Author

01/11/2024 ნინო სამხარაძე

საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური ადგილი არჩევნების შემდეგ: რამდენად ნაცრისფერია „ნაცრისფერი ზონა“?

Render of a chessboard decorated a map of the Middle East and with a chess piece decorated with the flag of Georgia marking that country's location.The Earth map is a public domain image from NASA's Visible Earth project: https://visibleearth.nasa.gov/view.php?id=73884

2024 წლის არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ადგილს. ამ ეტაპზე, ოფიციალური მონაცემებით, ერთპარტიული მმართველობისკენ მიდრეკილი ანტი-დასავლური „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობას მეოთხე ვადით ინარჩუნებს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების გაყალბების სხვადასხვა ტექნიკის გარეშე, ოპოზიციური პარტიები ჯამურად ამარცხებენ მმართველ პარტიას. თუმცა, ამ ლოგიკური დაშვების ფონზეც, მტკიცებულებების გარეშე, სახელმწიფოს მართვის ძალაუფლება, ჯერ-ჯერობით, „ქართული ოცნების“ ხელში რჩება.

მმართველი პარტიისთვის ბოლოდროინდელი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა კომფორტული სტრატეგია იყო – „ქართული ოცნება“ ცდილობდა, რომ შესუსტებული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პარალელურად, მოკავშირეები ეპოვა ისეთ ავტორიტარულ მოთამაშეებს შორის, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და ბელარუსი. რაც ყველაზე მთავარია, ამ მიდგომის ფარგლებში, დღის წესრიგში რჩება რუსეთთან ერთგვარი „ნორმალიზების“ პოლიტიკა, რაც მოსკოვთან უშუალო კავშირების (პირდაპირი ფრენების, უვიზო რეჟიმის, გაზრდილი მიგრაციის) გააქტიურებაში აისახა.

გამომდინარე იქიდან, რომ დასავლელი პარტნიორებისგან „ქართული ოცნების“ მიერ ოფიციალურად დაფიქსირებულ 54%-ს მყისიერი მილოცვები არ მოჰყოლია, მეტიც, ზოგიერთმა დასავლურმა სახელმწიფომ უკვე დააანონსა თანამშრომლობის შეჩერება, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველო დარჩება ერთგვარ „ნაცრისფერ ზონაში“, სადაც მას გამოკვეთილი მეგობრები არ ჰყავს.

ასეთ მოცემულობაში, კითხვის ნიშნის ქვეშაა, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რამდენად აქვს ქვეყანას სტრატეგიული ინტერესების მთავარ საფრთხეებთან გამკლავების რესურსი და პერსპექტივა.

 

რას ნიშნავს „ნაცრისფერი ზონა“ და რას მოუტანს ის „ქართული ოცნების“ საქართველოს?

რუსეთის უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემდეგ გეოპოლიტიკური გადალაგების კონტექსტში, დასავლეთი საქართველოს ერთგვარ „ნაცრისფერ ზონაში“ ხედავს: მართალია, ქვეყანა კვლავ იბრძვის რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლისთვის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის, თუმცა მან ჯერ ისევ მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს, რომელ ბანაკში იქნება ამ გადალაგების შედეგად. 2024 წლის დასაწყისში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიში ამბობდა, რომ „ნაცრისფერ ზონას“ სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვა შეფერილობები აქვს. როგორც ჩანს, 2024 წლის ბოლოსთვის, „ქართული ოცნების“ ახალი მმართველობის პირობებში, საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილი კიდევ უფრო მკვეთრად რუხი და გაურკვეველი იქნება.

„ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ერთგვარი მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა კომფორტის ზონაა, რომელშიც პარტია ახერხებს გამოკვეთილად პროევროპულ საზოგადოებაში, საკუთარი ანტიდასავლური ქმედებების პარალელურად, შეინარჩუნოს მხარდაჭერის გარკვეული მაჩვენებელი, თუნდაც, საზოგადოებრივ კვლევებში ნაჩვენები კლებადი კეთილგანწყობის ფონზე. ლოგიკური იქნება, თუ „ქართული ოცნება“ მმართველობის პირველ წლებში მაინც ამ კომფორტის ზონის შენარჩუნებას შეეცდება გლობალურად ჩამოყალიბებული ბანაკების გამოკვეთილად აურჩევლად ისე, რომ ძალაუფლებას განსაკუთრებული საფრთხე არ შეექმნას. თუმცა, სავარაუდოდ, კოლექტიური დასავლეთი საკუთარ ხედვებში საქართველოს ახალ ადგილს მიუჩენს, რაც, კონკრეტულად, სამი ძირითადი მიმართულებით უნდა იყოს საყურადღებო: საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება ბრიუსელში, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ფუნდამენტური გადახედვა ვაშინგტონში და საქართველოს ფაქტობრივ მოკავშირედ აღქმა მოსკოვში.

 

ევროინტეგრაციის შეჩერება

საქართველოს „ნაცრისფერ ზონაში“ შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ევროინტეგრაციის შეჩერება და ევროკავშირის, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის დაკარგვა. ეს განზომილება გამოიწვევს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატების გაქრობას. ევროკავშირი ინარჩუნებს მზერას საქართველოზე, შეინარჩუნებს აქტივობას გარკვეულ პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებასთან ან სხვა რეგიონულ საკითხებთან.

თუმცა, ფაქტია, რომ გაფართოების პროცესისგან ქვეყანა ვეღარც პრაქტიკულ სარგებელს ვეღარ მიიღებს (ფინანსური პაკეტების სახით) და აღარც დასავლური გეოპოლიტიკური ბანაკის ნაწილად განიხილება.

ბრალის საკუთარ თავზე მიღებისგან თავის დასაზღვევად, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა “ორი ევროკავშირის” – „ღირსეული“ და „უღირსი“ ევროკავშირის ცნება საზოგადოებაში, რაც სასარგებლო ინსტრუმენტია იმისთვის, რომ პარტიამ წარმატებით უგულებელყოს ბრიუსელის მხრიდან ანტიდემოკრატიული ქცევების კრიტიკა. ე.წ. “ღირსეული ევროკავშირის“ როლური მოდელი – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იყო პირველი ლიდერი, რომელიც არჩევნების შემდეგ ვიზიტით საქართველოს ეწვია. თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პოზიციით, ამ ვიზიტის ფარგლებში, ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. შესაბამისად, ბრიუსელის პოზიციონირება ამ ნაწილშიც ვერ ეხმარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ფორმალურად შეინარჩუნოს პოზიტიური პოლიტიკური კავშირები ევროკავშირთან.

 

დაანონსებული „გადატვირთვა“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან

საქართველოს „ნაცრისფერ ზონაში“ დარჩენას მკვეთრ ელფერს შესძენს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. განურჩევლად იმისა, როგორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება „ქართული ოცნების“ ახალ მთავრობასა და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას შორის, აშშ-ისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის ხისტი დაპირისპირების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრების ჩაშლაში აისახა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა ბუნდოვანია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც კი, მისი იზოლაციონისტური და „ქართული ოცნების“ მრავალვექტორული საგარეოპოლიტიკური ხედვები არ ქმნის იმის მოლოდინს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობები გაფართოვდება და, მაგალითისთვის, თავისუფალი ვაჭრობის დონეზე ავა, როგორც ეს ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას აქვს გაცხადებული. უფრო მეტიც, აქტიურად ამოქმედდება “მეგობარი აქტისა” და ქართველი ხალხის აქტის (GPA) ის პირობები, რომლებიც ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს შესაბამისი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის.

ამ ეტაპზე, ვაშინგტონს ცალსახა აღიარება „ქართული ოცნებისთვის“ არ მიუცია, რაც ენტონი ბლინკენის განცხადებაშიც კარგად გამოჩნდა.

ამ ფონზე, საქართველოსთვის ერთ-ერთ საყურადღებო საფრთხედ რჩება პარტნიორობის მასშტაბების მკვეთრად შემცირება, რაც აისახება არა მხოლოდ პერსონალურ სანქციებში, არამედ ისეთი ეროვნული პროგრამების შემცირება-შეწყვეტაში, როგორიცაა ფინანსური სამთავრობო დახმარებები ან სამხედრო წვრთნები.

