01/02/2023 GIP

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) 2022

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
01-02-2023

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) აანალიზებს და აფასებს საქართველოს, როგორც ქვეყნის, საქმიანობას მმართველობის ოთხი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა), სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა (ეფექტიანი მმართველობა), სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა) და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა). მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი ძირითადად საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებზეა ფოკუსირებული, ის სხვა აქტორების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ორგანიზაციების და საგარეო მოთამაშეების ანალიზსაც მოიცავს.

მართალია, საქართველო მრავალი ინდექსის და რეიტინგის მსოფლიო თუ რეგიონულ ანალიზში გვხვდება, საქართველოს საქმიანობას ყოველწლიური სიღრმისეული კვლევა ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით და ქვეყანაზე ფოკუსირებით კვლავ მწირია. ქვეყანაში მოქმედ არცერთ ორგანიზაციას დღემდე არ უცდია ამის გაკეთება. GGI-ს ნაწილობრივ აქვს კვეთა საერთაშორისო ინდექსებთან როგორც მეთოდოლოგიის, ასევე ემპირიული თვალსაზრისით, მაგრამ ის ასევე გვთავაზობს ორიგინალურ, საქართველოს პრიზმიდან დანახულ ანალიზს და ინოვაციურ მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინდექსი საქართველოს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს საქართველოს საქმიანობას მულტიპროფილური კუთხით, რადგან არსებობდა მზარდი მოთხოვნა ამ საკითხზე სრულფასოვანი ადგილობრივი ანგარიშის შექმნის შესახებ.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით GGI ეყრდნობა კვლევის რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს და ეპისტემოლოგიას. შეფასების სისტემა ეფუძნება GGI ექსპერტთა გამოკითხვას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე 40 ექსპერტი მონაწილეობდა. რაოდენობრივი კვლევა შეივსო თვისებრივი ანალიზით, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდმა ჩაატარა.

წინამდებარე ანგარიში GGI-ის რიგით მეორე გამოცემაა. პირველი გამოცემის მსგავსად, 2022 წლის ანგარიში, შედეგების მხრივ, ქვეყნის არასახარბიელო მდგომარეობას ასახავს. საქართველოს საქმიანობა საშუალოზე დაბალი შეფასებით ფასდება მმართველობის ოთხივე მიმართულებით. ქვეყნის მონაცემები განსაკუთრებით სუსტია დემოკრატიული მმართველობის კატეგორიაში, თუმცა დაბალია ქულები ეფექტიანი და საგარეო მმართველობების მიმართულებებითაც. თავის მხრივ, სოციალურ-ეკონომიკურმა მმართველობამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და ინდექსის სათავეში მოექცა, თუმცა მისი ქულებიც საშუალოზე დაბალია.

მთლიანობაში, 2022 წლის GGI ანგარიშსა და ექსპერტთა გამოკითხვაში დომინირებს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხები, რაც არ არის გასაკვირი იმ მთავარი გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს გეოგრაფიულ სამეზობლოსა და ზოგადად, ევროპაში ვითარდება. ეს მოიცავს რუსეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების მართვას და დასავლელ პარტნიორებსა და უკრაინასთან ურთიერთობების გაციებას.

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტის შინაარსი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და არცერთ შემთხვევაში არ ასახავს USAID-ის პოზიციას.

, , , , , , , , , , , , ,