12/06/2018 GIP

GIP კომენტარი: ხელშეკრულება “ღია ცის შესახებ’’ და რუსულ-ქართული დაპირისპირების მიზეზები

Author

მარიამ გრიგალაშვილი

მარიამ გრიგალაშვილი
  • რას წარმოდგენს “ღია ცის შესახებ” ხელშეკრულება?

საერთაშორისო პოლიტიკაში, მეზობელი ქვეყნის შესახებ სამხედრო სადაზვერვო მონაცემების ფლობა მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. სწორედ ამგვარი ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებისთვის, 1955 წელს, შეიარაღებაზე და პოტენციურ სამხედრო მოქმედებებზე ეჭვების გაფანტვისა და ურთიერთნდობის აღდგენის მიზნით წარმოიშვა იდეა ღია ცის შესახებ. იდეა აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა წარადგინა. თავდაპირველად ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ორმხრივ შეთანხმებას. თუმცა, ამერიკის ენთუზიაზმის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის უარის შედეგად, ხელშეკრულების დადება გადადო. 30 წლის შემდეგ, ჯორჯ ბუშის ინიციატივით, იდეა კვლავ განახლდა და 1992 წელს ჰელსინკში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას “ღია ცის შესახებ”, რომელიც ძალაში  2002 წელს შევიდა.

ხელშეკრულება წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს  ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ, სამხედრო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ და დაუყოვნებლივ განათავსონ შეგროვებული ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო ბაზაში (რომელზე წვდომაც ხელშეკრულების ყველა მონაწილე მხარეს აქვს). შეთანხმების ხელმომწერ 34 წევრ სახელმწიფოთა რიგებშია საქართველო და რუსეთის ფედერაცია. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ფრენების განხორციელებას წევრი ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც 10 კმ-ზე ნაკლებით არის დაშორებული ამ ქვეყნის საზღვრიდან ისეთ მესამე ქვეყანასთან, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე არ არის. სწორედ ეს დებულება გახდა  2010 წელს რუსეთის გადაწყვეტილების მიზეზი, აეკრძალა ხელშეკრულების დანარჩენი წევრი სახელმწიფოებისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ საზღვრებთან 10 კმ-ზე ნაკლებ დისტანციაზე მიახლოება,  რამაც 2012 წელს საქართველოს საპასუხო რეაქცია გამოიწვია.

2010 წელს, ხელშეკრულების გარშემო დაწყებული რუსულ-ქართული დაპირისპირება, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. რუსეთი აქტიურად ცდილობს ქართული მხარე დაადანაშაულოს ხელშეკრულების დარღვევაში და ბრალს სდებს,  ევროპული უსაფრთხოების ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების ჩაშლაში.

  • რას ედავება რუსეთი საქართველოს?

2010 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 2 წლის შემდეგ, მოსკოვმა აკრძალა ფრენები რუსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც 10კმ-ზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან, იმ არგუმენტით, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის  ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო (აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი) წარმოიშვა, რომლებიც არ არიან „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულების წევრები. 2010 წლიდან 2012 წლამდე საქართველო თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მოუწოდებდა რუსეთს დაბრუნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვან შესრულებას, რაზეც რუსეთის პასუხი ცალსახა უარი იყო. 2012 წელის 5 აპრილს, საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით აკრძალა რუსეთის სადამკვირვებლო ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში  და ასევე, განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში, საქართველოს სადამკვირვებლო ფრენების შეჩერების შესახებ. რუსეთი დღემდე ცდილობს საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, წარმოაჩინოს არა როგორც რუსეთის თვითნებურ მოქმედებებზე პასუხი, არამედ პირიქით, საქართველოს მიერ ხელშეკრულების უხეში დარღვევა. 

ხელშეკრულების გარშემო არსებული რუსულ-ქართული დავა კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს ევროპულ უსაფრთხოებაზე. არსებულ მდგომარეობაში ქართული მხარის ერთადერთი პოზიცია არა სტატუს ნეიტრალურ შეთანხმებაზე დათანხმება (ფრენების აღდგენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხეთ ოსეთის სტატუს ნეიტრალურით დაფიქსირება), არამედ პრინციპულად საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა წარმოდგენს, მითუმეტეს, რომ ხელშეკრულება რუსეთის ხელში არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც იგი  ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციას.