შესაბამისად, აშშ-სთან ურთიერთობების ამ რეჟიმში „გადატვირთვა“, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობს, საქართველოს აკარგვინებს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს.

 

სტრატეგიული სიახლოვე რუსეთთან: გამბედაობა ახალი იდეებისთვის?

სცენარში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ახალი მმართველობის ფარგლებში „ნაცრისფერ ზონაში“ დარჩენა სურს, პარტიისთვის მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ე.წ. ნორმალიზების პოლიტიკის გაგრძელება, რაც, ბოლო წლებში, რუსეთთან დაახლოების სხვადასხვა პროცესებში აისახებოდა კიდეც. რუსეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ საარჩევნო შედეგებს მალევე მიესალმნენ ცნობილი პროპაგანდისტები, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ კრემლისთვის საკუთარ უკანა ეზოში „ქართული ოცნება“ კომფორტული მმართველობაა, რომელიც ჩრდილოეთს ახალ თავის ტკივილად არ ექცევა.

მაშინაც კი, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს რუსეთთან ისეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, როგორიცაა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობა, პარტიამ შეიძლება ლოიალურად შეხედოს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაამრავალფეროვნებს რუსეთთან თანამშრომლობების ფორმატებს. მაგალითისთვის, „ნაცრისფერ ზონაში“ დარჩენა ქართული ოცნების თბილისს მისცემს მეტ გამბედაობას, დისკუსია განაახლოს 3+3 ფორმატში ჩართვის შესახებ, და სულაც, პროპაგანდისტ დუგინისგან მიიღოს ისეთი ხმაურიანი შეთავაზება, როგორიცაა BRICS-ში გაწევრება. თავის მხრივ, პროცესების ეს განვითარება საქართველოს რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე მედეგობას შეასუსტებს, რაც „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტ ინსტრუმენტს მისცემს რუსეთის მიმართ ხელისუფლების კონფორმისტული მიდგომების გამართლებისთვის.

 

კომფორტის „ნაცრისფერი ზონა“ „ქართული ოცნების“ ახალი გეოპოლიტიკისთვის

იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო საბოლოოდ გადაინაცვლებს გეოპოლიტიკურ „ნაცრისფერ ზონაში“, სადაც ქვეყანას არ ჰყავს გამოკვეთილი მოკავშირეები, ეს შესაძლოა, „ქართული ოცნებისთვის“ კომფორტული სცენარი იყოს. თუმცა ასეთი ადგილი სახელმწიფოს ინტერესებს შიშვლად ტოვებს არაერთი რისკის წინაშე.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ იღებს მხარდაჭერას ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორებისგან, როგორიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. მათ გარეშე კი, ქვეყანა ვერ შეძლებს, წარმატებით შეინარჩუნოს მრავალვექტორულობა, რადგან შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, მას ამის ფუფუნება არ აქვს.

შესაბამისად, გეოპოლიტიკური ბანაკების საბოლოო ჩამოყალიბების პროცესში, არსებობს ძლიერი საფრთხე, რომ საქართველოს კიდევ უფრო ადვილად მიიზიდავენ ავტორიტარული მოთამაშეები, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყნის საკუთარ გავლენის სფეროდ ქცევით. შედეგად, თბილისი „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ იძულებული იქნება, მეტად დამოკიდებული გახდეს არასანდო არადემოკრატიულ პარტნიორებზე. ერთი შეხედვით, კომფორტული და უსაფრთხო მრავალვექტორული პოლიტიკის პირობებში, საქართველოს ამგვარი ახალი გეოპოლიტიკური ადგილი ქვეყანას დაუცველს დატოვებს უსაფრთხოების ზრდადი რისკებისა და ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე.

 

ბლოგი მომზადდა ნიდერლანდების რეგიონული პარტნიორობის ფონდის MATRA-ს მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობაში (EaP) რეგიონული თანამშრომლობისთვის. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა“ და „ნიდერლანდების რეგიონული პარტნიორობის ფონდის MATRA-ს“ შეხედულებებს.
, , , , , , , , , ,