20/12/2022 GIP

გეოპოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში: ევროპეიზაციის პერსპექტივები და ენერგოპოლიტიკა

16 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუწია ვირტუალურ საჯარო დისკუსიას პოლიტიკის დოკუმენტების გარშემო „გეოპოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში: ევროპეიზაციის პერსპექტივები და ენერგოპოლიტიკა“.

პოლიტიკის დოკუმენტები მოამზადეს ახალგაზრდა მკვლევრებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებიდან. ნაშრომები ამ სახელმწიფოების პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივ გამოწვევებს ასახავს. საჯარო დისკუსია აკადემიკოსებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და პოლიტიკოსებს შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებების გარშემო დიალოგის წახალისებას  ისახავდა მიზნად.

დისკუსია შემდეგი ძირითადი შეკითხვების გარშემო წარიმართა:

  • რამდენად რეალისტურია იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური/უსაფრთხოების აქტორის ფუნქციას შეასრულებს?
  • რამდენად შეუძლია უკრაინასთან დაკავშირებულ სანქციებს „შუა დერეფნის“ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ფუნქციურ სატრანსპორტო გზად ჩამოყალიბება?
  • როგორ არის შესაძლებელი რუსეთსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის რეგიონული ჰეგემონიის დაბალანსება სომხეთის საგარეო პოლიტიკაში უკრაინის ომის შემდგომ პერიოდში?
  • რა როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ენერგოწყაროების დივერსიფიცირებისკენ სწრაფვის პროცესში?

ვირტუალური დისკუსიის ფარგლებში, ხუთმა მკვლევარმა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან წარადგინა პოლიტიკური დოკუმენტების საკვანძო მიგნებები და რეკომენდაციები როგორც სამხრეთ კავკასიის მთავრობების, ასევე ევროკავშირისა და სხვა დაინტერესებული აქტორების მიმართ. ღონისძიებაში დისკუსანტების როლში ასევე მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. დისკუსიის მიმდინარეობისას, ექსპერტებმა მოკლედ შეაფასეს წარდგენილი პრეზენტაციები და დამსწრე აუდიტორიას გააცნეს თავიანთი მოსაზრებები შესაბამის სფეროებში ბოლოდროინდელი მოვლენების, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე მათი გავლენისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც რეგიონში ახალი შესაძლო კონფიგურაციებით არის განპირობებული.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი” ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

 

, , , , , , , , , , , , , , , , , , ,