  • ხელშეკრულების ინტერპრეტაციის რუსული ნარატივი

დღესდღეობით, ხელშეკრულება “ღია ცის შესახებ” საერთაშორისო თანამშრომლობის ის ფორმატია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია, გარდა უმნიშვნელოვანესი სადაზვერვო ინფორმაციის მიღებისა, იყენებს ორი მიზნით: (1) წარმოაჩინოს საქართველო როგორც ხელშეკრულების დამრღვევი სახელმწიფო; (2) წინ წამოწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი. რუსეთის მიზანმიმართული ქმედების (მოახდინოს ხელშეკრულების პოლიტიზირება) ნათელი მაგალითია ქართული მხარის ორწლიანი (2010-დან 2012-მდე) ინტენსიური მუშაობის უშედეგო დასასრული. 2010 წლიდან მოყოლებული ოფიციალური თბილისი ცდილობდა დაეყოლიებინა რუსეთის ფედერაცია ხელშეკრულების შესრულებაზე. “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რეაგირება არ იყო ადეკვატური, საქართველო, მაინც იმედოვნებდა შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძიებას საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში და კეთილსინდისიერად აგრძელებდა რუსეთის მიმართ ხელშეკრულების შესრულებას. სამწუხაროდ, საქართველოს ძალისხმევამ – გამოესწორებინა ჩიხური ვითარება, არ გამოიღო დამაკმაყოფილებელი შედეგი”, ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში. შედეგად, 2012 წელს  საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საქართველო აღარ მიიღებდა თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით და არ განახორციელებდა სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ საქართველო დარჩა „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულების მონაწილე, ვალდებულების შესრულების პირობით ყველა სხვა წევრი ქვეყნის მიმართ. 

რუსული ნარატივი, რომელიც ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოჩენისკენაა მიმართული, ბოლო პერიოდში ფართოდ შუქდება რუსეთის მედია საშუალებების მიერ.  ამასთანავე, ოფიციალური მოსკოვი აქტიურად ითხოვს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების განხორციელების ნებართვას. ამის დასტურია (ა) ბოლო პერიოდში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ღია ცის საკონსულტაციო საბჭოს მიმართ, საქართველოზე ფრენების აღდგენის მიზნით,  და (ბ) მათ მიერვე რუსული მედიისთვის გაკეთებული მიმართვები, რომელშიც აქტიურად ადანაშაულებენ საქართველოს 2018 წლის ფრენების შესაძლო ჩაშლასთან დაკავშირებით.

  • რა დარღვევებზეა საუბარი ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით?

ბრიტანელი მკვლევარის თომას ფრეარის მიხედვით, საქართველოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების საფუძვლებს, რადგან ამ გადაწყვეტილებით საქართველო საკუთარი სამხედრო მიზნების შესახებ ეჭვებს აღძრავს რუსეთში. თუმცა, საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაბიჯი ემყარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, არ დაუშვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაფიქსირების პრეცედენტი საერთაშორისო ფორმატებში. სინამდვილეში, ის რაც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, სწორედ, რომ რუსეთის უდიერი დამოკიდებულებაა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი.

ხელშეკრულების გარშემო არსებული კრემლის ნარატივი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოების აღიარებიდან გამომდინარეობს. ბუნებრივია, საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ლოგიკური. საქართველო  აღნიშნულ ხელშეკრულებაში შესულია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, შესაბამისად აფხაზეთი, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი არ წარმოადგენს ხელშეკრულებისგან განცალკევებულ ტერიტორიებს, ამრიგად რუსეთის მოთხოვნა სადამკვირვებლო ფრენების დროს დაცული იყოს რუსეთის-აფხაზეთის და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ე.წ  საზღვარებთან 10 კილომეტრიანი დისტანცია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

ამასთანავე, ზოგიერთი დასავლელი მკვლევარის პოზიცია, რომ საქართველომ ნებისმიერ ფასად რუსეთის სადამკვირვებლო ფრენების დაშვებით დააკმაყოფილოს მისი პოლიტიკური მოთხოვნები სუსტადაა არგუმენტირებული, და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებთან.

  • რა უნდა იყოს საქართველოს  პოზიცია?

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელში რუსეთზე პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტები თითქოს არ არსებობს, საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით დაითანხმოს რუსეთი, დაუბრუნდეს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

არსებული რთული სიტუაციიდან გამოსავალი, საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზებაა. რუსეთს სადამკვირვებლო ფრენის განხორციელების შესახებ მოთხოვნაზე მუდმივად  უნდა ეთქვას უარი. ამასთანავე, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთისაგან უნდა მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულება პოლიტიზირებისა და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსთვის მხარდაჭერის შესუსტება და ამ საკითხში ნებისმიერი სახის დათმობა რუსეთის ფედერაციისთვის, მის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების ლეგიტიმაციას გაუსვამს ხაზს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ  საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგსაც.


მარიამ გრიგალაშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

, , , , , , , , , , , , , , , , , , ,