რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის (ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი და ზაპოროჟიე) ანექსიამ სექტემბრის ბოლოს, მიმდინარე კონფლიქტი სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. თუ აქამდე სამხედრო მოქმედებები, კრემლის პერსპექტივიდან, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ახლა მათი აღქმით, კონფლიქტმა „რუსეთის საზღვრებში“ გადმოინაცვლა.
კრემლის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის საპასუხოდ, უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნით განაცხადი შეიტანა, რომელსაც ორი თვის თავზეც კი, არსებითი პროგრესი არ მოჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა და მისი შეიარაღება დიდ როლს თამაშობს უკრაინის წარმატებაში, კიევის ამ განაცხადის მიმართ შედარებით ამბივალენტური დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტორით, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობა ალიანსის სხვა ქვეყნების სამხედრო მოქმედებებში პირდაპირ ჩართვას გულისხმობს. მათი მონაწილეობა კი თავის მხრივ, მიმდინარე დაპირისპირებას გლობალურ მასშტაბებს შესძენს. იმის გათვალისწინებითაც, რომ ალიანსში ახალი წევრის მიღებას უკლებლივ ყველა სხვა წევრის მხარდაჭერა სჭირდება, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება ნაკლებ სავარაუდოა.
ეს ბლოგი მიმოიხილავს თუ რამდენად რეალისტურია ამ ეტაპზე უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით მიღება და თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ალიანსის ასეთი მასშტაბით რეგიონში ჩართულობას საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე.
ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრების პერსპექტივა უკრაინისთვის
მიუხედავად იმისა რომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით მიღების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატეს, პრაქტიკაში ამის განხორციელება შეიძლება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს. ახალი წევრის მიღება ყველა მოკავშირის კონსენსუსის საფუძველზე ხდება, რაც, როგორც ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე თურქეთისა და უნგრეთის პოზიციონირებით გამოჩნდა, არც ისე მარტივი მისაღწევია. იმავე ვიქტორ ორბანს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის მიმართ შედარებით ნაკლები ენთუზიაზმით გამოირჩევა, ამ პროცესის შეფერხება შეუძლია.
ნაკლებ სავარაუდოა ისიც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მსგავსი სცენარით განვითარდეს მოვლენები. მიუხედავად იმისა თუ რამდენად არაორდინალური და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო ეს ნაბიჯი, კანდიდატის სტატუსიდან სრულ წევრობამდე უკრაინას გრძელი გზა ექნება გასავლელი.
ის რომ ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის წევრობა დაჩქარებული წესით შესაძლოა ნაკლებად რეალისტური იყოს, დიდი ალბათობით კარგად ესმით კიევშიც. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტ ზელენსკის სტრატეგიის მიზანი შესაძლოა იყოს ამ ეტაპზე ალიანსის წევრობის გარეშე, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება.
ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა ჯერ კიდევ აგვისტოში, როდესაც ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იერმაკის ავტორობით გამოქვეყნდა „კიევის უსაფრთხოების შეთანხმება“. რამდენიმე გვერდიანი ანგარიში, რომელიც აღწერს თუ როგორი უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მანამ სანამ ის მიაღწევს ნატოს სრულფასოვან წევრობას. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია დასავლეთის ქვეყნებს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, პოლონეთი, იტალია, თურქეთი და ა.შ. იმისთვის რათა თავიდან იქნას აცილებული ბუდაპეშტის მემორანდუმისა[1] თუ მინსკის შეთანხმების[2] გამეორება.
უკრაინის პასუხი ესკალაციაზე
რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიების ანექსიასა და ომის „საკუთარ საზღვრებში“ გადმოტანას, გარკვეულწილად ხელ-ფეხს უხსნის რუსეთის ხელისუფლებას უფრო ეფექტურად მიმართოს სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსები ამ ომისკენ. პუტინმა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში ეკონომიკური მობილიზაცია.[3] აღსანიშნავია ისიც, რომ ანექსირებულ ტერიტორიებზე რუსული ძალების მარცხი და მიმდინარე უკან დახევა დიდი ხანია რუსი რადიკალების გაღიზიანებას იწვევს და კრემლის პროპაგანდისტები ხელისუფლებას კიდევ უფრო მასიური შეტევითი ოპერაციებისკენ მოუწოდებენ.
