ნათია სახოკია | ELS ზუგდიდი
რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და უფლებების ცოდნა შშმ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის?
ინფორმაციის მიღება და გავრცელების უფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების გარანტირების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების სიმრავლე და მათი ძალისხმევის სიმრავლე, მკაფიოდ აჩვენებს ამ უფლების რეალიზების აქტუალობის პრინციპულ მნიშვნელობას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ ჰქონდეთ და ისარგებლონ სხვა ადამიანებთან ერთად თანაბარი პირობებით, სრულყოფილად ისარგებლონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ევროპის სოციალური ქარტიით და სხვა დადგენილებებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უზრუნველყოფს თითოეულ პიროვნებას, რომელთაც განსაკუთრებული საჭიროება აქვთ და ამავდროულად, უზრუნველყოფს მათი მშობლების ინფორმირებულობას თავიანთ უფლებებზე, საჭირო სერვისების მიღებასა თუ მოთხოვნებზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მტკიცედ სჯერა, რომ ,,თანაბარი უფლებები და თანასწორი შესაძლებლობები მდგრადი განვითარების საფუძველია“.
შშმ პირები და მათი მშობლები, როდესაც სათანადოდ არ არიან ინფორმირებულები მათთვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ საკითხებზე, ისინი ვერ სარგებლობენ არსებული სერვისებით. ამ მხრივ, მეტად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს განსაზღვრავს მათ უკეთეს მომავალს, რათა მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ წარმოადგინონ თავიანთი სპეციფიური საჭიროებები და ხედვები. ხშირად, შშმ პირებმა არ იციან საკუთარი უფლებები და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებ სხვადასხვა სერვისის მიღებას.
დღევანდელი საზოგადოების მხრიდან საჭიროა უფრო აქტიური ქმედებები, რომ შშმ პირებისა და მათი მშობლების ინფორმირებულობა გაიზარდოს. ეს ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელებას. დღეის მდგომარეობით, არაინფორმირებულობა კვლავ რჩება გამოწვევად, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც უფრო მეტი სოციალური პრობლემებია. არაინფორმირებულობამ და უფლებების არ ცოდნამ შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა პრობლემის წარმოქმნა. მაგალითად, სკოლაში ხშირად მშობლებს უწევთ გაკვეთილებზე დასწრება ან სპეცმასწავლებლების ,,გაკონტროლება” და ,,დახმარება“. საშუალოდ, სპეციალური საჭიროების მქონე ხუთ მოსწავლეზე ერთი სპეცმასწავლებელი მოდის. საკითხავია რამდენად ართმევს თავს ერთი ადამიანი ხუთ მოსწავლესთან საკმარისად მუშაობას და მათ სათანადო ხელშეწყობას საგაკვეთილო პროცესში? როგორია მათი და სხვა პედაგოგების კვალიფიკაცია და არიან თუ არა ჯეროვნად გადამზადებულები? რა როლი აქვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმის ხარისხის კონტროლის კუთხით? აუცილებელია, რომ ამ საკითხზე ბევრი ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია გადავხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რათა სკოლის კარი ყველასთვის ღია და ადაპტირებული იყოს.
ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი გარემო არაადაპტირებულია ინფორმაციის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, სკოლები სათანადოდ მზად არ არიან არც ფსიქოლოგიურად და არც შესაბამისი განათლებით. ხშირად, სკოლებში ვხვდებით სხვადასხვა დიაგნოზის დისკრიმინაციულ კონტექსტში გამოყენების ფაქტებს. მსგავსი შემთხვევები საკმარისია საიმისოდ, რომ გაჩნდეს ახალი სტერეოტიპები, დამკვიდრდეს არასწორი ტერმინები, გამყარდეს სტიგმა, და სხვა. მაგალითად, არასწორია ,,აუტიზმი“, ,,აუტიზმის სინდრომის მქონე“ და ა.შ. სწორი იქნება მათ ნაცვლად ,,აუტიზმის მქონე” გამოვიყენოთ, რადგანაც აუტიზმი დაავადება კი არა, არამედ მდგომარეობაა. ასევე, არასწორია ,,დაუნი“, არამედ ,,დაუნის სინდრომის მქონე“. ყველა მსგავსი პრობლემა არასწორად ინფორმირებულობის შედეგია. აქ, მნიშვნელოვანია მშობლის მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმაციის გაზრდა.
საქართველოში დღეს არსებული გარემო შშმ პირებისა და მათი მშობლების საჭიროებების მხრივ არ არის საკმარისად ადაპტირებული. მართალია, გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა, დისკრიმინაცია და სხვა სახის არაჯანსაღი დამოკიდებულებები. ეს მიანიშნებს ღონისძიებების არაეფექტურობას, არასრულფასოვნად შესრულებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ინკლუზიური განათლება სრულყოფილად არაა განვითარებული, არსებობს ინფორმაციის სიმცირე, საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს გააზრება, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორუფლებიანია, თავისი შესაძლებლობების მიუხედავად. ეს ის პრობლემებია, რომლებიც მოგვარებადია. თუმცა, საამისოდ იმაზე მეტი ღონისძიებებია გასატარებელი, ვიდრე გატარებულა ან ტარდება.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა მოხდეს ინფორმაციის სწორად მიწოდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვინც განსაკუთრებული საჭიროებების მქონენი არიან. მათ უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები და ის გზები, რომლებიც დაეხმარებათ საზოგადოებაში ინტეგრირებას. შემდგომი ეტაპი საზოგადოების დანარჩენ ნაწილზე უნდა იყოს მორგებული. უნდა მოხდეს მათი განათლების ამაღლება, დაიხვეწოს ადრეული ეტაპიდან ბავშვებისადმი ამ სახის ინფორმაციის მიწოდების მეთოდები და სხვა. ვთვლი, რომ ჯანსაღი საზოგადოება მომავალი კეთილდღეობის საწინდარია. საამისოდ კი, თითოეულმა ჩვენგანმა გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.