2024 წლის 15 თებერვალს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს მმართველობის ინდექსი 2023-ის პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) ქვეყნის საქმიანობის კომპლექსური ანგარიშია მმართველობის ოთხ ძირითად სფეროში: დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა), სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები (ეფექტიანი მმართველობა), სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (სოციალურ–ეკონომიკური მმართველობა) და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა).
ქვეყნის 2023 წლის საქმიანობის შეფასების დოკუმენტი უკვე რიგით მესამე ინდექსია, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საზოგადოებას წარუდგინა. პრეზენტაციის მიზანი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება და საქართველოში მმართველობისა და დემოკრატიზაციის გამოწვევების შესახებ ფართო დისკუსიის გამართვა გახლდათ. ანგარიშის პრეზენტაცია მოიცავდა ძირითადი დასკვნების წარდგენას, რეკომენდაციების განხილვასა და ღია დისკუსიას აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში.
საქართველოს მმართველობის ინდექსის შესახებ
GGI მიზნად ისახავს გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და მმართველობის გამჭვირვალობა, ასევე, უზრუნველყოს პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ გამოხატონ თავიანთი პოზიცია და კონსტრუქციული წინადადებები შესთავაზონ ოფიციალურ მმართველობას. თავისმხრივ, GGI ღირებული ინსტრუმენტია საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებთათვის, რადგან ანგარიში უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და ცალსახად ქართულ პერსპექტივას ქვეყნის მართვასა და დემოკრატიზაციის პროცესებზე. ის ხაზს უსვამს როგორც არსებულ გამოწვევებს, ისე წარმატებულ რეფორმებსა და გაუმჯობესებულ სფეროებსაც.
მართალია, საქართველო მრავალი ინდექსის და რეიტინგის მსოფლიო თუ რეგიონულ ანალიზში გვხვდება, საქართველოს საქმიანობას ყოველწლიური სიღრმისეული კვლევა ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით და ქვეყანაზე ფოკუსირებით კვლავ მწირია. ქვეყანაში მოქმედ არცერთ ორგანიზაციას დღემდე არ უცდია ამის გაკეთება. GGI-ს ნაწილობრივ აქვს კვეთა საერთაშორისო ინდექსებთან როგორც მეთოდოლოგიის, ასევე ემპირიული თვალსაზრისით, მაგრამ ის ასევე გვთავაზობს ორიგინალურ, საქართველოს პრიზმიდან დანახულ ანალიზს და ინოვაციურ მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინდექსი საქართველოს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს საქართველოს საქმიანობას მულტიპროფილური კუთხით, რადგან არსებობდა მზარდი მოთხოვნა ამ საკითხზე სრულფასოვანი ადგილობრივი ანგარიშის შექმნის შესახებ.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით GGI ეყრდნობა კვლევის რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს და ეპისტემოლოგიას. შეფასების სისტემა ეფუძნება GGI ექსპერტთა გამოკითხვას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე 40-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობდა. რაოდენობრივი კვლევა შეივსო თვისებრივი ანალიზით, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდმა ჩაატარა.
ძირითადი მიგნებები
საქართველოს მმართველობის შეფასება 2023 წლის მანძილზე, გასულ წელთან შედარებით ოდნავ გაიზარდა (32,85-იდან 34,89-მდე), თუმცა კვლავ საშუალოზე დაბალი ნიშნულით. ქვეყნის მონაცემები ყველაზე მეტად შემცირდა საგარეო მმართველობის მიმართულებით და შედეგად, ინდექსის წარმოების მანძილზე პირველად, ოთხ შესაფასებელ კატეგორიას შორის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა (26,42 ქულით 100-იდან). დაბალია ქულები ეფექტიანი და სოციალურ-ეკონომიკური მმართველობების მიმართულებებითაც. თავის მხრივ, დემოკრატიულმა მმართველობამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და ინდექსის სათავეში მოექცა, თუმცა მისი ქულებიც საშუალოზე დაბალია (41,65).
მთლიანობაში, 2023 წლის GGI ანგარიშსა და ექსპერტთა გამოკითხვაში დომინირებს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხები, რაც არ არის გასაკვირი იმ მთავარი გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს გეოგრაფიულ სამეზობლოსა და ზოგადად, ევროპაში ვითარდება. წლის განსაკუთრებულ პოზიტიურ მოვლენად სახელდება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის მიერ. მეორე მხრივ, განსაკუთრებული წუხილები უკავშირდება რუსეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების მართვას და დასავლელ პარტნიორებსა და უკრაინასთან ურთიერთობების გაციებას. ინდექსი 2023-ის სრული დოკუმენტი შეიცავს დეტალურ ძირითად მიგნებებს, შედეგებსა და რეკომენდაციებს, რაც უზრუნველყოფს ერთგვარ საგზაო რუკას შემდგომი განვითარებისთვის, ქვეყნის მმართველობის ოთხივე ძირითადი მიმართულებით.