სწორედ რუსეთის მხრიდან ესკალაციის საპასუხოდ უნდა იქნას განხილული უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრებაზე განაცხადის გაკეთებაც. ოფიციალური კიევის ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ამ თემას საერთოდ აარიდა თავი და აქცენტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებებზე გააკეთა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი თავის მხრივ მიანიშნა ალიანსის ყველა წევრს შორის ამ საკითხზე კონსენსუსის საჭიროებაზე და რომ ახლა ფოკუსი უნდა იყოს მიმდინარე ომში უკრაინის გამარჯვებაზე.
აქედან გამომდინარე, უკრაინის მხრიდან ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრების შესახებ განაცხადი შეიძლება გაგებულ იქნას სწორედ ამ პერსპექტივითაც, თამასის აწევა, რომელზეც დასავლეთის მხრიდან დათმობა შეიძლება იყოს, მიუხედავად რუსეთის უარყოფითი რეაქციისა, კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა უკრაინა ნატოში დაჩქარებული ტემპით გაწევრებას, პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებით, ის დე ფაქტო უკვე ამ ორგანიზაციაშია. უფრო მეტიც, მილიარდობით დოლარის ფინანსურ და სამხედრო დახმარებასთან ერთად, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან, თავად ნატოც აქტიურადაა ჩართული ამ დახმარების კოორდინაციაში. ალიანსის გენერალური მდივინის ყოფილი მოადგილის სიტყვებით, ამ შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება ფაქტობრივად იმას ნიშნავს რომ ეს ქვეყანა უკვე არის, მისი წევრობის გარეშე, ამ ორგანიზაციის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ.
უკრაინის ალიანსის „დე ფაქტო“ წევრობა და საქართველო
ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ასეთი მასშტაბებით ჩართულობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ნატოს მედეგობაზე. ომის დასრულების შემდეგ უკრაინა აღმოსავლეთ ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცევა. კიევი, შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის ძირითად პლაცდარმად ჩამოყალიბდება. დიდი ალბათობით, უკრაინა იქცევა ამ რეგიონში ნატოს გაფართოების მთავარ გამტარად და ალიანსის ამ გეოგრაფიულ არეალში მედეგობის სტრატეგიის საყრდენად.
უკრაინაში მიმდინარე ომმა, რუსეთის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო კვლავ დააბრუნა დასავლეთის უსაფრთხოების სტრატეგიების ფოკუსში. მოვლენების ასეთი განვითარება კი ხელს შეუწყობს ნატოს წარმომადგენლობის აღმოსავლეთით გაზრდას, რასაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ არაფორმალური ვეტო ადევს. ამ ყოველივეს ფონზე, უცნაურად და კონტექსტიდან ამოვარდნილად ჩანს ნატოს კიდევ ერთი ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს პოზიცია. ის მნიშვნელოვანი როლი, რომლის თამაშიც ქვეყანას შეუძლია შავი ზღვის უსაფრთხოებაში ფაქტობრივად დაკარგული და აუთვისებელია. საქართველოსა და მისი მოკავშირეების ურთიერთობები თითქოს ინერციით ვითარდება და არ ითვალისწინებს რეგიონში მიმდინარე პარადიგმულ ცვლილებებს.
ამ მხრივ საყურადღებოა ისიც, რომ „კიევის უსაფრთხოების შეთანხმებაში“ საერთოდ არ არის საქართველო ნახსენები, მათ შორის არც შავი ზღვის აუზის ქვეყნების (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთის) კონტექსტში. საქართველოსთვის, რომლის გეოპოლიტიკური გამოწვევები თუ ევროატლანტიკური მომავალი პირდაპირაა გადაჯაჭვული კიევის წარმატებაზე, ამ მოვლენებიდან ამოვარდა განგაშის სიგნალი უნდა იყოს.
არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის მიმართ იქნება მთლიანად ფოკუსირებული უკრაინაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების კიევთან გაფუჭებული ურთიერთობები და სტრატეგიულ პარტნიორობაში გაჩენილი ბზარი თბილისისთვის დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის მიღმა დარჩენის საფრთხეს შეიცავს. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ უნდა შეძლოს უკრაინასთან ურთიერთობების გამოსწორება და რეგიონში სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტზე მორგებული პროაქტიული საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა აწარმოოს.
[1] 1994 წლის შეთანხმება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებზე, რომელსაც 2014 წლიდან უხეშად არღვევს ერთ-ერთი ხელმომწერი რუსეთის ფედერაცია
[2] 2014-2015 წლებში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების წარუმატებელი მოლაპარაკებები
[3] საომარ მდგომარეობაზე ერთი დონით დაბალი