21/01/2020 magda

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის საჯარო მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა

2020 წლის 21 იანვარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია მოხსენებით გამოვიდა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საჯარო მოსმენაზე, სადაც იგი ამავე კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა. 

საჯარო მოსმენა, რომელიც სათაურით „აღმოსავლეთ პარტნიორობა – განვითარების ხედვა 2020 წლის შემდეგ“ გაიმართა, მომავალ ათწლეულში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaP) განვითარების გზებს შეეხებოდა. სესიაზე, რომელიც ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვით გაიხსნა, ევროპარლამენტის წევრებმა ექსპერტებთან ერთად განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის მიღწევები და გამოწვევები როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე და იმსჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 წევრ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შემდეგომი განვითარების გზებზე.

კორნელი კაკაჩიამ თავის მოხსენებაში „რეგიონული პერსპექტივა და მიღწევები: სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“ ფართოდ მიმოიხილა აღნიშნულ სამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულში მიმდინარე პროცესები და ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, რეგიონული თანამშრომლობა და უსაფრთხოება. მოხსენება, ასევე, მოიცავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტიდან მიღებული ე.წ. „გაკვეთილების“ განხილვას და ამ „გაკვეთლებზე“ დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტური სამხრეთ კავკასიაში. ამავე პანელზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინული პრიზმის“ წარმომადგენელმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორიბის მიღწევებსა და გამოწვევებზე ბელორუსიაში, მოლდოვასა და უკრაინაში. მოსმენის დასასრულს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებმა ექსპერტებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ ათწლეულში განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მოსმენაზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება ევროპარლამენტის წევრებს 2020 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის დოკუმენტის მომზადებაში.

 

, , , ,