Author

08/02/2024 ნინო სამხარაძე

ინკლუზიური დემოკრატიის კრიზისი საქართველოში: “ცალმხრივი მოძრაობის“ წესები პარლამენტში

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-02-08 13:55:28

ეფექტიანი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. ოპოზიცია ძალაუფლების განაწილების ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია, რაც ევროპული სტანდარტების დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ფუნდამენტურ კრიტერიუმს წარმოადგენს. საქართველოში, ერთი შეხედვით, ეს საკითხი მმართველი პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგშიცაა: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ჩვენს პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად სჭირდება მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი“ (1TV.ge 2024). თუმცა, ამის საპირისპიროდ, საქართველოში პოლიტიკური კულტურის ტრადიციულ მახასიათებლად იქცა ოპოზიციური პარტიების მარგინალიზება სახელმწიფოს ეფექტიანი მართვისთვის საჭირო პოლიტიკისგან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში თავისი ბოლო საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, „საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ „ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა“ (ზურაბიშვილი 2024).

ეს მოცემულობა არ არის ექსკლუზიურად ოპოზიციური პარტიების პრობლემა. საერთო პერსპექტივაში, ოპოზიციური აზრის პოლიტიკური პროცესისგან მარგინალიზება უფრო ფართო ნაკლოვანებებთანაა დაკავშირებული და ძალაუფლების გაზიარების შესაძლებლობას, როგორც დემოკრატიის ძირითად პრინციპს, სრულად გამორიცხავს. ეს საგანგაშო ტენდენცია განსაკუთრებით კარგად ჩანს საქართველოს პარლამენტის მაგალითზე, სადაც ოპოზიციური აქტორების პოლიტიკური ხედვების შესახებ განხილვაც კი იშვიათად მიმდინარეობს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ გათვალისწინებაზე ქვეყნის მმართველობაში. შედეგად, ქართულ რეალობაში, ამომრჩეველი კარგავს რწმენას პარტიების მიმართ, ხოლო თავად პარტიები, ფაქტობრივად, უფუნქციოდ რჩებიან პარლამენტში. ეს კი პოლიტიკური გარემოს რადიკალიზაციის და, პერიოდულად, პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის წინაპირობა ხდება.

წარმოდგენილი პოლიტიკის მემორანდუმის ამოცანაა, საზოგადოებას შესთავაზოს დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიცია ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის და რა პრობლემების წინაშე დგანან ქართულ რეალობაში ოპოზიციური პარტიები ამ მიმართულებით. ნაშრომი ეყრდნობა სამაგიდე კვლევას, სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს მიმდინარე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური ინიციატივების შესახებ 2020-2023 წლებში, და სიღრმისეულ ინტერვიუებს ოპოზიციონერ დეპუტატებთან.

პოლიტიკის მემორანდუმი #72 | თებერვალი 2024

პუბლიკაცია მომზადდა „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ და „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ შეხედულებებს.

, , , , , , , , ,