს ხალიფატის დამყარების იდეას. მსგავსი ფორმირებების შექმნით დაეში განავრცობს თავის გავლენას კავკასიაზე, ამისთვის კი ლოკალურ დონეზე გააქტიურებს მოკავშირეებს, რომლებსაც მიზნების განხორციელებისთვის ისლამურ სახელმწიფოში გადასვლა აღარ დასჭირდებათ.

სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმამ შესაძლოა ეფექტური ბარიერი შეუქმნას ისლამურ სახელმწიფოს კავკასიაში საკუთარი პლატოფორმის შექმნისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია , რომ  თავად ხელისუფლებამ დასახოს პრიორიტეტად ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავება. გადამწყვეტი ზომები ანტიტერორისტული კანონმდებლობის დახვეწიდან რეგიონალური განვითარების სტრატეგიებამდე უნდა ვარირებდეს.

პირველ რიგში,  მნშვნელოვანია სპეციალური სახელმწიფო სამსახურების რესურსების გააქტიურება ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არ გააჩნია ტერორიზმთან ბრძოლის საკუთარი, რეალურად ეფექტური სტრატეგია, მიზანშეწონილი იქნება , თუ ის ითანამშრომლებს უცხო ქვეყნის სპეც. სამსახურებთან მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

როგორც უვკე აღინიშნა, პანკისის ხეობა პოტენციურ ტერორისტთა რეკურიტირების არეალს წარმოადგენს , რის მიზეზადაც ხშირად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გარემო სახელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დაისახოს კონკრეტული სტრატეგია პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის, რაც შესაძლოა გამოიხატოს საგანმანათლებლო დაწესებულებების, ზრდასრულთა განათლების და ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობაში, ასევე ხეობაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში.  საგანმანათლებლო აქტივობების კუთხით აღსანიშნავია, რომ ახაგაზრდების იდეოლოგიზირებას ხელს უწყობს ტერორისტული ორგანიზაციების ინტერნეტ – პროპაგანდა, რაც ორმაგად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმის გამო, რომ სოციალური მედიის კონტროლი დიდ ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული პროპაგანდის აღკვეთა სახელმწიფოს მხრიდან დიდ ძალისხმევას საჭიროებს, მასთან ბრძოლის მექანიზმები არსებობს და მათი ამოქმედება უნდა დაჩქარდეს. მაგალითისთვის, ისლამური სახელმწიფოს და ზოგადად ტერორისტული საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ხელს შეუშლის ახალგაზრდების რადიკალიზაციას და უბიძგებს მათ რელიგიური დოგმების მცდარი ინტერპრეტაციებისკენ. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში კი ისინი შეწყვეტენ მძიმე სოციალური პირობებიდან თავის დაღწევის მიზნით დაეშის მებრძოლთა რიგებში გაერთიანებას.

ამგვარად, სახელმწიფოს მართებს კომპლექსური მიდგომა არსებული პრობლემის მიმართ, ვინადაინ საქართველოს ეთნიკური თუ გეოგრაფიული სპეციფიკა დაეშის გააქტიურების სავსებით გამართლებულ მოლოდინს აღძრავს. საქართველო კავკასიის რეგიონის ნაწილია, რომელიც თანდათან სულ უფრო აღრმავებს თანამშრომლობას ისლამურ სახელმწიფოსთან, ამ პირობებში კი შეუძლებელია არ განვჭვრიტოთ საფრთხეები, რომელიც საქართველოს დაემუქრება უშუალოდ ტერორისტული სახელმწიფოს მხრიდან.

, , , ,